ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე წამსვლელი რეჟიმის ხელწერა - ნიკო მანაგაძე სუსი-ს განცხადებაზე

სულ ნახვები : 3,542
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს არის მორალისგან დაცლილი, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე წამსვლელი რეჟიმის ხელწერა, რომელსაც არანაირი მორალური სტანდარტები არ გააჩნია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლის პროცესში“ - ასე ეხმიანება სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი ნიკო მანაგაძე, დღეს, 18 სექტემბერს სუსი-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის შესახებ. 

მანაგაძის თქმით, მსგავსი ქმედებებით მოსახლეობა კიდევ უფრო რწმუნდება იმაში თუ, რამდენად მოღალატეობრივი რეჟიმი მართავს დღეს ქვეყანა. 

„ხელისუფლება ხშირად მიმართავს გარკვეული საპროტესტო მუხტის წინ თუ პარალელურად, ამგვარ ქმედებებს სუს-ის ხელით. 2014 წლიდან მოყოლებული ხშირად გაუკეთებიათ ამ ტიპის განცხადებები - ხან საბურავების მობილიზებას აბრალებდნენ ვიღაცებს და ხან სხვა მეთოდებით გადატრიალების მოწყობის სურვილს, თუმცა ყოველ ჯერზე ეს ყველაფერი აბსოლუტურად სხვა მიზანს ისახავდა, ვიდრე საზოგადოების რეალურ ინფორმირებას გარკვეული საფრთხეების მიმართ და მასზე ობიექტური რეაგირების წინაპირობის შექმნას. არაერთხელ გაკეთებული ამგვარი განცხადების თუ დაწყებული გამოძიების მიუხედავად, არცერთ მათგანს არ ჰქონია განვითარება და მხოლოდ ადამიანების დასაფრთხობ ინსტრუმენტად რჩებოდა. დღესაც ასეა: დაწერეს რაღაც სცენარი წინა წლების მსგავსად (მცირე კორექტივებით) და მორიგ ჯერზე შემოასაღეს ადამიანებს, როგორც მოპოვებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გაცხადებული ამბავი.

რეალურად საქმე არის შემდეგში: წლის ბოლომდე ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუციების გადაწყვეტილებას და მათგან შეფასებას, რამდენად ეფექტური იყო ხელისუფლების მუშაობა დასავლურ გზაზე და შესრულდა თუ არა ის პრიორიტეტები, რომელიც ქვეყანას სტატუსის მოსაპოვებლად წინაპირობებად ჰქონდა განსაზღვრული. ყველამ უკვე ცხადად იცის, რომ არათუ არაფერი გაუკეთებიათ ამ გზაზე, არამედ პირიქით, ყველანაირი ძალისხმევა ჩადეს იმაში, რომ ქვეყანა ევროპული მომავლისგან დაეშორებინათ - ასე იქცეოდნენ რიტორიკის დონეზეც (ლანძღავდნენ დასავლეთს და აწარმოებდნენ დასავლეთის მადისკრედიტირებელ პროპაგანდას) და ამას აკეთებდნენ საქმითაც (რუსული კანონის მიღების მცდელობა, რუსეთთან ფრენების აღდგენა და ა.შ..). შესაბამისად, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმართ, სავსებით ობიექტურად, მოლოდინი არც ისე პოზიტიურია, რაც იციან, რომ ბუნებრივად საერთო სახალხო მღელვარებას გამოიწვევს ხალხში ხელისუფლების მიმართ, არავინ აპატიებს მათ ევროპული მომავლის წართმევას და დაიწყეს ერთგვარი ნიადაგის შემზადება ამ პოტენციური საპროტესტო ტალღის მიმართ, მისი მიზნების წინასწარი დისკრედიტაციითა და გარკვეული პრევენციის მცდელობით. უნდათ, რომ მარტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკურად ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქე შეუერთდეს ამ პროცესებს იმით, რომ ამ ადამიანებს გაუჩინონ აღქმა, თითქოს ეს ყველაფერი ვიღაცის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება “ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და ხელისუფლების დამხობის მიზნით”.

ხელისუფლება როგორ დაასრულებს საკუთარ თავს, ეს მის ქმედებებსა და ხალხის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და განაჩენსაც ხალხი გამოიტანს. მათი ნებისმიერი მცდელობა, როგორმე თავიდან აირიდონ საერთო სახალხო ბრაზი და პროტესტი საკუთარი ანტიდასავლური/რუსული პოლიტიკის მიმართ, უბრალოდ კრახით დასრულდება.

ცალკე საკითხია ამ ყველაფერში იმ გმირი ბიჭების გასვრა/დადანაშაულება, რომლებიც უკრაინაში რუსული ბოროტების წინააღმდეგ იბრძვიან, თითქოს ისინი ამის ნაცვლად საქართველოში ქაოსის შექმნისთვის ემზადებიან. ეს არის მორალისგან დაცლილი, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე წამსვლელი რეჟიმის ხელწერა, რომელსაც არანაირი მორალური სტანდარტები არ გააჩნია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლის პროცესში. ამ ყველაფერს ხალხი უყურებს და ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება მათ მოღალატეობრივ, რუსულ მიზნებში, რაც ერთ დღეს თავის ლოგიკურ ფინალს პოვებს და სწორედ ამ ფინალის მოახლოების შიშითაა ნაკარნახევი ის ბოდვები, რაც მათ შორის დღეს გააჟღერეს სუსის გავლით“, - განუცხადა მანაგაძემ CNews-ს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა