როგორ შეიქმნა ბრენდი „ANASTASIA“ – 13 წლის დიზაინერის ბრჭყვიალა კარიერა

სულ ნახვები : 690
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში არსებული ტანსაცმლის ბრენდების გვერდით უკვე რამდენიმე წელია, კიდევ ერთი გამოკვეთილი და კაშკაშა სახელი „ANASTASIA“ გამოჩნდა.

ბრენდი, რომელიც ძალიან ხშირად ჩანს მსოფლიოს მოდის კვირეულზე  და ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს 13 წლის ახალგაზრდა მოდელის, ანასტასია ბაკურაძის მიერ შეიქმნა.

ანასტასია ბაკურაძემ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამოდელო კარიერა, სამოდელო სააგენტო „კატრინში“ 2 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ ასაკიდან დგას ის სცენაზე და თითქმის თვეში ერთხელ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მოგზაურობს საქართველოს საზღვრებს გარეთ, სადაც მას იცნობენ, უყვართ და იწვევენ.

CNews-მა გადაწყვიტა ანასტასია უფრო ახლო რაკურსით გააცნოს მკითხველს და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- როდის გააცნობიერე, რომ  მოდის სამყარო ეს არის ის, რაც შენია - პირველი შეხება სამოდელო სფეროსთან?

- პირველ რიგში მოგესალმები, ვიდრე ინტერვიუს დავიწყებდეთ მადლობა მინდა გადავუხადო უფალს , ჩემს დედიკოს, ოჯახს, თქვენ და თითოეულ იმ ადამიანს ვინც პატარა მარცვალი ჩადო ჩემს წარმატებაში.

უამრავი ჩემზე ნიჭიერი ბავშვია ირგვლივ თუმცა, მე მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება მსოფლიოს მასშტაბით 2 წლიდან მიმეღო მონაწილეობა  სხვადასხვა სამოდელო კონკურსებზე, მოდის კვირეულებზე და ფესტივალებზე.

ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება მომცა და რაც მთავარია მყავს უამრავი კარგი ნაცნობი, მეგობარი, სხვადასხვა ქვეყანაში

როგორც დედა მეუბნება ერთი წლის და 3 თვის ვიყავი როდესაც, მის მიერ ჩატარებულ სამოდელო კონკურსზე ,,Best Model of Georgia“ სტუმრებს შორის ამოვარჩიე კრისტი ყიფშიძე, ხელი ჩავკიდე და მასთან ერთად გავედი პოდიუმზე.

პოდიუმზე თავს ვგრძნობ როგორც ჩიტი ცაში და თევზი წყალში (იცინის). როდესაც სცენაზე ვარ, მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს, ვიმუშაო მაყურებელზე და  კამერებზე.

ყოფილა შემთხვევა ყური მტკიოდა, კულისებში ვტიროდი, მაგრამ ეს სცენაზე არ შევიმჩნიე.  ეს სფერო ისე ძალიან მიყვარს, კონკრეტულ დროს ვერ გეტყვით, თუმცა რაც უფრო ვიზრდები, მით მეტად ვითავისებ რომ ეს ყველაფერი ჩემია და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რაც მეტი კამერაა და ბევრი მაყურებელი მით უფრო მსიამოვნებს მათ წინაშე გამოსვლა.

დედა  მის მიერ ჩატარებულ სამოდელო კონკურსზე, თუ ფესტივალზე, არასოდეს არ მაღებინებს მონაწილეობას, როგორც კონკურსანტს, რადგანაც თვლის, რომ როდესაც დედა არის ორგანიზატორი და შვილი კონკურსანტი არ არის ლამაზი, დედას ღონისძიებებზე ან მოდელი ვარ, ან ვმღერი (იცინის).

2 წლის და 8 თვის ვიყავი,  პირველად თურქეთში საერთაშორისო სამოდელო ფესტივალზე, რომ მივიღე მონაწილეობა. ,,პრინცესა“ გავხდი, ბრენდი „Ozmo“-ს სახე და ჟიურის რჩეული. ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი .

ახლაც იხსენებს კონკურსის პრეზიდენტი სვეტლანა შოპოვა, კონკურსანტი იმღერებდა - მეც მინდოდა და ვმღეროდი, იცეკვებდა - მეც ვცეკვავდი, ანუ დამატებითაც ვაკეთებდი ყველაფერს, ალბათ პირველობა სცენაზე დაბადებიდან მინდოდა და ვფიქრობდი რომ მეც არავის ჩამოვრჩენილიყავი.

- ბენდი „ანასტასია“ ძალიან მალე გახდა ჟღერადი - დღეს ყველამ იცის მის შესახებ და ადევნებს თვალს სიახლეებს - როდის დაიბადა იდეა, რომ შეგექმნა შენი ტანსაცმლის ხაზი?

- პატარა რომ ვიყავი პრინცესების კაბებს ვხატავდი, დედიკოს მეგობარი მსოფლიო მოდის ერთ - ერთი წამყვანი დიზაინერი, რომელიც ძალიან მიყვარს ფატუნა, სულ გვეუბნებოდა რომ კოლექცია გაგვეკეთებინა.  პანდემიის დროს როდესაც სამი თვე თითქმის სახლში ვისხედით, დედამ აიღო ჩემი ნახატები, ცოტა კორექტირებაც შეიტანა და შევქმენით პირველი კოლექცია „სამეფო კარის მეჯლისი, სტუმრად გრაფ დრაკულასთან“, შემდეგ ვან დე კამპმა გაგვიკეთა ფოტოსესია და დედამ განათავსა ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში. ამის შემდგომ მიგვიწვიეს დუბაიში საერთაშორისო მოდის კვირეულზე, სადაც 30 მდე დიზაინერი იღებდა მონაწილეობა, როდესაც ჩვენი ჩვენება დამთავრდა მე და დედა ბანერთან უცხოურ პრესას და ტელევიზიებს ინტერვიუს ვაძლევდით, ამ დროს გვთხოვეს რომ ისევ დარბაზში უნდა დავბრუნებულიყავით, შევედით და დაიწყო რამდენიმე დიზაინერის დაჯილდოება. დედას გავხედე და ვუთხრი „ჩვენ რომ ვერ გავიმარჯვოთ, ხომ არ გეწყინებათქო“ ამ დროს კი სცენიდან ისმის: ,,საუკეთესო ზღაპრული კოლექცია და წლის ახალგაზრდა დიზაინერი, ბრენდი ,, Anastasia“ მე და დედა მოკრძალებით ავედით სცენაზე, ამ სიტყვებით -  „მადლობა, ეს ჰობია, ჩვენ არ ვართ დიზაინერები“ ერთ ერთმა მოდის კრიტიკოსმა კი გვიპასუხა: ,,არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ გააგრძელეთ, ძალიან მოგვწონსო“. ჰოდა მესამე წელია უკვე ვაგრძელებთ: პარიზში, მილანში, რუმინეთში, მონაკოში, კანში, ესპანეთში, თურქეთში, უყვართ და ითხოვენ ჩემს ბრენდს, ეს უფრო მეტად გვაძლევს სტიმულს რომ გავაგრძელოთ საქმიანობა. დროთა განმავლობაში უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა მიჩნდება და დედას ვთხოვე რომ ტანსაცმლის დიზაინი, მოდელირება ვისწავლო. ახლა კი ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჰობია, თუმცა სამომავლოდ რა და როგორ დამჭირდება არ ვიცი და ამიტომ მინდა ვისწავლო.

- ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკოსი, რომლის აზრსაც აუცილებლად ითვალისწინებ?

- ყველაზე დიდი კრიტიკოსი არის დედა. ის ამ სფეროში მოღვაწეობს მსოფლიოს მასშტაბით. თავისი საქმის პროფესიონალია და მე მის აზრს ვითვალისწინებ. თან ისეთი ადამიანია ,,მეპურემ უნდა აცხოს პურიო“ ამ დევიზით, რომ ცხოვრობს.

- რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდით ყველასთვის საოცნებო კანის კინოფესტივალზე - როგორ აღმოჩნდა ბრენდი „ანასტასია“ კანში?

- უკვე მესამე წელია, მიწვეული ვარ როგორც მოდელი და ახალგაზრდა დიზაინერი, მონაკოში ,,ტიფანის მოდის კვირეულზე“,  რომელიც კანის კინოფესტივალის ფარგლებში იმართება, წელს 15 სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ჩემი ბრენდი ,,Anastasia“. ასევე, წელს დედამ უნიჭიერესი მომღერლის ნინი შერმადინის სიმღერები გაუგზავნა ტიფანის , სიამოვნებით მიიწვიეს ნინი და მან გახსნა მოდის კვირეული მონაკოში.

ჩემმა კოლექციამ კიდევ ერთხელ დაიმსახურა მოწონება. ქართულად ისმოდა ,,დიდი მადლობა საქართველო, დიდი მადლობა ანასტასია“ - სამოდელო სააგენტო კატრინის მოდელები - იონნა შერვაშიძე, ნუცა გრიგალაშვილი, ლუსი ოქროპირიძე, მარიამ ზურაბიშვილი , რუმინელი, ფრანგი და აფრიკელი მოდელები იყვნენ ჩართულო ჩემი კოლექციის ჩვენების დროს.

ამ პერიოდში იქ უამრავი ცნობადი სახეა, შეიძლება კანის კინოფესტივალზე გვერდით სრულიად შემთხვევით შეეჯახო ადამიანებს რომლებიც მხოლოდ ტელევიზიით გყავს ნანახი. 11 წლის ვიყავი როდესაც ერთ- ერთი საერთაშორისო მოდის კვირეულის დამფუძნებელმა პარიზში, რექს ფერნანდომ დამპატიჟა წითელ ხალიჩაზე  კანის კინოფესტივალზე დედასთან ერთად, ნუ ეს საოცარი განცდა იყო, ამდენი ვარსკვლავის გვერდით მე, 11 წლის ბავშვი მივიწევდი წინ  (იცინის), ახლა კი უკვე სამი წელია სიამოვნებით ვსტუმრობ წითელ ხალიჩას, სხვადასხვა ქვეყნის პავილიონებს. 

რაც უფრო ვიზრდები მით მეტად ვიაზრებ ამ ყველაფერს, მადლობა დედას, რომ მან ჩემი თავი გააცნო ამა თუ იმ პროდიუსერს, თორემ სახლში ვინ მომაკითხავდა? რაც არ უნდა ძლიერი იყო ნებისმიერ სფეროში, თუ ხელშეწყობა არ გექნება მაინც ვერაფერს ვერ მიაღწევ, მაგრამ იცით რა მომწონს დედაჩემის? აი ერთ მაგალითს მოვიყვან: წელს კანის კინოფესტივალზე, საქართველოს პავილიონიდან ერთ- ერთი ფილმის პრემიერაზე მივიჩქაროდით, უცებ ერთი ქალბატონი გვაჩერებს და გვეუბნება რომ ინდოეთის პავილიონში ფილმის პრემიერა და განხილვა იწყება და სჭირდებათ თინეიჯერი გოგონა, რომელიც არ იქნება ინდოელი. დედამ უპასუხა: აქ 9 გოგონა არის, ყველა ჩემი შვილია ( კატრინელებს ესე მოიხსენიებს დედა) და თავად აარჩიეთ რომელიც გინდათო, მე დამადო ხელი იმ ქალბატონმა, ნახევარი საათი მქონდა აქტივობა და ჰონორარიც გადამიხადეს, ანუ ამით იმის თქმა მინდა,  რომ დედაჩემი არასოდეს არავის არ ეტყვის ,,ანასტასია ჩემი შვილია და ის ჩასვითო“,  პირიქით თუ ვინმე საზღვრებს გარეთ მიწვევს, დედა სულ ცდილობს რომ არა მარტო მე, არამედ კატრინელები ჩასვას ყველგან, სულ ამბობს: ჩემს მოსწავლეებზე სულ ვიბრძოლებ კონკურსებზე, ხოლო მე როდესაც მონაწილე ვარ ჟიურიშიც კი არ ჯდება. არის სამოდელო კონკურსები, რომელიც მოგებული მაქვს, ჟიურის რამდენიმე წევრი იცნობს დედას, არის ისეთი სადაც არ იცნობენ, ეს მეორე ვარიანტი შინაგანად უფრო მიხარია, რადგანაც ცოტა მაქვს ის კომპლექსი, რომ ვინმემ არ თქვას ,,დედამისი ამ სფეროშია და ამიტომ გაიმარჯვაო“  (უფრო საქართველოში სამწუხაროდ , თორემ საზღვრებს გარეთ უამრავი ნაციონალური დირექტორის შვილი იღებს მონაწილეობას ხოლმე ჩემთან ერთად სამოდელო კონკურსებზე და ესე რომ რიგდებოდეს გამარჯვება მაშინ ყველას მოგვცემდნენ).

- ცნობილია ისიც, რომ თქვენ ხართ პირველები, რომლებიც „fashion tv“-ის ობიექტივში მოხვდნენ - მოგვიყევი ამის შესახებ.

 - წელს როდესაც კანში ვიმყოფებოდით და პირველ დღეს სთორი დავდე ინსტაგრამზე, უამრავ ჩვენთვის დაუგეგმავ ივენთიდან მივიღეთ მიწვევა.

კანში „Fashion TV"-ის მხარდაჭერით გაიმართა ივენთი ,,I Success Week“, სადაც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები დააჯილდოვეს, წელს პირველად რამდენიმე წარმატებული ბავშვი და თინეიჯერი მიგვიწვიეს. „კატრინიდან“ მე, ნუცა და იონა მიგვიწვიეს დედასთან ერთად.

არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი თინეიჯერი მონაწილის წარდგენა, მათივე თხოვნით ბრენდი ,,Anastasia“ სამოსით მოხდა, ინტერვიუ მივეცით „Fashion TV“-ს, მივიღეთ უამრავი მიწვევა და გავიცანი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები,  მათ შორის Forbes , Netflix და Ferrari-ის წარმომადგენლები.

მაქვს შემოთავაზება ბოლივუდიდან. ვნახოთ, ჯერჯერობით არ ვიტყვი არაფერს. მე ქართულ - ამერიკულ სკოლაში ვსწავლობ, მე-8 კლასი დავამთავრე, ვარ ათოსანი - როგორც ჩემი დედიკო ამბობს ,,ჯერ სწავლა და შემდეგ ყველაფერიო“.

როდესაც წლებია მოღვაწეობ საზღვრებს გარეთ და ეს პატარაობიდან ხდება, გადევნებენ თვალყურს ინსტაგრამზეც კი და შემდეგ უფრო მარტივია ამა თუ იმ ჩვენებაზე, ფოტოსესიაზე, გადაღებაზე, ივენთზე მიგიწვიონ.

- საუბრისას ბევრჯერ ახსენე დედა შეუძლებელია ვისაუბროთ ბრენდ „ანასტასიაზე“, შენზე და არ ვისაუბროთ სამოდელო სააგენტო „კატრინზე“ და მის დამფუძნებელ, ეკა მგალობლიშვილზე ცალკე აღებულად - რომ დაგვიხასიათო ეკა, როგორც დედა და როგორც სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელი, მსგავსება და განსხვავებები

- დედაჩემი (ეკა მგალობლიშვილი) არის ძალიან ძლიერი ადამიანი. ლამაზი, ჭკვიანი და საერთოდ ისეთი, როგორიც მე მინდა რომ ვიყო მომავალში. ძალიან მიყვარს და ვამაყობ მისით. თუმცა ასევე არის მომთხოვნი, მკაცრი. ვცდილობ კარგი სწავლით და ყოფაქცევით, სიყვარულით გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რასაც ის ჩემთვის აკეთებს და ასე დავუფასო ყველაფერი. დედაჩემი ასევე არის კარგი პედაგოგი.  როდესაც კატრინში ვარ, ან სცენაზე, მისთვის ერთ - ერთი მისი მოსწავლე ვარ, ასე აღმიქვამს. დედაზე საუბარს ალბათ ვერასოდეს ვერ დავასრულებ. ერთს ვიტყვი ისევ - მე მინდა ეკასნაირი ვიყო ოჯახში, სამსახურში, მეგობრებთან და ყველგან. ყველა დედას ეძახის, თავიდან კი ვეჭვიანობდი, მაგრამ რომ გავიზარდე, უკვე მივხვდი ამ დიდ სიყვარულს, რომელიც მისდამი აქვთ ადამიანებს.

- არ შეიძლება არ გკითხოთ სამომავლო გეგმებზე - როდის ვიხილავთ ბრენდ „ანასტასიას“ მორიგ, ახალ კოლექციას?

- მორიგი ჩვენება აგვისტოში, ესპანეთში, ხოლო სექტემბერში პარიზში მექნება. კოლექციას ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ (იცინის).

- და ბოლოს კითხვა, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა - სამოდელო სფეროს გარდა, რისკენ ისწრაფვი და როგორია შენი პროფესიული არჩევანი ცხოვრების გზაზე?

- სამოდელო სფერო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამის გარდა ვცეკვავ ,,სუხიშვილებში“, ვმღერი ,,ვოკალის აკადემიაში“, ასევე ქეთი ორჯონიკიძესთან.

სექტემბრიდან უნდა შევისწავლო ტანსაცმლის დიზაინი და მოდელირება. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ვსწავლობ ქართულ - ამერიკულ სკოლაში და ვარ წარჩინებული მოსწავლე. რაც შეეხება ძირითად პროფესიას, ჯერ არ ამირჩევია, 14 წლის გავხდები 3 სექტემბერს, ვფიქრობ დრო კიდევ მაქვს.

მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა