საზოგადოების თვალით დანახული ქართული რეალობა

სულ ნახვები : 224
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როგორია ქართული რეალობა და საით მიდის საქართველო, ეს არის კითხვები, რომლებიც ბოლო ათი წლის მანძილზე მუდმივად აქტუალურია თუმცა, ბოლო წლებში ყოველდღიურობად იქცა.

საქართველო, რომელმაც სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, ბოლო 30 წელზე მეტია ურთულესი და ხშირ შემთხვევაში სისხლით გაჯერებული გზა გამოიარა, დღეს სასწორის წინ დგას სადაც მისი მომავალი წყდება, თეფშებზე რუსეთი და ევროპა დევს, ერთ მხარეს ხალია, ხოლო მეორე მხარეს ოლიგარქი და მისი ხელქვეითები, რომელი გადაწონის ეს უკვე დროის საკითხია, დროის და ხალხის გადასაწყვეტია.

საინფორმაციო სააგენტო CNews დაინტერესდა, თუ როგორ აღიქვამს დღევანდელ რეალობას საზოგადოება, რისთვისაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მცირე ინტერვიუები ჩაწერა.

რადიო „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ქეთი ბერძენიშვილის აზრით, ქვეყანაში ძალიან მძიმე, შეიძლება ითქვას სავალალო მდგომარეობაა, ყველაზე მძაფრად კი ეს რეგიონებში და დედაქალაქთან შედარებით, უფრო მცირე ზომის ქალაქებში აღიქმება.

თქვენი თვალით დანახული დღევანდელი საქართველო? რა ფერებში ხედავთ  ჩვენს ქვეყანას?

სურვილია ერთი, რომ ვიყოთ უფრო პროგრესულები და უფრო ნათელ ფერებში, მაგრამ რეალობაა ის, რომ  სამწუხაროდ, ის დაპირებები, რომლებსაც ამდენი წელია მმართველი პარტია იძლევა ვერ სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაცას აკეთებენ, პენსიების მომატება, ხელფასები მომატება, მაინც ძალიან მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში ვართ. ამას განაპირობებს რა თქმა უნდა ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური  მდგომარეობა ძალიან ბევრ ადამიანს აიძულებს, რომ დატოვოს საქართველო და წავიდეს საზღვარგარეთ. შესაბამისად ქართველები ვეღარ ქმნიან იმ დოვლათს, რომელიც წესით უნდა შექმნილიყო ჩვენს ქვეყანაში და უნდა გვეცხოვრა, ისე, როგორც პრემიერმა თქვა, ორნიშნა აღმავლობაში. ეს მხოლოდ მათ ეჩვენებათ, რომ არის ორნიშნა ეკონომიკური აღმავლობა და იცით რა არის? ჩვენ გავიარეთ კოვიდის პერიოდი, როდესაც მართლა არაფერი არ მუშაობდა და სტაგნაცია იყო და იმის ფონზე შეიძლება ჩანდეს, რომ მართლა ზრდა და ეკონომიკური აღმავლობაა, დუღს ეკონომიკა, მაგრამ ეს ასე არ არის. რომ გადავხედოთ სიტუაციას, ფასები მაღალია ძალიან და პრაქტიკულად მსყიდველუნარიანობა რაც ადრე შეიძლებოდა ყოფილიყო ნორმალურ პირობებში დღეს არ არის და სწორედ ამიტომ ადამიანები ტოვებენ საქართველოს და გარბიან ლუკმა პურის საშოვნელად სხვაგან და ეს არ არის მხოლოდ ერთეული ადამიანები, ოჯახებით მიდიან. ეს რა თქმა უნდა ასუსტებს საქართველოს. ამას ემატება პოლიტიკური ვითარება. უკვე აშკარაა, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი არის პრორუსული და არა პროდასავლური. უკრაინა ძალიან მალე გაიმარჯვებს.

მოსახლეობის გამგზავრება საზღვარგარეთ ყველაზე კარგად ჩანს რეგიონებში. რა ხდება დღეს რეგიონში, ქუთაისში როგორია მდგომარეობა, რა იყო და რა შეიცვალა?

ჯერ ავიღოთ სოფლები. მდგომარეობა სოფლებში. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის განვითარების სხვადასხვა პროგრამებს აანონსებენ, სოფლებში პრაქტიკულად ხალხი აღარ არის. რომ ჩაიაროთ იმერეთის სოფლებში უამრავ სახლს აწერია, რომ იყიდება. ხდება მიგრაცია დიდ ქალაქებში. დიდ ქალაქებშიც, როდესაც ადამიანები საკუთარი შემოსავლით ვეღარ ახერხებენ ცხოვრებას, მიდიან საზღვარგარეთ. ეს ხდება ქუთაისში. უამრავი ადამიანია საზღვარგარეთ ან თბილისში გახიზნული. თბილისი თავკომბალასავითაა ქცეული და ყველაფერი იქ ხდება.  ქუთაისს ჰქონდა ძალიან დიდი და კარგი პოტენციალი, რომ ყოფილიყო საპარლამენტო ქალაქი და აქაც პოლიტიკური და თუნდაც სოციალური ცხოვრება გაძლიერებული. დღეს ქალაქი პრაქტიკულად დაცარიელებულია. მე პრაქტიკულად ნაცნობებს ვეღარ ვნახულობ, ყველა წასულია ან წასვლას აანონსებენ. შარშან, მწვანე ბარათის გათამაშებაზე რეკორდული მაჩვენებელი იყო წამსვლელთა მსურველი, წელს კიდევ უფრო მეტი დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღატაკდება, ღარიბდება ქალაქები და მათ შორის ქუთაისი. ადამიანებს აღარ აქვთ მომავლის განცდა. ეს უკვე წლებია ასე ვარ. პრაქტიკულად ქუთაისი იქცა პენსიონერების ქალაქად. ადამიანებს აღარ სურთ იცხოვრონ აქ. არადა ახალგაზრდებმა უნდა შექმნან მომავალი და განსაზღვრონ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ცხოვრება. აქ თუ არავინ დარჩა ამას ვინ გააკეთებს?

მოქალაქეების როლი, როგორ შეუძლია მათ გადაარჩინოს ქვეყანა დაცლას?  საქართველოში შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თითქოს ის  გამოდის, რომ ქართველებს სხვა ქვეყნის მოქალაქეები ანაცვლებენ...

სამწუხაროდ ვერც საზოგადოებრივი აქტიურობა ვერ შველის ამას. თუ არ იქნა პოლიტიკური ნება, რომ დაწესდეს კონტროლი საქართველოში შემოსვლაზე. დღეს ქუჩებში რომ გაიარო, ქუთაისი ქუჩებში რომ გახვიდე რუსულად საუბარი უფრო მეტად ისმის, ვიდრე ქართული. სამოქალაქო საზოგადოებას არაფერი შეუძლია ამ შემთხვევაში. იმდენად ნიჰილიზმში არიან ჩავარდნილები, რომ არც პროტესტის გრძნობა აქვთ. არავინ არ გამოვა და არავინ ისაუბრებს ამაზე ხმამაღლა. შიშშია ყველა, შიშის ფაქტორია ქვეყანაში, იმიტომ, რომ ზოგს ნათესავი ჰყავდეს დასაქმებული, ზოგს შეიძლება რაღაც პროექტის განხორციელება სურდეს. ან შესაძლოა საერთოდ არაფერი აქვთ განსახორციელებელი, მაგრამ ადამიანებს ეშინიათ. იმის ნიშანწყალი, რომ საქართველო არის მართლაც დემოკრატიული ქვეყანა აღარ იგრძნობა, იმიტომ, რომ ადამიანებს აქვთ შიში ილაპარაკონ ხმამაღლა იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. და შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი ვეღარ არის ისეთი ძლიერი როგორიც უნდა იყოს და როგორიც გვახსოვს წინა წლებში. ყველა საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის იბრძვის დღეს საქართველოში და მცირე პროექტებს უ ახორციელებს, რომ თავი გაიტანო. მერეც მეორე რამდენიც გინდა იყვირე, გამოდი, წერე და ილაპარაკე არავის ამას ყურადღებას არ აქცევს. ასეთი დაშორებული, დისტანცირებული, ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთთან მე არ მახსოვს. არავინ გისმენს და როცა არავინ გისმენს, შენც ტყუილად ლაპარაკს ჯერდები.

თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ მედიას საქართველოში, თუმცა დღეს მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, შეიმუშავეს ახალი კანონები, რომ მედიამ თავისუფალი სიტყვა ვეღარ წარმოთქვას. რა ხდება ამ კუთხით საქართველოში და რა ხდება რეგიონულ მედიებში, რომლებსაც ლომის წვლილი მიუძღვით სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით?

მედია ცალკე ამბავია. აქაც  რაც არ უნდა თქვა არავინ გისმენს. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ უგულებელყოფა გაგიკეთონ. კრიტიკულ მედიებში, დამოუკიდებელ მედიებში, თუ არ ხარ სახელისუფლებო მედია, არავინ არ მიდის და არავინ არ მოდის. არც სურთ, რომ მედიის დახმარებით მოქალაქეებს ელაპარაკონ. მეორე არის კიდევ ის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც წნეხად აქვს მედიას. სარეკლამო ბაზარი იმდენად მწირი აქვს მედიას, რომ დამოუკიდებელს და თავისუფალს უჭირს თავი გადაირჩინოს და შესაბამისად ჩვენც ძალიან რთულ პირობებში ვართ და ვცდილობთ როგორმე გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ეს მედიები. ვცდილობთ მცირე სახსრები ვიკმაროთ, რომ მედიამ გააგრძელოს მუშაობა საზოგადოების ინფორმირებულობისათვის და არ ჩაიხშოს თავისუფალი სიტყვა, თორემ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მედია, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური წნეხის გამო. განსაკუთრებით ბოლო რეგულაციების გამო. მედიას ისედაც არ აკლია მარეგულირებელი და არანაირი ცენზურა და კრიტიკა. მაქსიმალურად ცდილობს ხელისუფლება, რომ თავის თავს მოარგოს ყველაფერი და მათ შორის მედია. გახადოს ისეთი მედია როგორიც მას სურს და არ იყოს კრიტიკა ხელისუფლების მისამართით.

ტელეწამყვანის და სამოქალაქო აქტივისტის, ლევან ბუთხუზის შეფასებით, საქართველო დღეს დეპრესიულ ფაზაშია გადასული.

 როგორია თქვენი თვალით აღქმული საქართველო დღეს?

დღევანდელი საქართველო საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილ იმ ჯარს ჰგავს, რომელსაც ორიენტირი არ აქვს; ყველანი დაუცველად ვგრძნობთ თავს,  ვართ დეპრესიულ ფაზაში და ვართ დაკნინებულები.

რისი გაკეთება შეეძლო ხელისუფლებას იმისთვის, რომ ქვეყანას არ გაეშვა ხელიდან ის შანსი, რომელიც გააჩნდა (ვგულისხმობ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას).

კითხვა მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი და ხალხის ნების გამომხატველი მთავრობა. როდესაც ხელისუფლება ასრულებს რუსეთის „ნამესტნიკის“ როლს, ბუნებრივია, მას არ აქვს სურვილი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან რუსეთისთვის მიუღებელია მისი კოლონიის კეთილდღეობა და რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლა. ამიტომ, საკითხის ასე დაყენება თავის თავშივე მოიცავს წინააღმდეგობას. ხატოვანი მაგალითია კითხვა - უფრო მალე აიღებდა ბერლინს წითელი არმია სტალინს რომ ომამდე საკუთარი გენერალიტეტი არ გაეწყვიტა? ეს კითხვა ღრმა ლოგიკურ წინააღმდეგობას მოიცავს და აბსურდია, რადგან მაშინ სტალინი არ იქნებოდა სტალინი. ამიტომ, კითხვა - რის გაკეთება შეეძლო რუს მთავრობას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო - აბსურდია! რამე რომ გაეკეთებინა კანდიდატობის მისაღებად, მაშინ რუსეთის მთავრობა არ იქნებოდა რუსული მთავრობა. ჩვენ კი რუსეთის მთავრობა გვყავს!

საზოგადოების როლზე მინდა გკითხოთ, არის თუ არა დღეს საზოგადოება დისტანცირებული პროცესებისგან და რეალურად აქვთ თუ არა ოლიგარქიულ რეჟიმში ადამიანებს ბერკეტი, რომლითაც შეძლებენ ქვეყნის გადარჩენას?

არა, არ არის დისტანცირებული. ზოგადად, საზოგადოების როლი უმთავრესია ნებისმიერი პოლიტიკურო პროცესის წარსამართად. ოღონდ, არ უნდა ავრიოთ ერთმანეთში ხალხის და პოლიტიკური „ლიდერშიპის“ ფუნქციები. მათ სხვადასხვა როლი აქვთ. ხალხი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ჯარისკაცებია, ხოლო პოლიტიკური „ლიდერშიპი“, ასევე ფიგურალურად, გენერალური შტაბია. არ არსებობს პოლიტიკური პროცესი ამ ორი მდგენელის გარეშე. თუ პოლიტიკური „ლიდერშიპი“ სწორად ხედავს კომპლექსურ პრობლემას და მკაფიოდ სთავაზობს ხალხს მისი გადაჭრის ეფექტურ გზას, მაშინ გარკვეული ხნის შემდეგ (არა უცებ) ჯარისკაცი ყოველთვის გაყვება გენერალს. თავიდან ცოტა მოხალისე იქნება, მაგრამ როგორც მცირე გუნდა მთის წვერიდან იკრებს თოვლის ფენებს, ასე აკრეფს მცირე რაოდენობის „ჯარისკაცი“ სხვა მოსახლისასაც  და ბოლოს ეს ყველაფერი ზვავის სახეს მიიღებს, რომელიც პრობლემას უბრალოდ წალეკავს. ოღონდ, ეს მარათონული პროცესია და სპეკულაცია იმაზე, თითქოს ქართველები არ ვართ მარათონლები, არამედ ვართ სპრინტერები, სისულელეა. ეს, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკური „ლიდერშიპის“ არაკომპეტენტურობის „გაპრავებაა“. ქართველებმა უახლეს ისტორიაშიც კი ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ვართ მარათონლები. შეგახსენებთ, რომ ეროვნული მოძრაობა 1801 წლიდანაც კი არ შეწყვეტილა საქართველოში და მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ნელ-ნელა იკრებდა ძალას, სანამ 80-იანებში ერთიანად არ გამოხეთქა. ასევე, შეგახსენებთ, რომ „ვარდების რევოლუცია“ 3-4 წელი მზადდებოდა მარათონულ რეჟიმში. ახლა, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილისგან მოუთმენლობის და ხალხისგან სპრინტერობის მოთხოვნა მათი უმწიფრობის დამადასტურებელი უფროა, ვიდრე ხალხის. როგორც ყველა სხვა ხალხს, ჩვენც მკაფიო და თანმიმდევრული გზა გვჭირდება ორიენტირად. „დავუსტვინე და არ გამოვიდნენ“.

 

„არ მინდა ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირში დავიბადე და საბჭოთა კავშირში ვკვდები“ - ასე აღიქვამს მსახიობი გოგა გველესიანი დღევანდელ ქართულ რეალობას, მისი თქმით, ძალიან მძიმეა ის სურათი, რომელიც ქვეყანაში არის.

სად ვართ დღეს?

ბურკაში ვართ, როგორც გვითხრეს ათი წლის წინ, გაჭირვებულ, გაღატაკებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. როცა ამას იტყვის ადამიანი იქვე ამბობენ, რომ ამას ომი უნდა, არანაირი ომი არ მინდა, უბრალოდ თავმოყვარეობა არ უნდა დაკარგო ადამიანმა და ათი წლის მანძილზე ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ხალხი დაერწმუნებინათ იმაში, რომ შეიძლება იცხოვრო უთავმოყვარეოდ და შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს ისეთი გეზი, როგორიც არის უთავმოყვარეობა. იყო დრო, როდესაც ადრეც მიდიოდნენ ადამიანები ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ახლა მიდის, მაგრამ ახლა კი არ მიდის ხალხი, ახლა გარბიან. მე ვეღარ ვეუბნები ვერავის, რომ არ წახვიდე, რადგანაც არავინ იცის მოვა თუ არა დრო ისევ კარგი. მიხარია სადღაც რომ მიდის ადამიანი, რადგანაც იქნებ ის ერთი მაინც გადარჩეს.

რა ხდება დღეს ქართულ კულტურაში?

კულტურაში რა ხდება, კულტურა ისევ იქ დგას სადაც აქამდე იდგა. თეატრების მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ აქტიურად იდგმება სპექტაკლები და ხალხი დადის სპექტაკლებზე. დოიმ (დათო დოიაშვილი) დადგა ახლა სპექტაკლი მე გადმოვცურავ ზღვას, სადაც ისეთი მოთხოვნა იყო, რომ ვერც კი დავუჯავშნე ვინმეს ბილეთი, ასევე დაიდგა ბუნკერი ჩარკვიანის, რომელიც ეხმიანება დღევანდელობას და იმას რაც ხდება. რამდენიმე ხნის წინ დაიდგა სპექტაკლი, სადაც უბრალოდ ვერ მივედი მხოლოდ იმიტომ, რომ ავტოსადგომები არ არის და ვერ ვხვდები რატომ ვუხდით მერიას ყოველწლიურ გადასახადს. სპექტაკლების დიდი ნაწილი ეხმაურება სწორედ დღევანდელობას. უბრალოდ შეიძლება დადგა კომედია და დღევანდელ სიტუაციას ეხმიანებოდეს ის.

როგორ ხედავ მომავალს? რამდენად მკაფიოა ის?

ჩემთვის პირადად, ძალიან რთულია. გინდა არ გინდა ეს დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, ეს ათი წელი ისე იმუშავა ამ ხელისუფლებამ, ნიჰილიზმი მეფობს საზოგადოებაში, მაგრამ ქართველისგან არაფერი გასაკვირი არ არის, ქართველი ითმენს შეუძლებელს, თუმცა შემდგომ ხიჭვი რომ შეერჭოს იმას არ გაპატიებს. მომავალს მაინც გარე ფაქტორებს ვუკავშირებ, უკრაინის მოვლენებს უფრო კონკრეტულად, მთავარია როგორ განვითარდება იქ მოვლენები, ღმერთმა ქნას რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, მარტის თოვლივით გაქრება ეს ხელისუფლება. ჩვენც უნდა ვისწავლოთ ის, რომ ვიღაცას რომ აჯობო, ამის გამო ვიღაც არ უნდა აირჩიო. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ პარტია მესამე წრეზეა წასული, მესამეზე უკვე ძალით, ნუ რა უნდა ქნა.

პესიმისტურადაც ვარ განწყობილი და იმედისმომცემადაც, როგორც უკრაინაში გადაწყდება აქაც ეგრე შეიცვლება ყველაფერი.

არ მინდა მე ვიყო ის ადამიანი, რომელიც ვიტყვი, რომ მე დავიბადე საბჭოთა კავშირში და ვკვდები საბჭოთა კავშირში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები