როგორ დაიწყო და ვინ იყვნენ თბილისის პირველი საპატიო მოქალაქეები?

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

პირველივე ღონისძიებამ განსაზღვრა მისი ხასიათი: ღვინობისთვის უკანასკნელ შაბათ-კვირას დედაქალაქში წარსულისა და აწმყოს შეხვედრა ხდება და ძველი თბილისი ცოცხლდება. ისტორიულ უბნებში კვლავ შეხვდებით ყარაჩოღელებს, კინტოებსა და მეთულუხჩეებს.

„თბილისობა, თბილისობა,

მეხივით გასკდა მოწმენდილ ცაზე.

თბილისობა, თბილისობა,

მეტეხის თავზე, ნარიყალაზე

გაცოცხლებულა ძველი თბილისი,

თვალი უკეთესს ვერაფერს ნახავს

და მოჰფენია მილეთის ხალხი,

თბილისის უბნებს, ძველსა და ახალს“, - მღეროდა ანსამბლი „ივერია“ საგანგებოდ თბილისობისთვის დაწერილ სიმღერას, რომელიც დღესასწაულის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა, თუმცა „თბილისობის“ შემოღება, როგორც სიმღერის ტექსტშია, მოწმენდილ ცაზე მეხის გასკდომასავით მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

პირველ თბილისობაზე საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს ოთხ ადამიანს:

ლადო გუდიაშვილი - საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

კონსტანტინე ილურიძე - ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი

აკაკი შანიძე - ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

შუშანა ჩიქოვანი - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

თენგიზ მენთეშაშვილი თბილისობას მასპინძლობდა დაარსებიდან 1982 წლამდე ანუ იმ დრომდე ვიდრე მოსკოვში გადაიყვანდნენ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნად.

თბილისობას დაემატა არაერთი თეატრალური სანახაობა, სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები. როგორც ნიკო ლეკიშვილი ამბობს, არა მარტო თბილისელები, არამედ რაიონებიც სიხარულით ელოდნენ წლიდან წლამდე ამ დღესასწაულს.

ბოლო საბჭოთა თბილისობა 1988 წელს გაიმართა. 1989 წელს თბილისობა არ გაიმართა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გამო. თბილისობა არც მომდევნო წლებში გამართულა. იმ დროინდელი მერის, ნიკო ლეკიშვილის თქმით, ეროვნულ ხელისუფლებას თბილისობაზე უარი არ უთქვამს, თუმცა აპირებდა ზეიმის კონცეფციაში ცვლილების შეტანას, მაგრამ არ დასცალდა ჯერ ქუჩების გაუთავებელი პიკეტირების, შემდეგ კი პუტჩისა და ომის გამო. წყვეტა 1995 წლამდე გაგრძელდა.

1995 წელს თბილისობა 11 ოქტომბერს გაიმართა, მანამდე ასევე გაიხსნა იოანე პეტრიწისა და დოდო აბაშიძის ქანდაკებები.

„გადავწყვიტეთ, რომ თუ ვაკეთებთ დღესასწაულს, არ იყოს ის მარტო ჭამა-სმა და ქეიფი. ამიტომ დავიწყეთ აბანოთუბნის აღდგენა, განვაახლეთ რუსთაველის გამზირის ფასადები და აღვადგინეთ პირველი სკოლა. სხვა მხრივ, ჩავატარეთ ისე, როგორიც ადრე ვატარებდით. ხალხმა ძალიან გაიხარა, რადგან ამდენი ხანი არაფერი კარგი არ ხდებოდა, სულ გაჭირვება და უბედურება იყო. ასე აღვადგინე მრავალწლიან წყვეტის შემდეგ, მერე გაგრძელდა და გაგრძელდა“, - ამბობს რადიო „თავისუფლებასთან“ ნიკო ლეკიშვილი.

თბილისის საპატიო მოქალაქეები 1995 წელსაც აირჩიეს:

ნანი ბრეგვაძე - მომღერალი

ვალერიან გუგუნავა - ომის ვეტერანი

მურმან ლებანიძე - პოეტი

თეიმურაზ ჩირგაძე - ექიმი

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის, უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე.

მას შემდეგ ყოველ წელს, ტრადიციულად გრძელდება ძმობისა და მეგობრობის სახალხო დღესასწაული, რასაც „თბილისობა“ ჰქვია. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა