„თითქოს ბიძინას დითირამბებს უმღერიან, სინამდვილეში, ძირს უთხრიან“ - გია ხუხაშვილი „ოცნებაზე“

სულ ნახვები : 350
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თითქოს ბიძინას განადიდებენ, სინამდვილეში ტექნიკურად, დასავლეთის წინაშე პასუხისმგებლობას ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ,  - ამის შესახებ განუცხადა Cnews-ს ანალიტიკოსმა  გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, ქვეყნის სულიერად გადარჩენას, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ცდილობენ.   

ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო ცვლილებები ე.წ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ და სხვა საკითხები, რომელიც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება და დასავლეთის უარყოფით შეფასებას იწვევს, ცდილობენ ივანიშვილს გადააბრალონ.

„თითქოს ეს ხომ ბიძინას განდიდებაა, როდესაც აცხადებენ, რომ ბიძინას ხელმძღვანელობით ვცდილობთ ქვეყანა სულიერად გადავარჩინოთო, მაგრამ სინამდვილეში, ეს „ვირეშმაკების ჯგუფი კობახიძის მეთაურობით“ ტექნიკურად, დასავლეთისთვის წინაშე ეწევა ბიძინას „ჩაშვებას“. ბიძინას ხომ არ აქვს პრეტენზია, რომ ის მართავს ქვეყანას, ესენი, ტექნიკურად, პასუხისმგებლობას ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.  ამ განცხადებით დასავლეთს ეუბნებიან, რომ ამ  ყველაფერს, რაც თქვენ არ მოგწონთ, ჩვენ კი არ ვაკეთებთ, ბიძინა გვაკეთებინებს. ამიტომ ჩვენ ნუ შეგვეხებით, ჩვენ კარგი ბიჭები ვართ, ჩვენმა  შვილებმა  უნდა ისწავლონ ევროპაში, ამერიკაში, ჩვენ შოპინგზე უნდა ვიაროთ მილანსა და პარიზში... თითქოს ბიძინას დითირამბებს უმღერიან და სინამდვილეში ძირს უთხრიან. ბიძინას კარგად ვიცნობ, ძალიან ჭკვიანია, ამათ იაფფასიან ვირეშმაკობას, უტიფარ თამაშს როგორ ვერ ხედავს?! დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება რომ შეიცვალოს ამ ვაჟკაც ბიჭებს პასტას ვერ გააგდებინებენ ხელიდან, ყველაფერს ბიძინას დააბრალებენ“, - განუცხადა Cnews-ს გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ, 27 მარტს განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ქვეყანა ფიზიკურადაც და ახლა ყველა ერთად მისი ხელმძღვანელობით ვცდილობთ, რომ სულიერადაც გადავარჩინოთ“.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა