ოკუპირებული აფხაზეთის ციხეებში საგანგაშო მდგომარეობაა - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
...
ოკუპირებული აფხაზეთის ციხეებში საგანგაშო მდგომარეობაა, ინფორმაციას ამის შესახებ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო დამცველი ანგარიშზე დაყრდნობით „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.
ორგანიზაცია გავრცელებულ ინფორმაციაში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება გამოიჩინოს.
„ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო დამცველის ანას ქიშმარიას ანგარიშის მიხედვით, რომელიც მან აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს 14 მარტს წარუდგინა, აფხაზეთში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა საგანგაშოა. ანას ქიშმარიას განცხადებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებულ პირობებში სასჯელის მოხდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება, რაც პატიმრების ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება. სახალხო დამცველის განცხადებით, აღნიშნული ეწინააღმდეგება ჰუმანურობის პრინციპებს და ადამიანის ღირსების პატივისცემას.
აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საქართველოს არა ერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ან/და ელოდება სასამართლო გადაწყვეტილებას, მათ შორის, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები: ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე და ირაკლი ბებუა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ირაკლი ბებუას მდგომარეობა, რომლის ჯანმრთელობაც, ბოლო მონაცემებით, გაუარესებული იყო.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი:
მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ოკუპირებული აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით საერთაშორისო მონიტორინგის მისიების დასაშვებად“, - ნათქვამია განცხადებაში.