ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დარღვევებზე ალაპარაკდა?

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა და მიუთითა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს, თავი შეიკავონ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ გამოხატულ აქტივობაში, რაც შესაძლებელია ჩაითვალოს მხარდამჭერ ქმედებად.

მათ შორის სოციალური ქსელების პირადი აქაუნთების მეშვეობით.

„დღეს მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში შევიტანეთ ცვლილება და საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო ავამაღლეთ. მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას  და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას. მივცეთ  ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 8 ოქტომბერს, Cnews-მა გაასაჯაროვა მის მიერ მოპოვებული მასალები, რომლითაც მტკიცდებოდა, რომ ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, არღვევდნენ კოდექსს და ღიად უჭერდნენ მხარს, სახელისუფლებო პარტიას „ქართულ ოცნებას“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა