საქართველოს 18 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია

სულ ნახვები : 465
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა პორტუგალია 19:3 დაამარცხა და ტიტული ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.

საქართველოსთვის ეს ზედიზედ მერვე ფინალი იყო, 2018 წელს საფრანგეთთან 8:3 გამარჯვების შემდეგ კი, ჩვენს 18-წლამდელებს ტურნირზე თამაში არ წაუგიათ. პორტუგალიას ფინალში ზედიზედ მესამედ ვერკინეთ და წინა შემთხვევების მსგავსად გამარჯვება მოვიპოვეთ.

წინა წლებთან შედარებით წელს სხვაობა მცირე იყო, მაგრამ მატჩის მსვლელობისას გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დამდგარა. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები მთელი 70 წუთის განმავლობაში დომინირებდნენ და მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. საქართველომ ბურთზე კონტროლი დაამყარა, ფორვარდებმა 22-ში ფაზები აკინძეს, მერე ოვალი ხაზზე გავიდა და ტატო ბურთიკაშვილი ლელოში შევიდა. რთული პოზიციის მიუხედავად გიგი სირბილაძის გარდასახვა ზუსტი იყო. ტაიმის შუაში ფაზები კიდევ ერთხელ ავკინძეთ, პორტუგალიის დაცვა ამჯერადაც გატყდა და გუნდის კაპიტანმა ანდრო დვალმა მეორე ლელო გაიტანა. სირბილაძე ამჯერადაც ზუსტი იყო – 14:0.

ამის შემდეგ ინიციატივას პორტუგალია დაეუფლა, მაგრამ „უმცროსი ბორჯღალოსნები“ დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და მეორე ტაიმის მე-10 წუთზე მეტოქემ ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა. ამის შემდეგ ორივე გუნდს თითო ჯარიმა გაუცუდდა. მერე საქართველომ საკუთარი 22-იდან კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც მეტოქემ სახიფათო ბოჭვით შეაჩერა და სინბინით დაისაჯა.

დასკვნითმა წუთებმა უმცროსი ბორჯღალოსნების შეტევებში ჩაიარა. მიხეილ შიოშვილმა ოთხ მცველს გადაუარა, მაგრამ ლელოში ბურთი ჩაიხურა. საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე, მორკინალებმა ფაზები მორიგ ჯერზე აკინძეს, გიორგი სპანდერაშვილმა რაქიდან თავად შეუტია და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 19:3.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა