კულტურის სამინისტრო დავით კაჭარავას მხარდაჭერას უცხადებს

სულ ნახვები : 525
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყოფილ მორაგბეს, “რაგბის კავშირის" თავმჯდომარესა და პარლამენტის მოქმედ წევრს, დავით კაჭარავას მხარდაჭერას უცხადებს.

უწყება აცხადებს, რომ გმობს კაჭარავას მიმართ მედიასაშუალებებითა თუ სოციალური ქსელით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ვეტერან "ბორჯღალოსანს", ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს, დავით კაჭარავას, მხარდაჭერას უცხადებს და მკაცრად გმობს მის მიმართ სხვადასხვა მედიასაშუალებით თუ სოციალური ქსელით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

დავით კაჭარავა "ბორჯღალოსანთა" იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვებები მოუტანა. დავით კაჭარავა ის მორაგბეა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით ოთხ მსოფლიოს თასზე ითამაშა (2007, 2011, 2015, 2019 წლებში) და საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე ნამიბიასთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში თავისი წვლილი ლელოთი შეიტანა.

ის არის სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 122 თამაში ჩაატარა, 125 ქულა დააგროვა და "ბორჯღალოსნებთან" ერთად 11-ჯერ მოიგო "რაგბი ევროპის" ჩემპიონატი, სხვა მეტოქეებთან ერთად, რუსეთის ნაკრების დამარცხებითაც.

კაჭარავამ და მისი თაობის მორაგბეებმა ქართული რაგბის განვითარებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს. მათი თავდადების საუკეთესო გამოძახილი იყო შარშან ჩვენი ნაკრების მიერ ორი ელიტური ნაკრების - იტალიისა და უელსის დამარცხება და დღეს ამ ადამიანის შეურაცხყოფა ჩრდილს აყენებს არა მარტო მას, არამედ ქართულ რაგბის, რომელმაც საქართველოს არაერთხელ მოუტანა დიდი სიხარული.

დღეს დავით კაჭარავასა და, საზოგადოდ, ქართულ რაგბის მშვიდი, სტაბილური გარემო სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საფრანგეთში გასამართი (8 სექტემბერი-28 ოქტომბერი) მსოფლიოს თასისთვის საუკეთესო პირობებში მოემზადოს და იქ ქართული რაგბის ახალი ისტორია დაწეროს", - წერია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა