ტერიტორიების დაბრუნებას ომით ვერ შევძლებთ, ამიტომ ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული - ღარიბაშვილი

სულ ნახვები : 49
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უამრავი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს, რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ინტერესების და ჩვენი ხალხის მტერი, თუმცა, მთავარი დანაშაული, რომელიც სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვით – 2008 წლის აგვისტოს ომია, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ შეგნებულად და გააზრებულად არ ააცილეს თავიდან ქვეყანას და ხალხს, ხოლო ომის ფასი ქართველმა ხალხმა დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციით, ათეულობით ათასი დევნილად ქცეული მოქალაქით, 100-ზე მეტი დაკარგული სოფლითა და ჩვენი გმირების შეწყვეტილი სიცოცხლით გადაიხადა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთავში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უპატიებელი დანაშაული, რომელსაც დრო ვერ წაშლის და ეს ღალატი ქართველ ხალხს არასდროს არ დაავიწყდება.

„ეს ბოროტი ძალა ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც არ ცვლის მოქმედების სტრატეგიას და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის, ყველაფრის ფასად ცდილობს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას და საკუთარი ხალხის გაწირვას, რაც ნიშნავს ქვეყნის საბოლოოდ დანგრევას, ჩვენი ახალგაზრდების ომში წაყვანას და ხალხის განადგურებას. „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ანუ ომის და ბოროტების პარტია, მისი სატელიტური პარტიებით და კოალიციებით, „ენჯეოებით“ და მთელი აგენტურით, ეწინააღმდეგებიან მშვიდობას, ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას, რამაც შეიძლება, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან. ამით აიხსნება ის ისტერია და აგრესია, რაც ვიხილეთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული შერიგების მოწოდების შემდეგ.

ჩვენი ხალხი 30 წელია, უყურებს ომს, ქაოსს, არეულობას, ტერიტორიების დაკარგვას და ყველამ კარგად ვიცით, რომ ომით ვერ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის გაერთიანებას. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ქვეყნის ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული. ბოლო 12 წელი არის ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი, როცა ქვეყანაში არ ყოფილა ომი და არ დაგვიკარგავს დამატებითი ტერიტორიები. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი მმართველი, რომლის დროსაც ქვეყანაში დამყარდა 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და დღეს ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც რეალურად შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამიტომ, ყველა ბოროტი ძალა ყველანაირად ხელს შეუშლის და შეეწინააღმდეგება მის მშვიდობიან და ქვეყნის გაერთიანებისკენ მიმართულ ეროვნულ-პატრიოტულ პოლიტიკას. მაგრამ ისევ თქვენი თანადგომით და ჩვენი ლიდერის წინამძღოლობით, ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე და პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით, ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით ავიხდინოთ ყველა ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის ოცნება, ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან, თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოში.

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა მოვიხადოთ ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე და იქ დავდგეთ, სადაც მშვიდობა და სიმართლეა. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მჯერა, 26 ოქტომბერს ჩვენი ბრძენი ხალხი კიდევ ერთ ისტორიულ ნაბიჯს გადადგამს წინსვლისა და განვითარებისკენ, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა