კახა კალაძე: შოთა საქართველოს ნაკრებისთვის კარგი მწვრთნელი იქნებოდა

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქალაქ თბილისის მერმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ კომენტარში აღნიშნა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძე კარგი კანდიდატურა იქნებოდა.

„ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, მაგრამ თავად უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, მისი უარი ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, შოთა ეროვნული გუნდისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა. ამასთან, ბევრი ძლიერი და წარმატებული ფეხბურთელი გვჭირდება. იმედია, ისინი იმ თამაშის ჩვენებას შეძლებენ, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

კალაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ძალიან მოსწონს.

„ძალიან სამწუხარო იყო წაგებები, რაც სექტემბერში ვნახეთ, მაგრამ ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო ის შესაძლებლობები, რაც ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ჰქონდა. ძალიან წარმატებული თამაშები ჩაატარეს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არის აღმავლობა და დაღმავლობა. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ძალიან მომწონს, რასაც აკეთებს. განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის განვითარებას ეთმობა, რომლის ყველაზე დიდი ნაკლებობაა. ეს მომდევნო წლების განმავლობაში, შედეგს გამოიღებს. იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ითამაშონ ისეთ მოედნებზე, როგორიც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან კარგ და დიდ შედეგს მოიტანს“, – დასძინა კალაძემ.

შეგახსენებთ, შოთა არველაძემ სექტემბერში ჩატარებული მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრები და მისი მწვრთნელი ვილი სანიოლი გააკრიტიკა, რასაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ორივე მხარემ ერთმანეთის მიმართ მკვახე განცხადებები გაცვალეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა