პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციოს დასკვნაზე 3 მოსამართლის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა - რა წერია დასკვნაში?

სულ ნახვები : 223
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაზე სამი მოსამართლის - ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა.

მოსამართლეები პირდაპირ წერენ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, წინამდებარე სამ სადავო შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დგინდება.

„ვთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ. უფრო მეტიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არც კი მიუთითებენ, რომ ხსენებულმა სამმა ვიზიტმა ან მის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა რომელიმე ქმედებამ საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესი დააზიანა ან/და განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო იყო. საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები მიუთითებდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული სხვა ვიზიტების შესაძლო უარყოფითი პოლიტიკური შედეგების შესახებ, რომელიც იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი არ გამხდარა. თუმცა, კონკრეტულად სადავო სამ ვიზიტთან მიმართებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოს კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ვინაიდან არ იცნობენ საუბრის შინაარსს, ვერ მიუთითებენ, რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებმა.

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაზიანდა. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის მიცემა, ფაქტობრივად, იმ მოტივით ხდება, რომ მან შეიძლება მომავალში საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას შეუშალოს ხელი. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს უქმნის პოლიტიკურ ხედვებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის დარღვევის მოტივით, შესაძლოა, გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან „არ ენდობიან“ მას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არ ითვალისწინებს ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის გამო. იმპიჩმენტის ინიციატორებმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეაგირება უნდა მოახდინონ უკვე მომხდარ ფაქტებზე და საქართველოს პრეზიდენტის ქმედება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შეაფასონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გასცდება უფლებამოსილების ფარგლებს, უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას ხელყოფს მთავრობის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციას, ან/და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვა ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად არ გამოკვეთილა რომელიმე ზემოხსენებული შემთხვევის არსებობა.

როგორც უკვე აღინიშნა, განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, წინამდებარე სამ სადავო შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დგინდება. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ პრეზიდენტის მიერ საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტის მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელება წარმოადგენს ქმედების საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის თვითკმარ საფუძველს, მან ასევე უნდა შეამოწმოს, რამდენად აღწევს დარღვევა სერიოზულობის იმ ხარისხს, რაც იმპიჩმენტის მიზნებისათვის „კონსტიტუციის დარღვევად“ ჩაითვლება და, მაშასადამე, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველს შექმნის. წინამდებარე თავი სწორედ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების ვარგისი საფუძვლის მსაზღვრელი კრიტერიუმების ანალიზს დაეთმობა“ , - ნათქვამია დასკვნაში. 

დასკვნა სრულად იხილეთ აქ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა