„მასწავლებელთა პროფკავშირები“ ხელისუფლების სამსახურში - რაზე ხუჭავს თვალს განათლების სამინისტრო
...
ფინანსური მაქინაციები განათლების სამინისტროს მფარველობის ქვეშ. სად მიდის მასწავლებლების მიერ, მათივე უფლებების დასაცავად „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის“ გადახდილი თანხები? რატომ არ არსებობს სკოლების პირველადი პროფორგანიზაციების დაფუძნების ოქმები სკოლაში, რომელთა საფუძველზეც უნდა იყოს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებები სკოლებთან და რომელთა საფუძველზეც უნდა ირიცხებოდეს საწევროების თანხები პროფკავშირის ანგარიშზე, ვინ არის მაია კობახიძე, რომელმაც 2007 წელს კომუნისტური ეპოქის სამართალმემკვიდრე პროფკავშირები „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ისე გადმოიბარა, რომ არ შეუმოწმებია გადმობარებული ორგანიზაციების რეალური ფინანსური მდგომარეობა.
სად გაქრა ფული, რომელსაც მასწავლებლები წლების განმავლობაში იხდიდნენ თავიანთი ხელფასებიდან და რატომ მფარველობს დანაშაულებრივ სქემას, რომელიც წინა ხელისუფლებებიდან იღებს სათავეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო?
აღნიშნული საკითხით CNews დაინტერესდა და გაარკვია, რომ ხელისუფლება „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ)“ თავისი გავლენების გასამყარებლად და გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციისთვის იყენებს, უფრო კონკრეტულად კი, სამინისტროს ხელთ არის დანაშაულებრივი სქემის არსებობის მტკიცებულებები, თუმცა ის ამ ყველაფერს არ ასაჯაროებს, რადგანაც „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ სახით, მას ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის მართვის, მასზე სასურველი, არაფორმალური ზეგავლენის მოხდენის და ამ სექტორში მისთვის საურველი ცვლილებების გატარების ლეგიტიმაციისთვის იყენებს.
„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ მოქმედი ხელმძღვანელის, მაია კობახიძის ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით CNews, თბილისის #24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე ესაუბრა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან 2023 წლის 28 დეკემბერს, მას შემდგომ გაათავისუფლეს, რაც „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირში“ სკოლიდან გადარიცხული და გადასარიცხი თანხების სამართლებრივი საფუძვლები მოითხოვა, როცა ისინი ვერ მიიღო, გადარიცხვები შეწყვიტა.
- ბატონო გიორგი, რამდენადაც ცნობილია თქვენი თანამდებობა სწორედ „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ საკითხს შეეწირა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე შეხება მომიწია იმასთან, რომ მასწავლებელთა მიერ გადახდილი საწევროები, სკოლიდან პროფკავშირის ანგარიშზე, ირიცხებოდა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. ეს ყველაფერი დაწყებული იყო სკოლაში ჩემს მისვლამდე, 2013 წლიდან. შემდგომ გარკვეული სახის კონფლიქტები თვითონ სკოლის პირველადი პროფორგანიზაციის შიგნით დაიწყო და რამდენადაც მე სკოლის დირექტორი ვიყავი, ამ საკითხებთან დაკავშირებულ, ჩემთან შემოსულ განცხადებებზე მომიწია რეაგირება. ეს ის პერიოდია, როდესაც სკოლები ხაზინიდან დაფინანსებაზე უნდა გადასულიყვნენ და ამ დროს აღმოჩნდა, რომ გადარიცხვების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. სკოლაში არ არსებობდა სკოლის პირველადი პროფორგანიზაციის დაფუძნების ოქმი, ანუ სკოლაში პირველადი ორგანიზაცია არ არსებობდა. აღარ მახსოვს, რამდენჯერ ვთხოვე პრეზიდენტ მაია კობახიძეს, რომ წარმოედგინათ ეს ოქმი ან მათი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი მაინც, მაგრამ უშედეგოდ. „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ წესდების თანახმად, სკოლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დამოუკიდებლად ფუძნდება და მერე მიმართავს ცენტრალურ ორგანიზაციას მასში გაერთიანების სურვილით, რის შემდეგაც სკოლის პირველადი პროფორგანიზაციის დაფუძნების ოქმი ტარდება რეგისტრაციაში და ამის შემდეგ ის ითვლება ამ ორგანიზაციის წევრად. ამდენად, პირველადი პროფორგანიზაციის დაფუძნების ოქმი სკოლის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს, ხოლო მისი ასლი ცენტრალურ ორგანიზაციას. მათ ასეთი დოკუმენტის წარმოდგენაზე უარი განაცხადეს და მიპასუხეს, რომ ამ დოკუმენტის მოთხოვნა პროფკავშირის შიდა საქმიანობაში ჩარევა იყო, რის შემდეგაც მე განვუმარტე, რომ მათთვის საწევროების თანხების გადარიცხვას ვეღარ შევძლებდი და გავაფრთხილე, რომ შევუწყვეტდი კოლექტიურ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ეს გადარიცხვები ხდებოდა. გაფრთხილებამ შედეგი ვერ მოიტანა და 2023 წლის მასში, როცა გადარიცხვების წარმოება უკვე ხაზინიდან მევალებოდა, ბრძანებით გავაუქმე კოლექტიური ხელშეკრულება სკოლაში ამ ორგანიზაციის არსებობის დაუდასტურებლობის გამო. ეს პუნქტი თვითონ კოლექტიურ ხელშეკრულებაშიც ფიქსირდებოდა და ამიტომ ხელშეკრულების გაუქმება სრულიად კანონიერი იყო. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თვითონ კოლექტიური ხელშეკრულებას სამოქალაქო კოდექსის რამდენიმე მუხლის და შრომის კოდექსის დარღვევით იყო შედგენილი რეალურად მისი ბათილობის მყარი საფუძველიც არსებობდა, რაც მოგვიანებით, ამ ხელშეკრულების იურიდიული ანალიზის შემდეგ გახდა ცნობილი. 2023 წლის მაისში ჩემს მიერ გამოცემულ ბრძანებას კოლექტიური ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით, 18 დანართი ერთვოდა მტკიცებულებად, იგი გატარებული იყო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში და სამინისტროსთვის ეს ყველაფერი ცნობილი იყო. საქმე იმაში გახლავთ, რომ დარღვევები, რომლებზეც მე მივუთითებდი, ყველა სხვა სკოლასთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას ეხებოდა და შესაბამისად ყველა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პროფკავშირს სკოლებიდან თანხები ერიცხებოდათ ბათილად უნდა გამოცხადებული, ხოლო მანამდე გადარიცხული თანხები უკანონოდ. პროფკავშირმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში, მე გავუგზავნე შესაგებელი. სარჩელის განხილვაში და ჩემს მიერ შესაგებლის შეტანაში, ჩემს ნდობით აღჭურვის პირს სამინისტროს იურისტი წარმოადგენდა. ამ პერიოდში მაია კობახიძემ ფეისბუქით დაიწყო N24 სკოლის და ჩემი ლანძღვა და სამინისტროში საჩივრების წერა, რადგან შესაგებლის მიღების შემდეგ დარწმუნდა, რომ სასამართლოს წააგებდა და უკანონო გამდიდრების, სისხლი სამართლის მუხლით მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფრთხე გარდაუვალი იყო. სამინისტრო სრულად იყო საქმის კურსში, მაგრამ პროცესებში მათი მონაწილეობა მაია კობახიძის საჩივრების განხილვით და მათ საფუძველზე ჩემთვის, უკანონოდ და უსამართლოდ, გაფრთხილებების გამოცხადებით შემოიფარგლებოდა.
შედეგად, სამინისტრომ უკანონოდ გამათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, ჩემს სამართალმემკვიდრეს N24 სკოლაში თავიდან გააფორმებინეს ახალი დაფუძნების ოქმი და კოლექტიური ხელშეკრულება და რაც ყველაზე მთავარია სარჩელი სასამართლოდან გაიტანეს რათა სასამართლოს არ გამოეტანა განაჩენი იმის თაობაზე, რომ კოლექტიური ხელშეკრულება უკანონო იყო და საწევროები უკანონოდ ირიცხებოდა, რაც ყველა სხვა სკოლაშიც იგივე სამართლებრივი მდგომარეობის და შედეგების დადგომის საფუძველი გახდებოდა. ამ ყველაფერს ღრმა ფესვები აქვს. საქართველოში, კომუნისტური ეპოქის სამართალმემკვიდრე ორი დიდი პროფკავშირი არსებობდა, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ მანანა კობახიძე და მანანა ღურჭუმელიძე. 2006 წელს, ნაციონალური მოძრაობის დროს, დიტო შავშიშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა დაიწყეს ახალი პროფკავშირების დაარსება, რაც კომუნისტური წარსულის მქონე, ძველების დაშლის დასაწყისი იყო. ამ პროცესებს შეიძლება ძალიან კარგი კარგი შედეგებიც მოეტანა სისტემის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ 2007 წელს ყველა ახალი პროფკავშირების აქტივობა უეცრად შეწყდა, ძველი პროფკავშირები გაერთიანდნენ მთლიანი, გაერთიანებული და ერთადერთი პროფკავშირის სათავეში მაია კობახიძე იქნა არჩეული. ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ყველასთვის ცნობილია, რომ ის ამ თანამდებობაზე გიგი უგულავას მეუღლის ახლობლობის გამო მაშინდელი პოლიტელიტის მხარდაჭერით აღმოჩნდა. თანამდებობაზე დანიშვნისას მას არც გადმობარებული ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობა გადაუმოწმებია, არც დოკუმენტაციის წესდებასთან თანხვედრა და რაც სხვა ის ფორმალობები, რომელთა წესრიგში ქონა მას როგორც წინა ორგანიზაციების სამართალმემკვიდრეს ევალებოდა და უკვე მისი პასუხისმგებლობის საკითხი იყო. მაია კობახიძეს არც მართვის გამოცდილება გააჩნდა და არც კომპეტენციები ჰქონდა საიმისო, რომ ორგანიზაციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები შეემოწმებინა. გარდა ამისა მან ეს პროფკავშირი თავისი კადრებით გადმოიბარა და არც ერთი ფუნქციონერი თავისი საქმიანობის უკანონობას არ დაუდასტურებდა. ამავე დროს მას სამინისტროს მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა და მისთვის ეს ყველაფერი დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ამიტომაც, ის მისივე სურვილით, იგივე უკანონობის მონაწილე გახდა, რომელსაც მანამდე ჰქონდა ადგილი და ამით სამინისტროსგან მართულობაზე სიამოვნებით დათანხმდა. „უპრავებს“ ყველაფერს და შემოსავლებიც აქვს, ხელფასების გაზრდასთან ერთად, სავარაუდოდ 700 000-მდე გაეზრდება ეს დაფინანსება მას.
- ანუ, ის რაც ხდებოდა „ნაციონალურ მოძრაობამდე“, შემდგომ გაგრძელდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც იგივე გრძელდება?
- დიახ, მაგრამ თუ უფრო ზუსტები ვიქნებით ის რაც მანამდე არსებობდა ნაციონალური მოძრაობის დროს დაიხვეწა და სამინისტროს სამსახურში ჩადგა, ხოლო ყველაზე მეტად ნაციონალური მოძრაობის შემდეგ ისარგებლა ყველაფერ ამით სამინისტრომ. ყველაზე მეტად კი ახლანდელმა მინისტრმა. პროფკავშირი ერთადერთი ორგანიზაციაა, თან დიდი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ევროსაბჭოს მოთხოვნის შესაბამისად, ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის დროიდან, სამინისტროს დარგობრივი შეთანხმება აქვს გაფორმებული მხოლოდ ამ პროფკავშირთან და მისი გადაწყვეტილებების დემოკრატიულობის ლეგიტიმაციას სამინისტროს გადაწყვეტილებებზე ამ პროფკავშირის ხელმოწერით „აპრავებს“, მაგრამ ეს ყველაფერი გადათარგმნილია სამინისტროს სასარგებლოდ იმით, რომ სისხლის სამართლის საქმით ჰყავთ დაჭერილი ეს მაია კობახიძე და მისი პროფკავშირი და რაზეც უნდათ აწერინებენ ხელს. მაგალითად ბოლო სახელფასო რეფორმაც გამოდგება. სამინისტრომ განაცხად, რომ სახელფასო დანამატების საბაზო ხელფასში გადატანა მასწავლებლების მოთხოვნა იყო. ეს მაია კობახიძემაც დაადასტურა და სავარაუდოდ ხელიც აქვს მოწერილი. ეს საკითხი კი ძირითადია რამაც მასწავლებლებში დიდ უკმაყოფილება გამოიწვია. ფაქტია, რომ მასწავლებლებისთვის რომ რამე ეკითხათ, ამ პასუხს ვერ მიიღებდნენ, მაგრამ მაია კობახიძემ მოუწერათ ხელი და ეს გადაწყვეტილება ლეგიტიმური გახადა. იგივე იქნებოდა ყველა სხვა გადაწყვეტილებებთან პორტფოლიოების შექმნის, კრედიტების ნაკლებობის გამო მასწავლებლების სკოლებიდან გაშვების და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ სცადეთ და ეს საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეთ. ვერ მიიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მისი გამოქვეყნების ვალდებულრბაც აქვს საჯარო ინფორმაციის გაცემისაც, ის ამას არ აკეთებს. მე ახალი პროფკავშირული ორგანიზაციის დამფუძნებელიც ვარ. ჩვენ მოვითხოვეთ სამინისტროს ეს საჯარო ინფორმაცია მაგრამ ვერ მივიღეთ. მივწერეთ პრემიერს აღნიშნულის თაობაზე და ველოდებით პასუხს. სამინისტრო სხვა მართულებითაც უწყობს ხელს მაია კობახიძეს.
- რაში გამოიხატება ხელშეწყობა?
- პროფკავშირს წესდებაში წერია, რომ მათი მთავარი ამოცანა თავიანთი წევრების ინტერესების ლობირება. მნიშვნელოვანი ისა, რომ წესდებაში არ არის საუბარი პროფესიულ ან/და კანონიერ ინტერესებზე. ამავე დროს კი გამოყენებულია ტერმინი „ლობირება“, რომელიც გამორიცხავს მიუკერძოებლობას, ობიექტურობას და ნეიტრალურობას სკოლის არაწევრი მასწავლებლების და თანამშრომლების მიმართ და ასეთი ორგანიზაცია, სამინისტროს მიერ, ჩასმულია მასწავლებელთა კვალიფიკაციის დადასტურების კომისიაში, სკოლაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე დასაქმების კომისიაში, სკოლების დისციპლინარულ კომიტეტებში, რომლების მასწავლებლების დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავენ და სამეურვეო საბჭოშიც, რომლებიც სკოლის დირექტორების დამსაქმებლებს წარმოადგენენ, შეუძლიათ მათთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და ამავე დროს, მასწავლებელზე დაკისრებული დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ დირექტორის ბრძანების გაუქმების უფლებაც აქვს. ანუ ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და ნეიტრალურობა ამ კომისიებში და სასკოლო ორგანოებში პროფკავშირის წესდებითვეა გამორიცხული. უარესი კი ის არის, რომ არაწევრ მასწავლებელი და დირექტორ წინასწარ არიან საქმის კურსში, რომ პროფკავშირის სურვილების დაკმაყოფილება სამინისტროსგანაა აღიარებული მისი ფორმალური თუ არაფორმალური სურვილების გათვალისწინება (ტერმინ „ლობირებიდან“ გამომდინარე) აუცილებელია. ამავე დროს მათ გავლენა აქვთ მასწავლებელთა მიერ პროფესიული კვალიფიკაციის დადასტურების პროცესზე და სკოლაში დასაქმებაზე მათი შესაბამის კომისიებში წარმოდგენის გამო, რაც ავტომატურად ხდება მასწავლებლების იძულების საფუძველი, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ, რომ შემდეგ, მათი სახელით, მხოლოდ მაია კობახიძემ შეძლოს სამინისტროსთვის მასწავლებლების იმ პოზიციის დაფიქსირება, რომელიც სამინისტროსთვისაა ხელსაყრელი. ეს ყველაფრის წევრების რაოდენობის ზრდასაც ემსახურება, რაც პროფკავშირის შემოსავლების ზრდასთანა პირდაპირაა დაკავშირებული, რომელიც ხელფასების ზრდის შემდეგ დაახლოებით 700 000 ლარი გახდება ყოველთვიურად. ამავე დროს, საქართველოს ორგანული კანონით პროფესიული კავშირების შესახებ პროფკავშირის ფინანსები არ იბეგრება და მათი ხარჯვის შემოწმების უფლება არავის აქვს. სად მიდის ამ თანხების ნაწილები, ვერავინ გაარკვევს. გონივრული ეჭვების საფუძველს კი ის ფაქტები იძლევა, რომლებზეც მე უკვე მოგახსენეთ.
- თქვენ თუ გქონდათ ამ საკითხზე კონტაქტი ვინმესთან?
- დიახ, მე მივწერე სამინისტროს, ესა და ეს დარღვევები არსებობს მეთქი. სამინისტრომ ჩემგან 300 გვერდზე მეტი დოკუმენტაცია წაიღო, რომელშიც იყო ყველაფერი და ყველაფერ ამის საფუძველზე თანამდებობიდან გამათავისუფლა პროფესიული კავშირების შესახებ კანონის დარღვევისთვის მაშინ, როცა მტკიცებულებები ჰქონდათ, რომ ეს ორგანიზაცია სკოლაში არ არსებობს და ეს საქმე სასამართლოშია განსახილველად. მიმაჩნია, სწორედ იმიტომ, რომ სასამართლოს პროფკავშირის შემოსავლების უკანონობა არ დაედასტურებინა და სამინისტროსა პროფკავშირის ერთობლივი არაფორმალური მართვაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდათ, მე უკანონოდ მაგრამ სასწრაფოდ გამათავისუფლეს იმ თანამდებობიდან რომელიც უფლებამოსილს მხდიდა ამ მიმართულების გადაწყვეტილებები მიმეღო. ჩემი გათავისუფლება გასაჩივრებული მაქვს სასამართლოში და მოვიგებ კიდეც. სამინისტროს განაცდურის ანაზღაურების და ჯარიმის გადახდაც დაეკისრება მაგრამ გადატვირთული სასამართლოების გამო პროცესი სავარაუდოდ გაიწელება და მერეც როცა ანაზღაურებას მივიღებ ჩემი უკან აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები არ იარსებებს რადგან თანამდებობაზე სხვა ადამიანი იქნება დანიშნული და სასამართლო მისი უფლებების დარღვევის ხარჯზე ჩემს უფლებებს ვერ აღადგენს და უკან ვერ დამაბრუნებს.
- რა ხდება ახლა, ამ პერიოდში?
- ახლაც, განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დროიდან, მხოლოდ მაია კობახიძის პროფკავშირთანაა გაფორმებული დარგობრივი შეთანხმება, ახალ პროფკავშირებთან სამინისტრო კომუნიკაციაშიც კი არ შედის, მალავს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს ჩემს მიერ ჩამოთვლილ პროცესებს, უკანონო და უსაფუძვლო კოლექტიური ხელშეკრულებებით ისევ გრძელდება სკოლების მხრიდან პროფკავშირის საწევროების გადარიცხვა, რომელთა ჯამი დიდი ალბათობით 700 000 ლარის ფარგლებშია და მისი ხარჯვა გასაიდუმლოებულია, ყველა ორგანოში ისევაა წარმოდგენილი მხოლოდ ეს პროფკავშირის გავლენების გასაძლიერებლად, რაც ხელს უწყობს მეტი მასწავლებლის გაწევრიანებას მათ რიგებში, რათა მაია კობახიძემ თავისი ხელმოწერით მასწავლებლების უფრო დიდი ნაწილის ნება გამოხატოს სამინისტროს გადაწყვეტილებებზე, რომლების საფუძველზეც სამინისტრო გამოყოფს საბიუჯეტო თანხებს და გრანტებს, ხოლო პროფკავშირს გაეზრდება შემოწმებას დაუქვემდებარებელი ფინანსური სახსრები. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ სქემაში არსად ჩანს მოსწავლის ინტერესები, რაც წესით მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს დარგში მოქმედი ყველა ორგანიზაციისთვის. ამიტომაც ბოლო ორი ათწლეულის ყველა კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში განათლების დონით პირველი რესპუბლიკა იყო, მოსწავლეებს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. ამ ფონზე კი სამინისტრო და მაია კობახიძის პროფკავშირის გეგმავენ და ახორციელებენ რეფორმებს, რომლებსაც ეფექტი მხოლოდ მათი განმახორციელებლების მიმართ აქვს და ისიც მხოლოდ ფინანსური.
CNews შეეცადა დაკავშირებოდა, „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ ხელმძღვანელს, მაია კობახიძეს, თუმცა ჩვენს ხელთ არსებულ მის პირად ტელეფონის ნომერზე, დარეკვა არ ხერხდება.
შესაბამისად კობახიძისთვის დასასმელი შეკითხვები:
სკოლების პირველადი პროფორგანიზაციების დაფუძნების ოქმების შესახებ, რომლებიც მათივე წესდებითაა გათვალისწინებული და რომელთა საფუძველზეც უნდა იყოს გაფორმებული ის კოლექტიური ხელშეკრულებები სკოლებთან, რომლის მეშვეობითაც ფულს სკოლები მას ურიცხავენ. „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ წინამორბედი ორგანიზაციების (მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირები) ფინანსური ნაწილი, მაშინ როდესაც „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“გახდა ამ ორგანიზაციების სამართალმემკვიდრე და მას ევალებოდა წინამორბედების თანხების მოძიება - პასუხგაუცემელი დარჩა.
ცნობისთვის, Cnews-ის მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით 2006 წელს, როდესაც მოხდა „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ ჩამოყალიბება, მას, როგორც სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას მემკვიდრეობით 678 695 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება და წინამორბედი ორგანიზაციების ანგარიშებზე არსებული 76 977 ლარი ერგო.
გიგა გელხვიიძე, Cnews