მამარდა _ 35 მილიონი

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თერთმეტი მშრალი თამაში. თერთმეტი მატჩი, რომლებშიც გიორგი მამარდაშვილს კარიდან ბურთი არ გამოუტანია. თერთმეტი შეხვედრა, რომელთაგან რვა გამარჯვებით დამთავრდა და რუბენ ბარახას გუნდს შესაძლებლობას აძლევს, ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოცნებას მისდიოს _ იბრძოლოს მეშვიდე ადგილისთვის, რაც მომავალ სეზონში ევროპულ თასზე მონაწილეობის უფლებას იძლევა.

თერთმეტი მშრალი შეხვედრიდან ცხრა — „ლას პალმასთან“, „ატლეტიკოსთან“, „კადისთან“, „გრანადასთან“, „სელტასთან“, „ბილბაოსთან“, „სევილიასთან“, „ხეტაფესა“ და „მალიორკასთან“ — „მესტალიაზე“ გაიმართა და ორი, „რაიო ვალეკანოსა“ და ისევ „გრანადასთან“ — სტუმრად. ამ მატჩებმა ჯამურად 8 მოგება და 3 ფრე, ანუ 27 ქულა მოიტანა.

პრობლემები, რომლებიც ჩემპიონატის გარკვეულ მონაკვეთებში მწვავედ იჩენდა თავს, დაცვაში ბარახას გუნდის სოლიდურმა თამაშმა აღმოფხვრა. თერთმეტი მშრალი თამაში ლა ლიგაში მეოთხე შედეგია. პირველი შედეგი აქვთ „რეალსა“ და „ბილბაოს“, რომელბსაც გოლი 15 შეხვედრაში არ გაუშვიათ. მათ მოსდევს „ბარსელონა“, რომელმაც მოწინააღმდეგეს 13 მატჩში არ გაატანინა, „რეალ სოსიედადს“ კი თორმეტჯერ აქვს შენახული კარი მშრალად. „ვალენსიას“ მსგავსი სტატისტიკა კიდევ ორ გუნდს აქვს — „ბეტისსა“ და „რაიო ვალეკანოს“.

მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტ მატჩში გოლის არგაშვება ესპანეთში მხოლოდ მეოთხე შედეგია, ის საერთაშორისო მასშტაბით ძალიან შთამბეჭდავი გახლავთ, რადგან პრემიერლიგაში რომ გამოდიოდეს, ასეთი შედეგით „ვალენსია“ მეორე პოზიციაზე იქნებოდა. პირველზე არის „არსენალი“, რომელსაც გოლი 14 შეხვედრაში არ გაუშვია, მერე კი მოდიან „ევერტონი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“ და „ნიუკასლი“. ისინი ბარახას გუნდის შედეგს ორი მშრალი თამაშით ჩამორჩებიან.

ასეთი შედეგის მიღწევაში არსებითი როლი მეკარეს მიუძღვის. გიორგი მამარდაშვილი 23 წლის ასაკში უკვე ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერია. ეს გახლავთ ტრანსფერმარკტ-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მამარდაშვილი 35 მილიონი ევრო ღირს. მას მოსდევენ იან ობლაკი, ტიბო კურტუა და მარც-ანდრე ტერ შტეგენი, რომლებიც 30 მილიონად შეაფასეს. უნაი სიმონისა და ალექს რემიროს ფასი 25 მილიონია.

მოგერიებული დარტყმების რაოდენობით მამარდაშვილი ესპანეთში მეხუთეა. პირველ ადგილზე „ვილიარეალის“ კარის მცველი, ფილიპ იორგენსენია (118 მოგერიება ანუ ერთ შეხვედრაში საშუალოდ 4.07), მეორეზე — „ხეტაფეს“ გოლკიპერი დავიდ სორია (100; 3.33), მესამეზე — „ჟირონას“ პაულო გასანიგა (94; 3.13) და მეოთხეზე ჩრდილოეთ მაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი, რომელიც „რაიოს“ კარს იცავს (93; 3.10). ამათ შემდეგ მოდის გიორგი მამარდაშვილი 90 მოგერიებით, რაც შეხვედრაში საშუალოდ 3 მოგერიებას ნიშნავს.

დღეს გასული სეზონის ტანჯვა და ლიგაში ადგილის შენარჩუნების სამარცხვინო ამოცანა რუბენ ბარახას მიერ აგებულმა დაცვითმა კედელმა დაგვავიწყა. მეტიც, სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე გაჩნდა მიზანი — ბრძოლა მეშვიდე ადგილისთვის, რაც „ვალენსიას“ ევროთასზე გამსვლელ ადგილს მოუტანს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა