ისე, როგორც ირაკლი კობახიძე მოიქცა, იქცევიან მხოლოდ ბარბაროსული მენტალობის პოლიტიკოსები - რომან გოცირიძე

სულ ნახვები : 251
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისე, როგორც ირაკლი კობახიძე მოიქცა, იქცევიან მხოლოდ ბარბაროსული მენტალობის პოლიტიკოსები, - ამის  შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის  მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა  გვარამიას შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ   ქსელში  ეხმიანება.

„პარლამეტში ქალების მიმართ უკიდურესად უხამსი სიტყვების გამოყენენების გამო საზოგადოება სამართლიანმა აღშფოთებამ მოიცვა, მაგრამ თავისი მავნებლობის ხარისხით არანაკლებ მძიმეა ის, რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ ჩაიდინა ნიკა გვარამიას მიმართ. მან დამცინავად და სიძულვილით ისაუბრა მის აღიარებაზე, რომ გარკვეულ პერიოდში ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები.

ეს არის ისედეც სტიგმატიზებული სფეროს კიდევ უფრო დაზიანება. ყველა ადამიანი გმირია, განსაკუთრებით ჩვენს გაუთვითცნობიერებულ და აგრესიულ საზოგადოებაში, ვინც აღიარებს საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებს. ამით იგი ეხმარება სხვას, ათეულ ათასობით ადამიანს, მთელ საზოგადოებას. ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში. ისე, როგორც ირაკლი კობახიძე მოიქცა, იქცევიან მხოლოდ ბარბაროსული მენტალობის პოლიტიკოსები.

ამა თუ იმ ფორმით ფსიქიკური პრობლემები ყველას გვაწუხებს. მოსახლეობის 70 პროცენტს უძილობა აქვს და აქედან საკმაო ნაწილი იტანჯება. ესეც ფსიქიკური პრობლემაა. რამდენი ვართ ასეთები პარლამენტში? ადამიანებს აქვთ დეპრესია, შთოთვა, გუნება-განწყობილების ცვლილებები, შიშები ( თუნდაც სიმაღლის შიში ან ლიფტში მარტო შესვლის შიში), სხვადასხვა სახის აკვიატებები. რამდენჯერ მობრუნებულხართ უკან, რომ კიდევ ერთხელ შეგემოწმებინათ, გამორთეთ თუ არა გაზი, დაგრჩათ თუ არა უთო ჩართული, რამდენჯერ გქონიათ სურვილი გარეთ გასვლისა და ვერ წამომდგარხართ საწოლიდან, მიკროფონის ჩართვის შემდეგ რამდენს დაგსხმიათ ოფლი და შეგიგრძნიათ გაუცნობიერებელი შიშები, რამდენს გეშინიათ ფრენის ან რამდენჯერ გქონიათ სურვილი, რომ განრიდებოდეთ ხალხმრავალ ადგილებს. დასამშვიდებლად რამდენ ადამიანს დაგვილევია ფსიქოტროპული წამლები ( შეიძლება ბალახეული, რეცეპტის გარეშე რომ გაიცემა, მაგრამ ამას არ აქვს ახლა რაიმე მნიშვნელობა). გამოვიდეს ერთი ადამიანი პარლამენტში და თქვას, რომ მას არასდროს მიუღია ფსიქოტროპული წამალი. არ არსებობს ასეთი, ღრმად ვარ დარწმუნებული. ვინც ფსიქოტროპულ წამალს იღებს, მას ფსიქიკური პრობლემა აწუხებს და ასევე ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიან ისინიც, რომლებიც უწამლოდ მკურნალობენ თავს, მაგალითად, დადიან ფსიქოთერაპევტთან.

ჩვენ ყველანი ამა თუ იმ ფორმით ფსიქიკური პრობლემების მატარებლები ვართ.

ირაკლი კობახიძის წამოძახება ნიკა გვარამიაზე, მის მიერ გადატანილი ემოციური პრობლემის გამო, რომლის მიზანი პოლიტიკური ოპონენტის გაშავება იყო, არის უკიდურესად არაზნეობრივი, საზოგადოებისათვის სახიფათო და მედიცინის ამ ყველაზე დაკნინებული დარგისათის დიდი ზიანის მომტანი. მან შეურაცხოფა მიაყენა და დასცინა ასეულ ათასობით ჩვენს მოქალაქეს.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერებშიც აღმოჩნდებიან ადამიანი, რომლებიც დაგმობენ მის ამ საქციელს. რაც შეეხება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლების მომხრეებად მოიაზრებენ საკუთარ თავს, პროფესიული ეთიკა და ელემენტარული ზნეობრივი ნორმები ავალდებულებთ მათ ამოიღონ ხმა ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე“, - წერს რომან  გოცირიძე სოციალურ ქსელში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა