რა შედეგებით დასრულდა პარიზის გრანდ სლემი

სულ ნახვები : 587
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საფრანგეთის დედაქალაქში დასრულდა პარიზის გრანდ სლემი. მესამე საჭიდაო დღის კულმინაცია მამაკაცთა მძიმე წონით კატეგორიის ფინალი გახლდათ, რომელშიც ტედი რინერმა დამატებით დროში სძლია მინჯონგ კიმს და კარიერაში მერვედ მოიგო ეს პრესტიჟული ტურნირი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა ყველანაირი პრობლემებისა და სურპრიზების გარეშე მიაღწია ფინალამდე. ტედიმ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა კრიკბაი (3 გაფრთხილებით მოახსნევინა), იუნი (იპონი), ლასენი (2 ვაზარი) და იუსუპოვი (1 ვაზარი, 1 იპონი).

ფინალურ შეხვედრაში რინერს საკმაოდ მძიმე ბრძოლა გაუმართა სამხრეთ კორეელმა მეტოქემ. ძირითადი დრო შედეგიანი გდების გარეშე დასრულდა, ორივე სპორტსმენს კი 2-2 შიდო ჰქონდათ.

გადამწყვეტ მომენტში ფრანგმა ძალების მობილიზება შეძლო, მეტოქე ვაზარიზე დააგდო და კარიერაში მერვედ მოიგო პარიზული ოქრო.

მესამე საჭიდაო დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი ძიუდოისტებისთვის. ლაშა ბექაურმა მაღალი სიცხის გამო უარი თქვა ჭიდაობაზე და ჩაეხსნა ტურნირს.

-90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვლიმა პირველი წრე წარმატებით გადალახა, მოუგო გაგნონ კრიბერს, თუმცა მეორე რაუნდში ლოგიკურად დამარცხდა ტიტულოვან ვან ტენდ ნოელთან.

-100 კგ წონით კატეგორიაში დიდი იმედები მყარდებოდა ვარლამ ლიპარტელიანზე, თუმცა „ლიპომ“ პირველივე რაუნდში წააგო ასევე ძალიან გამოცდილ ტომა ნიკიფოროვთან.

ამავე წონაში მიხეილ ჯაფარიძემ პირველი რაუნდი წარმატებით „გაირბინა“ _ მოუგო ინდოელ სინგხს, მეორე წრეში კი წააგო მონღოლ ბათხუაგისთან.

მძიმე წონით კატეგორიაში 2 ბრინჯაოს აღების შანსი გვქონდა, თუმცა ორივე მედალი ხელიდან „გაგვისხლტა“.

საბა ინანეიშვილმა 1/4 ფინალში ნაწვნევი მარცხის შემდეგ (იუსუპოვთან) წარმატებით განვლო რეპეშაჟი, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში თავიდანვე ბოჭვაზე მოყვა იაპონელ ნაკანოსთან და მეტოქეს ვეღარ დაუძვრა.

ირაკლი დემეტრაშვილმაც მეოთხედფინალში იწვნია პირველი მარცხი (კიმთან), რეპეშაჟი მანაც წარმატებით გადალახა და დიდი ბრძოლაც გაუმართა მესამე ადგილისთვის იუსუპოვს.

უზბეკმა სპორტსმენმა მეტოქე გვერდულ გდებაზე წაიყვანა. ისე ჩანდა, რომ პირველად თვითონ დაეცა ბეჭებზე, თუმცა ვიდეო რეფერიმ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და გამარჯვება იუსუპოვს მისცა.

საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი 1 ვერცხლის მედლით დაასრულა (-73 კგ გიორგი ჩიხელიძე).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა