წულუკიანის უწყებამ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა

სულ ნახვები : 512
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

წულუკიანის ინფორმაციით, კონკურსი ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება, სწორედ ამიტომა მოხდა მისი სახელწოდების დაკავშირება ცნობილ ქართველ პოეტ ანა კალანდაძესთან. საკონკურსო ნაშრომების მიღება ყოველი წლის ივლისის თვეში გამოცხადდება, ძირითადი ნომინაციები იქნება ქალ მწერლებთან დაკავშირებული, თუმცა გარდა ამისა, იქნება კიდევ ერთი ნომინაცია, რომელში მონაწილეობა როგორც ქალ, ასევე მამაკაც ავტორებს შეეძლებათ, მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ნაწარმოები ქალის თემატიკას შეეხებოდეს. 

„კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები. 

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

• ქალი პროზაიკოსი – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;

• ქალი პოეტი – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;

• ქალი მთარგმნელი – საუკეთესო თარგმანისთვის;

• ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი.

თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით); კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი. ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის. 

პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა, ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით, მინისტრის მიერ ყოველწლიურად შეიქმნება ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია, ხუთი წევრის შემადგენლობით. 

წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ივლისიდან 22 აგვისტოს 12:00 საათამდე კულტურის სამინისტროში“, - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. 

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია ,,ანა“ მას შემდეგ დააარსა, რაც გასულ წელს თეა წულუკიანის მიერ პრემია ,,ლიტერაში“ შეტანილი გარკვეული ცვლილებების გამო, ავტორებმა და გამომცემლობებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა