ხელისუფლებამ არცერთხელ არ იღო ყურად მათი სტრატეგიული მოთმინება - თამარ კორძაია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე

სულ ნახვები : 151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთი რამ ცხადია, რომ ჩვენმა ყველაზე დიდმა პარტნიორმა აშშ-მ ჩაუშვა უკვე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების და არა მხოლოდ ხელისუფლების, წარსულში ხელისუფლებაში მყოფი პირების სანქცირებას თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დემოკრატიის დაბრუნების მიზნით, - ასე ეხმიანება პარლამენტის დამოუკიდებელი ოპოზიციონერი წევრი, თამარ კორძაია CNews-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომლითაც მან ფაქტობრივად გააფრთხილა და ამავდროულად დაუანონსა სანქციების მორიგი ტრანში „ქართულ ოცნებას“.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დააფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთმინება და საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ შედეგებამდე, რომელიც ახლა არის.

„იმიტომ, რომ როდესაც სანქცირების საფუძვლად მითითებულია დემოკრატიული საფუძვლების ძირის გამოთხრა, ერთადერთი პირობა აქვთ ამერიკელებს, რომ დემოკრატიული წესებით ცხოვრებისკენ მობრუნდეს საქართველოს ხელისუფლება და თუ ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ დაინახავენ, გასაგებია, რომ ვიზების შეჩერება დაიწყეს კონკრეტული პირებისთვის და ეს ფორმატიც, რომ არ ასაჯაროებენ პირებს კიდევ არის ძალიან ჰუმანური მიდგომა, რადგანაც თითოეულ მათგანს აძლევენ შანსს, რომ შეიცვალონ პოზიცია და ამერიკელები არ გაამხელენ მათ სახელებს და გვარებს დაუბრუნდნენ საზოგადოებას და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას და თუ გონს არ მოვლენ, რა თქმა უნდა უკვე წამოვა საჯარო სანქციები, საჯარო სახელებით და გვარებით და ასევე ამ ყველაფერს დაემატება ფინანსებიც. ჩვენ ძალიან დიდხანს ვუყურეთ, რომ თავს იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავსი ტიპის განცხადებების კეთებისგან და საერთოდ გადაწყვეტილების მიღებისგან, რომ დაეწყო სანქციები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებამ არც ერთხელ არ იღო ყურად მათი სტრატეგიული მოთმინება არაფრით არ დააფასა. შესაბამისად რა თქმა უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს იქნება გარდაუვალი და ეს იქნება ძალიან მძიმე სახელმწიფოებრივად. შეიძლება ეს ვინმეს ეგონოს რომ პერსონალურია და ა.შ. მაგრამ ო' ბრაიანის ვიზიტი კლასიკური მაგალითი იყო. ის რომ ივანიშვილი არ შეხვდა და ეს კაცი გაუშვეს ყველაფრის გარეშე, გახდა იმის წინაპირობა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა კინაღამ ჩამოიშალა. შესაბამისად რომ გადავხედოთ რას გამოიწვევს იმ პირების სანქცირება, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან ამ ქვეყანაში, იოლად არის დასანახი მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა, საბანკო სისტემაზე დგას, ეს გამოიწვევს გაღატაკებას. საბოლოო წერტილი, ამ გაფრთხილების იქნება არჩევნების შედეგები. თუ ოპოზიციას არ მისცემენ თანაბარ, პირობებში საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ეს უკვე ჩანს, რომ არ აპირებენ და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ არჩევნებში, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიმართ გადაიხედება ყველა შეთანხმება რაც კი გაფორმებულა პარტნიორებთან", - განუცხადა კორძაიამ CNews-ს.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა