ГРУ -ს აგენტები თბილისში - თავდასხმა ამერიკელი დიპლომატის ოჯახზე

სულ ნახვები : 4,013
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკვე 10 წელია, რაც ამერიკელი დიპლომატები, ოფიციალური პირები და დაზვერვის ოფიცრები მთელ მსოფლიოში ხვდებიან საიდუმლოებით მოცულ ინციდენტებს, რომლებიც ცნობილია როგორც "ჰავანას სინდრომი" - ეს  არის რაღაც უხილავი ძალის  მიერ გამოწვეულ დამბლის დარტყმას ჰგავს, რომელიც მათ სიცოცხლისუნარიანობას უკარგავს: მათ არ შეუძლიათ კონცენტრირება, ისინი. კარგავენ წონასწორობას, აწუხებთ საშინელი შაკიკი. აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები ბოლო დრომდე აცხადებდნენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია აღნიშნულში სხვა ქვეყნების ჩართულობის შესახებ, მაგრამ ჩვენ შევძელით იმის აღმოჩენა და დადასტურება, რომ თავდასხმების დრო და ადგილი დაკავშირებულია ГРУ -ს (რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამმართველო) ოფიცრების მოგზაურობებთან 29155 სამხედრო ნაწილიდან. თავდასხმის ორმა მსხვერპლმა დაინახა 29115-ის თანამშრომლები ან თავდასხმამდე, ან თავდასხმის შემდგომ, მათი ამოცნობა ფოტოების საშუალებით გახდა შესაძლებელი. ასევე გაირკვა, რომ ГРУ -სთან დაკავშირებული სამხედრო სამედიცინო აკადემია სწავლობდა „ჰავანას სინდრომით“ გამოწვეულ კლინიკურ ეფექტებს და რომ 29155 ჯგუფის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა მიიღო მთავრობის ბრძანება აკუსტიკური იარაღის შესაქმნელად.

აღნიშნულ თემაზე ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება „The Insider“-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად მოამზადა.

CNews ძალიან მალე, ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე ერთ-ერთ ეპიზოდს ვაქვეყნებთ, რომელიც უშუალოდ საქართველოს და თბილისში მომხდარ შემთხვევას შეეხება.

კონკრეტული ფაქტი 2021 წლით თარიღდება. ჟურნალისტურ გამოძიებაში მთავარი პერსონაჟის (დაზარალებულის) იდენტიფიცირება შეგნებულად არ ხდება.

„თბილისი 2021 – ალბერტ ავერიანოვის იდენტიფიკაცია

ჯოი (ჩვენ მას ასე მოვიხსენიებთ) 2020 წლის თებერვალში აშშ-დან საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად, დიპლომატ მეუღლესთან და შვილთან ერთად. ისინი თბილისში, საელჩოსთან ახლოს, წყნარ ქუჩაზე მდებარე სახლში დასახლდნენ. ჯოი, რომელიც პროფესიით ექიმი არის, მუშაობდა კერძო ამერიკულ კლინიკაში.

2021 წლის 7 სექტემბერს ჯოი ელოდა შვილს სკოლიდან დაბრუნებას, რა დროსაც მეორე სართულზე რეცხავდა. როდესაც ის სარეცხის მანქანიდან ტანსაცმელს იღებდა, ფანჯრისკენ მიბრუნდა, უცებ იგრძნო რაღაც ძლიერი ხმის ტალღის მსგავსი, რომელმაც თავში ფანჯრის, მარცხენა მხრიდან „დაარტყა“, ყოვლისმომცველი ხმაურით აავსო და საშინელი თავის ტკივილი დაეწყო. ჯოიმ ოთახი დატოვა და სააბაზანოში შევიდა, სადაც თავიდან ხმა თითქოს გაუქრა, თუმცა ღებინება დაეწყო. მან დაურეკა ქმარს და ის მალევე მივიდა საელჩოს უსაფრთხოების თანამშრომლების თანხლებით.

ქმრის მოლოდინში ჯოიმ გარეთ გაიხედა და შენიშნა უცნაური მანქანა, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს ამ ქუჩაზე და გადაუღო ფოტო. მანქანასთან მან დაინახა მაღალი, ქერათმიანი მამაკაცი გამხდარი აღნაგობით. გვერდით ბავშვი ედგა, გოგო, ძალიან კარგად იყვნენ ჩაცმული, თითქოს ქორწილში ან სპექტაკლზე მიდიოდნენ. როდესაც კაცმა დაინახა, რომ ჯოი ფოტოს უღებდა მას, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში.

იმ დღიდან, დღემდე, ჯოი ყოველდღე განიცდის მძიმე შაკიკს (რაც აქამდე არასდროს ჰქონია). მისი ცნობიერება დაბინდულია, კიბეებზე ჩასვლისას საფეხურების პოვნა უჭირს, მოძრაობების კოორდინაცია დაერღვა და ვესტიბულურ აპარატთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. მას ხშირად აქვს ყურებში ხმაური და განუვითარდა სმენის პრობლემები. თავბრუსხვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგჯერ საწოლში გადაბრუნებაც კი უჭირდა. სმენა ჰიპერმგრძნობიარე გაუხდა და კონდიციონერის ხმაც კი მისთვის თვითმფრინავის ძრავის ხმაურივით ჟღერს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჯოის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მოგვიანებით დადასტურდა ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში, ეს არის ორმხრივი ნახევარწრიული არხის დეჰისცენცია, ძალიან იშვიათი დაავადება. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, მაგრამ მაშინ დაავადება დიდი ხნის წინ გამოვლინდებოდა, ან შეიძლება ტრავმის შედეგი იყოს, მაგრამ ჯოის არ ჰქონდა დაზიანებები. ჯოის ოპერაცია გაუკეთდა, მას თავის ქალის ორივე მხარეს ლითონის ფირფიტები ჩაუსვეს, ეს ამსუბუქებდა სიმპტომებს, მაგრამ არ აღმოფხვრა ისინი მთლიანად.

ამერიკელმა გამომძიებლებმა ვერ დაადგინეს, რამ გამოიწვია ინციდენტი. თუმცა, როგორც The Insider-მა გაარკვია, უცნაური დამთხვევით, იმ მომენტში საქართველოში იმყოფებოდნენ ГРУ-ს 29155 განყოფილების ოფიცრები.

2021 წლის 30 სექტემბერს 29155 სამხედრო ნაწილის უფროსი გენერალი ანდრეი ავერიანოვი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ამავდროულად, მოსკოვიდან გაფრინდა მისი ვაჟი ალბერტ ავერიანოვი, რომელიც მამამ თავის განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ წაიყვანა. ალბერტმა, მიუხედავად მისი მცირე ასაკისა (მაშინ ის 21 წლის იყო), უკვე მიიღო სერიოზული გამოცდილება - ჯერ კიდევ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობისას 2017-2018 წლებში, ის არაოფიციალურად „ვარჯიშობდა“ ჟენევაში ზემოხსენებული იგორის მეთვალყურეობის ქვეშ. გორდიენკო, რომელიც მაშინ ჟენევაში მუშაობდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ,რუსეთის მეორე სავაჭრო წარმომადგენლის საფარქვეშ. ამის შემდეგ ალბერტი ჯგუფის აქტიური წევრი გახდა (როგორც მისი ზარებიდან და თანამგზავრებიდან ჩანს), თუმცა - სხვებისგან განსხვავებით - აგრძელებს სრულიად საჯარო ცხოვრების წესს, დაფრინავს საზღვარგარეთ მისი ნამდვილი სახელით, თამაშობს ფეხბურთს მეგობრებთან ერთად. ევიანის გუნდისთვის (ნული გოლი 60 მატჩში). შეყვარებულ ნასტიას ასეირნებს თავისი Mercedes-Benz ML/GLE-ით - შესაბამისად ნაკლებია იმის ალბათობა, რომ რომელიმე მისი თანაკურსელი მიხვდება, თუ რა საქმიანობას ეწევა რეალურად. აღწერილი მოვლენების დროს ალბერტმა ფაქტობრივად იმ მომენტში დაასრულა მაგისტრატურა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური პროცესების ფაკულტეტზე (მისი დისერტაციის თემა იყო „მიგრაციული პროცესების მართვის გლობალური დონის ფორმირება და ინსტიტუციონალიზაცია“).

იმ დღეს გენერალმა ავერიანოვმა ტელეფონი გათიშა და ძნელია მისი შემდგომი მარშრუტის მიკვლევა, მხოლოდ ის ვიცით, რომ ის კვლავ მოსკოვში ჩნდება 10 ოქტომბერს, ზუსტად იმავე დროს, როდესაც მისი შვილი.

შვილის ტელეფონში ჩანს, რომ 30 სექტემბერს ის გაფრინდა ტაშკენტში, სადაც მეორე დილით აეროპორტიდან უზბეკეთის მობილური ტელეფონის ნომერზე დარეკა. ეს ზარი უკანასკნელი იყო, რაც ალბერტმა განახორციელა მომდევნო 10 დღის განმავლობაში. ამ ზარიდან 40 წუთში, 1 ოქტომბერს, დილის 8:40 საათზე, აეროპორტიდან ტაშკენტი-თბილისის რეისი აფრინდა.

ამის შემდეგ ავერანოვი უმცროსის ტელეფონი როუმინგშია, მაგრამ ქსელში წვდომის გარეშე. ტაშკენტიდან განხორციელებული ბოლო ზარიდან ცხრა დღის შემდეგ და ჯოისთან მომხდარი ინციდენტიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ - 9 ოქტომბერს, ალბერტ ავერიანოვმა ისევ ჩართო ტელეფონი ტაშკენტში (აშკარად ჩანს იმავე მომენტში მიღებული გზავნილიდან "მოგესალმებით უზბეკეთში"), ამის შემდეგ მეორე დღეს ბრუნდება მოსკოვში.

როდესაც ჯოის აჩვენეს ალბერტ ავერიანოვის ფოტო, მან მაშინვე ამოიცნო იგი:

„ეს ფოტო რომ ვნახე, მაშინვე სპონტანური რეაქცია მქონდა, თავს ცუდად ვგრძნობდი. ვერ ვიქნები 100%-ით დარწმუნებული, რომ ეს არის ზუსტად ის ადამიანი, მაგრამ ნამდვილად ძალიან ჰგავს. დღემდე, როცა მას ვუყურებ, იგივე ინტუიციური რეაქცია მაქვს“.

როგორც „ინსაიდერი“ წერს, ისინი დაუკავშირდნენ ავერიანოვს თუმცა, მან მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა“, - ვკითხულობთ მასალაში.

წყარო: THE INSIDER

თარგმანი: გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა