„როგორც ქართველი, თავს განსაკუთრებულ კავშირში ვგრძნობ უკრაინასთან“ - რას წერს Bild-ი გერმანული „The Voice“-ის ქართველ კონკურსანტზე

სულ ნახვები : 1,168
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გერმანული  Bild-ის ჟურნალისტმა ნინო ლოპესმა  გამოცემისთვის ვრცელი მასალა და ინტერვიუ მოამზადა The Voice“-ის ქართველ კონკურსანტ ლიზი გოზალიშვილზე.

როგორც სტატიაშია ნათქვამი,  ლიზი გოზალიშვილი დიდი შემართებით  მონაწილეობს გერმანულ „The Voice“-ში.

ქართველი გოგონა  გერმანიაში მხოლოდ ერთი წელია ცხოვრობს.  ის იქ სასწავლებლად ჩავიდა და გერმანიის წამყვანი მუსიკალური პროექტის მონაწილე გახდა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.

Bild: რამდენად გაგიჭირდა გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება?

ლიზი: „საქართველოში დავდიოდი სკოლაში, სადაც გერმანულზე მთავარი ენა იყო.  გარდა ამისა, მთელი ჩემი ოჯახი ფანია მიუნხენის ბაიერნის. ამიტომ გერმანია ყოველთვის იყო ჩვენთვის სერიოზული თემა და მისწრაფება.  ჩემთვის ბავშვობიდანვე ცხადი იყო, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ გერმანიაში წავიდოდი სასწავლებლად“.

Bild: რამდენად მარტივად მოახდინე ინტეგრირება გერმანიაში?

ლიზი: „უცხო ქვეყანაში ცხოვრების ნულიდან დაწყება ყოველთვის რთულია. მაგრამ მე მიყვარს გამოწვევები, მხოლოდ ასე შემიძლია გავიზარდო. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასე სწრაფად გავხდებოდი Voice-ის ნაწილი და ასე შორს მოვიდოდი. ძალიან მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობებისა და შანსებისთვის  რაც მაქვს აქ, გერმანიაში“.

Bild: საიდან მოდის თქვენი ნიჭი და ინტერესი მუსიკის მიმართ?

ლიზი: „დედაჩემი უკრავს ფორტეპიანოზე და გიტარაზე. მამაჩემი უსმენდა ლედ ზეპელინს და Deep Purple-ს მანქანაში. რაც მახსოვს, ვმღერი. ჩემი სიმღერების წერა ექვსი წლის წინ დავიწყე“.

Bild: თვალში მოსახვედრია, რომ  გამოსვლისას უკრაინის ფერებს ატარებ. რატომ აკეთებთ ამას?

ლიზი: „როგორც ქართველი, თავს განსაკუთრებულ კავშირში ვგრძნობ უკრაინასთან. ჩვენ გვყავს საერთო მტერი. ის, რასაც ახლა უკრაინა განიცდის, ჩემმა სამშობლომ რამდენჯერმე გამოიარა. ვფიქრობ, შენი დამოკიდებულება უნდა გამოიჩინო და ხმა აიმაღლო. ქართველებს მებრძოლი სული გვაქვს. საქართველოს თავისი არსებობისთვის საუკუნეების მანძილზე მოუწია ბრძოლა. გარდა ამისა, ამჟამად ჩვენთან ახლოს  ომია. სწორედ ამიტომ ავირჩიე მაიკლ ჯექსონის Earth Song-იც.  ვგრძნობდი, რომ ჩემმა მესიჯმა მიაღწია ხალხთან“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანული მუსიკალური კონკურსის ქართველ მონაწილესთან  გაზეთმა „ქრონიკა +“-მა ჩაწერა 
ინტერვიუ.

ცნობისათვის, 19 წლის ქართველმა მომღერალმა, ლიზი გოზალიშვილმა, The Voice of Germany-ის ბრმა კასტინგი წარმატებით გადალახა და 2023 წლის კონკურსის მონაწილე გახდა. ლიზი გოზალიშვილმა მაიკლ ჯექსონის სიმღერა Earth Song-ი შეასრულა და ჟიურის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

წლევანდელი გერმანული Voice-ის ერთ-ერთი ჟიური ცნობილი მომღერალი, ჯოვანი ზარელაა, რომელიც ბრმა კასტინგზე ლიზის თავიდანვე შემოუტრიალდა, შემდეგ კი მასთან სპონტანური დუეტიც შეასრულა. ჟიურიში ასევე არიან ცნობილი გერმანული ჯგუფის, Tokio Hotel-ის, წევრი ძმები _ ტომ და ბილი კაულიცები, რომლებსაც ლიზის შესრულება ძალიან მოეწონათ და შემოუტრიალდნენ კიდეც. ბოლოს კი ლიზიმ გადაწყვიტა, რომ ჟიურის წევრებიდან ჯოვანი აერჩია.

ლიზი გოზალიშვილმა მანამდე ქართულ Voice-შიც მიიღო მონაწილეობა. გერმანული Voice-ის  ახალი სეზონის ჩვენება 21 სექტემბერს დაიწყო და 6 ივნისამდე გაგრძელდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა