საქართველოს პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს ხალხს - ხაბეიშვილი

სულ ნახვები : 93
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და აქ უნდა მიიღებოდეს კანონები, რომლებიც ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას, შექმნის სამუშაო ადგილებს, ადამიანები არ გაიქცევიან ქვეყნიდან და არ იქნება უკიდურესი გაჭირვება. ივანიშვილის პარტიის სამარკო ნიშანი გახდა ტყუილი და საზოგადოების გადაგდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა  პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ოცნების“ სამარკო ნიშანი არის ტყუილი და ხალხის გადაგდება.

„თქვენი სამარკო ნიშანი სამწუხაროდ გახდა ტყუილი და საზოგადოების გადაგდება. მუდმივად, 2012 წლის შემდეგ ამას აკეთებთ ივანიშვილის ხელმძღვანელობით - დაპირებით ადამიანს და მერე გადააგდებთ, დაპირებით და მოატყუებთ. იგივე გააკეთეთ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ის კაცი მაინც გამოგეცვალათ, რომელმაც ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, რომ გავიწვიოთ რუსული კანონი უპირობოდო და ახლა ისევ ამ ადამიანს გააკეთებინეთ ეს, მდინარაძეს ვგულისხმობ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებთ ადამიანს, მუდმივად ასეთი ტყუილების თქმა უწევს.

თქვენ ამბობდით, რომ ერთი ადამიანის თმის ღერის ჩამოვარდნადაც კი არ გვიღირს არანაირი კანონიო, რა შეიცვალა ახლა? ახლა რად გიღირთ, რომ ათი ათასობით მშვიდობიან მანიფესტანტს დაუპირისპირდეთ და ეს კანონი ისევ მიიღოთ? რა შეიცვალა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში? ან როგორ შეგიძლიათ ახსნათ, რომ კრემლმა დაავალა იგივე კანონის მიღება საოკუპაციო რეჟიმს და რამდენიმე კვირაში თქვენ შემოარბენინეთ ეს კანონი. საქართველოს პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქის ინტერესებს და აქ უნდა მიიღებოდეს კანონები, რომლებიც ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას. მაგალითად, დაწიოთ გადასახადები, იმსჯელოთ სხვადასხვა ისეთ კანონებზე, რომლებიც ბიზნესს, ეკონომიკას, შექმნის სამუშაო ადგილებს, ადამიანები არ გაიქცევიან ქვეყნიდან, არ იქნება უკიდურესი გაჭირვება, არ იქნება გაძვირებული პროდუქტები ამ ქვეყანაში. კი, ეს არის მთავარი საზრუნავი ამ ქვეყანაში და ეს ორგანო წესით უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ქალბატონო მაია, რომ არ მოგწონთ იქნებ თქვენ გამცეთ პასუხი და მითხრათ ვის ემსახურება ეს კანონი, ერთი მოქალაქე, ერთი ბენეფიციარი, ერთი ოჯახი მაინც ვისაც ექნება სიკეთე ამ კანონის მიღების შემდეგ. არ არსებობს ბუნებაში ასეთი ადამიანი, მაგრამ ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი? ეს კანონი არის ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ და მინდა თქვენც გიგოთ რამდენად ცუდ საქმეს აკეთებთ, ეს არის დავალება თქვენს მიმართ. არ არსებობს ცივილიზებულ სამყაროში არცერთი ქვეყანა, რომელიც იწონებს ამ კანონს. თქვენ ხომ გესმით, რომ ყველა მეგობარი ამბობს, რომ ეს კანონი არის შემაკავებელი ევროკავშირის გზაზე. თქვენ ჯიუტად იმეორებთ, რომ არ არის. ერთი პარტნიორი ქვეყანა ვერ იპოვეთ, რომელიც მხარს დაგიჭერდათ. ფრანგმა, პოლონელმა, გერმანელმა, ამერიკელმა, ვერავინ ვერ წაიკითხა, მარტო ზარქუა და მდინარაძე კითხულობს. ეს ხომ არ არის სწორი, ეს არ არის ხალხის მიმართ სწორი დამოკიდებულება.

რამდენიმე თვეში არის არჩევნები, ხომ შეგიძლიათ ეს კანონი ახლა გაიწვიოთ, არ შემოიტანოთ და ხალხს მისცეთ მშვიდად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. თქვენ ხართ მთავარი პროვოკატორები, თქვენ ხართ ამრევები, თქვენ გინდათ დაპირისპირება, თქვენ გინდათ არეულობა, თქვენ უპირისპირდებით ახალგაზრდებს, თქვენ გინდათ, რომ წყლის ჭავლი მიუშვიროთ, შემდეგ დასხდებით ტელევიზორებთან პულტით ხელში და მოიფშვნეტთ ხელებს. ეს გინდათ რომ გააკეთოთ? და თუ არ გინდათ, რატომ არ შეიძლება ხალხს მისცეთ მშვიდად გადაწყვეტის შესაძლებლობა არჩევნებზე და ნუ აპირისპირებთ საზოგადოებას, ხელოვნურად ნუ ძაბავთ ხალხს“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა