დროებით ოკუპირებულ ცხინვალსა და სიმფეროპოლს შორის ავტობუსები დაინიშნება
..
სიმფეროპოლსა და ცხინვალს შორის სეზონური ავტობუსების გაშვებას გეგმავენ. ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფსევდო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ძამბოლატ ტადტაევმა სიმფეროპოლში ყირიმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ყირიმის მხარემ პრაქტიკულად შეიმუშავა ცხინვალიდან სიმფეროპოლამდე ავტობუსების მიმოსვლის ორგანიზების საკითხი. ჩვენი მხრივ, ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ და ვაცნობებთ ჩვენს მზადყოფნას“, - განუცხადა ტადტაევმა რია ნოვოსტი ყირიმს.
მისივე თქმით, ავტობუსების მიმოსვლის ამოქმედება ზაფხულში იგეგმება. მარშრუტი სავარაუდოდ სეზონური იქნება.
ყირიმში სამუშაო ვიზიტით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფსევდო მთავრობის დელეგაცია იმყოფება. პარასკევს მხარეებმა ხელი მოაწერეს დებულებას სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმების განხორციელების შესახებ.