რამდენიმე ოპოზიციური ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც „ოცნების“ ამომრჩეველზე იქნება ფიკუსირებული - ბაჩო დოლიძე

სულ ნახვები : 975
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პარტიულ დაჯგუფებებზე და მოცემული კონფიგურაციების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, CNews პოლიტიკოს ბაჩო დოლიძეს ესაუბრა.

დოლიძე ხაზგასმით საუბრობს იმაზე, რომ მთავარია ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლის ხმების სათავისოდ მობილიზება, რათა მოხდეს სასურველი შედეგის დადება და „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ოპოზიციაში გადაინაცვლოს.

- პირველ შეკითხვას დაგისვამთ იმ კონფიგურაციებზე, რომლებიც ამ დროისთვის არსებობს პოლიტიკურ ველზე. რამდენად აქვს შანსი ამ მოცემულობით ოპოზიციას, მმართველი პარტიის დამარცხების?

- პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ სწორია ასეთი ერთობები, სწორია კონფიგურაციების შექმნა, რადგანაც მთავარი ამოცანაა, რომ არცერთი პარტიის ხარჯზე, ხმები არ იყოს დაკარგული, ანუ იმ პარტიებს, რომლებსაც ბარიერთან მიახლოება უჭირთ, აუცილებლად უნდა იყვნენ დაწყვილებულები, ან რომელიღაცა ცენტრში გაერთიანებულები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, გაერთიანება მოხდა „ახალს“, „დროასა" და „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ შორის. როგორც მინიმუმ კარგი საქმე ის არის, რომ „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ხმების არ დაიკარგება. პროცესი უნდა გაგრძელდეს და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც რეალურად „ქართული ოცნების“ ყოფილ ამომრჩეველზეც იქნება ფოკუსირებული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა დიდი რისკის ქვეშ ვდგავართ და ეს იქნება ძალიან დიდი ფრუსტრირება ჩვენი მოსახლეობის ამ ტექნიკური მიზეზების გამო, რომ ვერ მოხერხდეს მსგავსი ტიპის ცენტრების ჩამოყალიბება. მე პირადად ძალიან ვგულშემატკივრობ იმ ცენტრების ჩამოყალიბებას, რომელიც ფოკუსირებული იქნება „ქართული ოცნების“ ყოფილ ამომრჩეველზე. შესაბამისად ეს არის ახლა მთავარი ამოცანა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთმანეთის მიმართ წყენა და კონკრეტული პრობლემები ჰქონდეთ, მაგრამ წინ გაცილებით უფრო მეტი დევს სასწორზე. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი. აუცილებელია ეს პროცესები გაგრძელდეს და ჩვენ ვიხილოთ ისეთი ცენტრები, რომელიც ამომრჩეველზე იქნება მორგებული. არცერთი პარტია არ უნდა დარჩეს ისეთი, რომელმაც შეიძლება საერთო ყულაბიდან ხმები დაგვაკარგვინოს. ეს პროცესები უნდა გაგრძელდეს, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადადონ პირადი მოტივები და ვფიქრობ ქვეყნის სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება.

- აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლისთვის, რომელსაც არც „ნაციონალური მოძრაობა“ სურს, არ „ქართული ოცნება“ არ არის საკმარისი მხოლოდ გიორგი გახარიას ოპოზიციური ცენტრი. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტიის ყოფილმა წარმომადგენლებმა უმჯობესია კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნან, თუ გადანაწილდნენ ოპოზიციურ პარტიებში? ხომ არ შექმნის ეს ოპოზიციის ამომრჩეველში გარკვეული სახის დისკომფორტს?

- რეალობას გავუსწოროთ თვალი. „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ამომრჩეველი, ის ვინც ტრადიციულად „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა და განვითარებული პროცესების შემდგომ აღარ აძლევს ხმას, მათთვის პირველი გაჩერება არის გახარია. ამ თვალსაზრისით ვისურვებდი მათი მხრიდან უფრო მეტ მოქნილობას, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან იმიტომ, რომ ამის რესურსი არსებობს, თუმცაღა რეალიზება და კაპიტალიზირება ვერ მოახდინე, ეს რესურსი, რესურსად დარჩება და შეიძლება კატასტროფული შედეგები მივიღოთ. ასე რომ არსებობს ამის რესურსი, საჭიროა უფრო მეტი მოქნილობა, კომუნიკაცია ერთმანეთთან და ყველაფერი დალაგდება.

- პარტიების დაჯგუფებებთან ერთად აქტიური კამათი მიდის უკვე კოალიციურ მთავრობაში თანამდებობების გადანაწილებაზე - რა უფრო მნიშვნელოვანი ამ დროისთვის, გადაწყდეს ვის რა თანამდებობა ეკავება კოალიციურ მთავრობაში თუ, ჯერ დალაგდეს ოპოზიცია სწორი კონფიგურაციით?

- ძალიან ადრეა ეს ყველაფერი, კი შეიძლება ამაზეც საუბარი, მაგრამ მე მგონია, რომ ცოტა ადრეა. რადგანაც ისე არ მოხდეს, რომ დრო დავკარგოთ ამ თანამდებობებზე ფიქრით მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, რომელიც გასაშვები გვყავს და იმაზე ვიფიქროთ ჯობია, რა კონფიგურაციები შევქმნათ იმისთვის, რომ დაცულები ვიყოთ ყველანაირი სპეკულაციისგან ოცნების მხრიდან, რადგანაც ორი აზრი არ არის ეცდებიან გაყალბებას, დაშინებას, ბევრ სიბინძურეს და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად მე  მგონია, რომ ენერგია და დრო უნდა დავუთმოთ კონფიგურაციების შექმნას, ვიდრე თანამდებობების გადანაწილებას.

- „ნაციონალური მოძრაობის“ ის კონფიგურაცია, რომელიც 8 ივლისს ვიხილეთ, რამდენად იძლევა იმის საშუალებას, რომ პარტიამ გააუმჯობესოს ელექტორატი, ამ არჩევნებზე. კვლევების მიხედვით, მათ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვთ.

- „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, პირდაპირ ვთქვათ, რომ მას პრეტენზია არასოდეს არ ჰქონდა, რომ „ქართული ოცნების“ ხმებზე დაჯდებოდა, მათი მთავარი ამოცანა ალბათ იქნება საკუთარი ელექტორატის შენარჩუნება რაც საკმაოდ რთული  და შესაბამისად სწორედ ამით არის განპირობებული ის კონფიგურაციული ცვლილებები, რომ გაიუმჯობესონ მდგომარეობა, მანამდე რა კონფიგურაციას იყო ძალიან რთული იქნება კარგი რეზულტატის დადება. ყველა პარტია ცდილობს იმას, რომ ან შეინარჩუნოს თავისი ხმები ან გაზარდოს, თუმცა ისევ განვმეორდები, რომ ეს არის ერთი მხარე თუ სად გადანაწილდება ოპოზიციური ხმები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სად მიდის ქართული ოცნების ხმები და ვინ კაპიტალიზდება ამაზე. თუ „ოცნებას“ ხმები ვერ წავართვით, აბსოლუტური უტოპიაა და არასაინტერესო თუ სად გადანაწილდება ოპოზიციური ხმები და ვის მეტი ექნება და ვის ნაკლები. თუ „ქართული ოცნება“ გვეყოლება ხელისუფლებაში, როგორც მე, ასევე დამიჯერეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს.

- ბოლოს უნდა გკითხოთ სანქციებსა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებზე, რომელიც დაუწესდა მმართველ პარტიას და ჯერ კიდევ არის მოლოდინი, რომ იქნება ახალი სანქციები - რამდენად იქონია გავლენა, უკრაინასთან არაკეთილმეზობლური პოლიტიკის წარმოებამ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამ ყველაფერზე?

- ეს კომპლექსური საკითხია, როდესაც უარს ეუბნები თანამშრომლობაზე ევროკავშირს, აშშ-ს, სტრატეგიულ პარტნიორს, ომში მყოფ ქვეყანას თავს ესხმი, სხვა არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ ეს არის სრული საბოტაჟი დასავლური ხაზის. სამწუხაროდ ეს სანქციების სერია გაგრძელდება, კიდევ უფრო გამსხვილდება. დიდი ალბათობით სანქციები არა მარტო სამოგზაურო თვალსაზრისით იქნება დაწესებული და ფინანსური სანქციებიც შემოვა დღის წესრიგში, რაც ნამდვილად არ არის კარგი და ნამდვილად არ მიხარია ეს ყველაფერი, ეს არის ძალიან რთული და ცუდი პროცესი, რომელშიც ფიგურირებს მთლიანად ჩვენი ქვეყანა და ეს არის ძალიან ცუდი რეპუტაციულად პირველ რიგში. ეს არის ის ხაზი, რომელიც გათვითცნობიერებული აქვს „ქართულ ოცნებას“ იცის რაზეც მიდის და ხელს აწერს, ეს არის რეალობა და მთავარი ამოცანა არის ჩვენ რას ვპასუხობთ. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამომრჩეველზე, ყველანაირ ამომრჩეველზე და პირველ რიგში „ქართული ოცნების“ ყოფილ ამომრჩეველზე, რადგანაც თუ მას ჩვენ ვერ წავართვით ელექტორატი  და შესაბამისად ხმები ვერ წაართვი, ის ხმები რომელიც ოპოზიციაში იყო უკვე 12 წელია არ ყოფნის ამ საქმეს, ფოკუსი სხვა მიმართულებით უნდა დავიჭიროთ.  ამ მიმართულებით ვისაც ეს შეუძლია ბუნებრივად და არა ხელოვნურად, მათზე ათმაგად დიდი პასუხისმგებლობაა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად აღიქვამენ და დაველოდოთ. გაქვს უნიკალური შანსი, რომ „ქართული ოცნება“ გავუშვათ სახლში, იყოს უკვე ოპოზიციაში 2024 წელს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, პირველ რიგში კი მათ, ვინც აღმოცენებულია „ქართული ოცნების“ წიაღიდან.

გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
ინტერვიუ ► Მეტის ნახვა