მოზარდ მაყურებელთა თეატრში ლილი იოსელიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

სულ ნახვები : 493
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ლილი იოსელიანის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საღამო რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. დიდი დარბაზის ფოიეში გამოიფინა ლილი იოსელიანის მიერ შექმნილი ჩანახატები და პორტრეტები, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. ასევე მოეწყო პრეზენტაცია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტისა „ლილი იოსელიანი 100“. პროექტი მოიცავს ორ ნაწილს: ლილი იოსელიანის შესახებ შექმნილ წიგნ-ალბომს და დოკუმენტურ ფილმს.

„დიდ დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია წიგნი-ალბომისა „ლილი იოსელიანი“, რომლის ავტორია მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი და ლილი იოსელიანის სტუდენტი დიმიტრი ხვთისიაშვილი. წიგნ-ალბომში თავმოყრილია დიდი რეჟისორისა და პედაგოგის შესახებ წლების მანძილზე ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული წერილები, რეცენზიები, შემოქმედებითი პორტრეტები. აქვე პირველად ქვეყნდება ლილი იოსელიანის საზოგადოებისათვის უცნობი პიესა „ტყე-ღრეში“.

საიუბილეო საღამოზე ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის, „ლილი იოსელიანი“, პრემიერა. ფილმის რეჟისორები არიან ლაშა კოტრიკაძე და მანანა კვირკველია. ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფილმში არის უნიკალური კადრები, რომლებიც გადაღებულია სხვადასხვა დროს, მათ შორის - ლილი იოსელიანის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებშიც და იგი თავად საუბრობს თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, ფილმი სოციალური ქსელების საშუალებითაც ნახოს.

ლილი იოსელიანმა თავისი საქმიანობით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში. ერთ-ერთმა გამორჩეულმა რეჟისორმა, პედაგოგმა, პროფესორმა, აკადემიკოსმა და საქართველოს სახალხო არტისტმა გასული საუკუნის 40-იან წლებში საქმიანობა მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყო, სადაც ოთხი სპექტაკლი დადგა. ესენია: „ზღაპარი სიმართლეზე“, „ჩვენ გამოცდები გვაქვს“, „ზამთრის ზღაპარი“ და „მისი მეგობრები“. აღსანიშნავია, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის დღევანდელ შენობაში 1960-იან წლებში არსებობდა სანკულტურის თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი 1961-1963 წლებში სწორედ ქალბატონი ლილი იოსელიანი იყო. სხვადასხვა წლებში იგი იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი და გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ასევე, დგამდა სპექტაკლებს შოთა რუსთაველის სახელობის, რუსთავისა და ქუთაისის თეატრებში.

განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა მის მიერ დადგმულმა სპექტაკლებმა: „პიგმალიონი“, „რაიკომის მდივანი“, „ფსკერზე“, „ზვავი“, „აურზაური არაფრის გამო“, „ბებერი მეზურნეები“, „ირინეს ბედნიერება“, „მშვიდობის დღესასწაული“ და სხვა. იგი იყო შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. ლილი იოსელიანი პედაგოგიურ საქმიანობას 67 წლის განმავლობაში (1947-2014 წლებში) ეწეოდა.

მისი სტუდენტები იყვნენ: რეზო თავართქილაძე, მანუჩარ შერვაშიძე, ნინიკო საკანდელიძე, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ არჩვაძე, ბორის წიფურია, ზინა კვერენჩხილაძე, გიზო ჟორდანია, შალვა გაწერელია, რეზო მირცხულავა, რობერტ სტურუა, მედეა კუჭუხიძე, ანზორ ქუთათელაძე, გურანდა გაბუნია, აგრეთვე, ბელა მირიანაშვილი, გია ლეჟავა, რუსუდან კიკნაძე, რევაზ ჩხიკვიშვილი, რუსუდან ბოლქვაძე, ტრისტან სალარიძე, მარინა აბაშიძე, გია ბურჯანაძე, გოგა პიპინაშვილი, ნატო არჩვაძე, თამარ მამულაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, გია როინიშვილი, ბესო მეგრელიშვილი, დიმიტრი ხვთისიაშვილი, ნინო არსენიშვილი, მარიამ ჯოლოგუა, ნინო ლეჟავა, დავით ნიკოლაძე, კახა კინწურაშვილი და მრავალი სხვა. ლილი იოსელიანს თავიანთ პედაგოგად მიიჩნევდნენ მედეა ჯაფარიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, ელენე ყიფშიძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ედიშერ მაღალაშვილი და სხვები.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლილი იოსელიანის 100 წლის იუბილე თუმანიშვილის სახელობის თეატრშიც აღინიშნა. თეატრის სცენაზე ლილი იოსელიანის ჩაფიქრებული სპექტაკლი, ჰენრიკ იბსენის ,,ჯონ გაბრიელ ბორკმანი" დაიდგა, რომლის რეჟისორია ამერიკაში მცხოვრები რუმინელი რეჟისორი ადრიან გიურგეა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა