აშშ-ს საელჩო ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

სულ ნახვები : 234
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს“ - აშშ-ს საელჩო საქართველოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის მხრიდან გამოტანილ განაჩენს ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს. 

აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ წერილში ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს და ქართველი ხალხის მისწრაფებას დასავლური ფასეულობებისადმი.

„იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.

შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.

შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა