ბოლოს როდის განიხილეთ მოქალაქეების საკეთილდღეოდ კანონი? - ხაბეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტში ბოლოს როდის განიხილეთ მოქალაქეების საკეთილდღეოდ კანონი? ივანიშვილს რომ დასჭირდა კანონი, ხომ შემოიტანეთ, რათა თავისუფლად შემოიტანოს შავი ფული, მილიარდები, ისე რომ ერთი ლარი არ გადაიხადოს, - ამის შესახებ დღეს, 19 აპრილს ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ბიძინა ივანიშვილის მსახურები არიან.

„საქართველოს პარლამენტში ბოლოს როდის განიხილეთ მოქალაქისთვის საინტერესო კანონი, მოქალაქეს რომ შეეხებოდეს? ფარცხალაძეს, რომ დასჭირდა კანონი ხომ მიიღეთ, ფული რომ ეტრიალებინა. იგივე ივანიშვილს - კანონი შემოიტანეთ,რომ შავი ფული, მილიარდები უნდა შემოიტანოს ბიძინამ ისე, რომ ლარი გადასახადი არ გადაიხადოსო. მოსახლეობას ლამის ჯიბეში ჩაუძვრეთ, 300-400 ლარად რამეს, რომ გამოიწერს გადასახადებს ახდევინებთ - ეს რანაირია, რანაირი პარლამენტი ხართ, ვინ ხართ ვის ემსახურებით? თუ ბიძინა ივანიშვილის მსახურები არ ხართ, ხალხს ბოლოს როდის მოემსახურეთ?

ქალბატონო ირმა, მწვანეს რომ თითი მიაჭირეთ ბოლოს ამ კანონებში რომელი იყო საქართველოს მოქალაქისთვის საკეთილდღეო, გაიხსენეთ. ან გადასახადებთან დაკავშირებით, ან პროდუქტის გაძვირებასთან დაკავშირებით, ან ემიგრაციასთან დაკავშირებით, ან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ბოლოს როდის იმუშავეთ ხალხთან დაკავშირებით? დაღლილი გაქვთ ენაც, თითებიც, მოქმედებაც, მუშტებიც, ყველაფერი დაღლილი გაქვთ ივანიშვილის დასაცავად, რუსეთის ინტერესების დასაცავად. მიუხედავად ამისა მგონია, რომ მაინც არ გიფასებთ, ბიზნესმენები დღეს აქ არ არიან, მაგრამ ოფშორში მათაც აქვთ, მარტო ბიძინას უნდა შეეხოს, მარტო ბიძინამ უნდა წამოიღოს, ერთი ორი კაცის ინტერესი აქეთაც გაეთვალისწინებინა, ამათაც აქვთ ოფშორებში ბატონო ვახტანგ, 60%-70%, მაგრამ არა 100% თუ არ გაქვს ვერ შემოიტან მაგ ფულსო, მადაც არ გაგითვალისწინათ. ფიქრობს თვითონ, რომ დასანქცირდება ის ფული როგორ შემოიტანოს, როგორ აქციოს საქართველო კუნძულად, თორემ თქვენი ქონებაც ფეხებზე ჰკიდია. ყველამ ხელი ხომ აუწიეთ, ხომ არ გიკითხავთ არავის არაფერი, არიან კიდევ აქ ბიჭები ვისაც აქვთ ეს შავი ფული, იქნებ მათაც უნდათ.

რომ გითხრათ არ იცით რას აკეთებთ, მოგატყუებთ, საკმაოდ გონიერად გამოიყურებით, ეჭვის მაქვს ვერ გაარჩიოთ, მაგალითად ოლაფ შოლცმა, გერმანიის კანცლერმა რუსულ კანონზე თქვა, რომ დიდი იმედი გვაქვს არ მიიღებენო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა ეს კანონი საქართველოს ინტერესებში არ შედისო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ ხელმეორედ ინიცირებული, რომ არის ეს კანონი, ცუდია და აშორებს საქართველოს ევროპული გზისგანო, ბორელმა თქვა, რომ მოუწოდებს საქართველოს თავი შეიკავონ ასეთი კანონების მიღებისგან. ცივილიზებულ სამყაროში არ დარჩა არავინ, ვინც არ ამბობს, რომ ეს კანონი ცუდია ევროკავშირის გზაზე.

თქვენ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს ხელისუფლება და უმრავლესობა არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზეა საუბარი და ევროკავშირზე ამბობთ უარს, ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ თქვენ არ გინდათ ევროკავშირი.

 სხვათა შორის რატომ ჩხუბობთ ხოლმე , გადასარევი შვილები გყავთ როდესაც საუბარია იმაზე, რომ „კი ევროპას“ აქციაზე დგანან, რა განერვიულებთ? გადასარევი თაობა მოდის, თქვენგან განსხვავებით, ძალიან ბევრია ასეთი მათ შორის საჯარო სამსახურში. თქვენს ოჯახის წევრებსაც არ უნდათ, რომ რუსეთის გუბერნია გახდეს ეს ქვეყანა, მაგრამ კორუფციულად მიტანილი ფული უნდათ მე დარწმუნებული ვარ. ოპოზიციის ხმის გაგონება არ გინდათ, ევროპარლამენტარების ხმის გაგონება არ გინდათ. ილიან თოფურიათი ხომ ამაყობს მთელი საქართველო, ხომ ვამაყობთ ყველა, თქვენც ხომ ამაყობთ? ა – „მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ.“- ამბობს ილია თოფურია.  არ გესმით ევროპარლამენტარების, არ გესმით დასავლეთის, იქნებ ცნობილი სპორტსმენების გაიგოთ, ხომ გაგიხარდათ მათი წარმატება, ეს ხომ საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები არიან.

ასევე შოთა არველაძე - „ არ არსებობს შემთხვევა როდესაც ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდეს მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყოს სასარგებლო“.

არ ვიცი ვინ უნდა გითხრათ - მოცეკვავეებმა, მსახიობებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, ჩვენმა პარტნიორებმა, მაგრამ თქვენ მაინც თქვენს ხასიათზე მიაჭენებთ.

ბოლო პროპაგანდაზეც უნდა გავცე პასუხი, მთელი უმრავლესობა ჯღავით თურმე ეკლესიას ებრძვის, ვაი მართლა თქვენ უბედურებო, თუ ვინმეს ეკლესიისთვის უბრძოლია, ქართული ეკლესიისთვის უბრძოლია და ცუდი გაუკეთებია ეს არის რუსეთი, თუ სადმე რამე ფრესკა წაუშლიათ ეს არის საბჭოთა რუსეთი და თუ სადმე რამე აღდგენილა ამ ქვეყანაში ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ეკლესია-მონასტრები, ეს არის სწორედ დასავლური და ევროპული ფული.

თქვენ გინდათ, რომ ქართველ ხალხს გამოულაყოთ ტვინი, ვერ შეცვლით ისტორიას, ვერ გადაწერთ ისტორიას და ქართველი ხალხი აუცილებლად გაგიშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე.“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა