პარტიის მოქმედმა მენეჯმენტმა განიხილოს ის პეტიციაც, რომელსაც ხელს 40 ათასამდე ადამიანი აწერს - გიორგი კირთაძე
...
თუ მართლა გვინდა ერთობა, მაშინ პარტიის მოქმედმა მენეჯმენტმა განიხილოს ის პეტიციაც, რომელსაც ხელს 40 ათასამდე ადამიანი აწერს - ამის შესახებ Cnews-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი კირთაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პარტიაში მხოლოდ ნიკა მელიას პრობლემა არ დგას, არამედ სისტემური პრობლემაა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება რეაგირება.
„ის რომ პარტიაში არის პრობლემები, ეს მიხეილ სააკაშვილის ჩართვისასაც ნათლად გავიგეთ, პოლიტსაბჭოდან ადამიანები რომ არასწორად გაურიცხავთ, ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს? როგორ არის ახლა, თითქოს არაფერი პრობლემა არ იყო პარტიაში და თითქოს ერთი ადამიანის, პრობლემა იყო? ცხადია ნიკა მელიას პრობლემა არ იყო და მართლაც სისტემური პრობლემა არის პარტიაში, რომელსაც უნდა უსწრაფესად გადაჭრა“, - განუცხადა Cnews კირთაძემ.
მისი თქმით, პარტიამ უნდა განიხილოს მელიას გუნდის მიერ მომზადებული მანიფესტიც რომელსაც ხელს 40 ათასამდე ადამიანი აწერს.
„ნიკა მელიას პეტიციას, რომელიც ეძღვნებოდა პარტიაში პრობლემების დაძლევასა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას, 40 ათასამდე ადამიანმა მოაწერა ხელი, თუ მართლა გვინდა ჩვენ პარტიაში ერთობა და გვინდა პარტია იყოს იმ ფორმაში, რომ დაამარცხოს ოლიგარქი, მაშინ პარტიის მოქმედმა მენეჯმენტმა განიხილოს ის პეტიციაც, რომელსაც ხელს 40 ათასამდე ადამიანი აწერს, ეს იქნება სწორი გამოსავალი“, - განუცხადა Cnews-ს გიორგი კირთაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 23 ნოემბერს პარტიის წევრებმა ხელი უნდა მოაწერონ ერთობის მემორანდუმს, ხოლო ვინც ამ პეტიციას ხელს არ მოაწერს, ავტომატურად დარჩება პარტიის მიღმა. ამის შემდეგ ნიკა მელიამ და მისმა გუნდმა მოამზადა პეტიცია, რომლის მოთხოვნა პარტიიდან არაფორმალური მმართველობის ჩამოშორებაა.
ირინა მაკარიძე Cnews