დიანა ლომაია ოლიმპიურ ნაკრებს უმიზნებს

სულ ნახვები : 474
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოჭადრაკე დიანა ლომაია 16 წლის არის და უკვე FIDE-ს ოსტატის წოდება მიენიჭა. ეს შედეგი ნიჭიერმა გოგონამ მას შემდეგ მიიღო, რაც წელს, აპრილში გამართულ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გაიმარჯვა.

დიანამ, გაცილებით გამოცდილ მოჭადრაკეებთან ბრძოლაში, 9 შესაძლებელიდან 7,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ალექსანდრა ვახანიას. ლომაიას საკმაოდ მაღალი ხარისხის პარტიები ჰქონდა და სარეიტინგო ქულებიც სერიოზულად მოიმატა – 165.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ საკუთარი წესდებიდან გამომდინარე, სწორედ ეს შედეგი გაითვალისწინა და FIDE-ს ოსტატის წოდება რამდენი დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

ხობელი გოგონა, რომლის მწვრთნელები გოჩა ჩაჩუა და ზურაბ სტურუა არიან, ფოთში, საჭადრაკო კლუბ „ნანაში“ ვარჯიშობს. ჭადრაკს უკვე 12 წელია თამაშობს და საქართველოს პირველ ლიგაში გამარჯვება ყველაზე წარმატებული შედეგია. თუმცა, მანამდე ყველა ასაკობრივი ეროვნული პირველობა აქვს მოგებული და უკვე ჩვენი ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონია.

ნათამაშები აქვს მსოფლიოსა და ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებში. 2017 წელს რუმინეთში, 12 წლამდე ევროპის პირველობაზე მეხუთე ადგილზე გავიდა. მანამდე, 2015 წელს, საბერძნეთში 10 წლამდე მსოფლიოზე კი – მე-10 ადგილი დაიკავა.

დიანა წლიდან წლამდე უმატებს. 2019 წელს ბათუმში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე 14 წლის გოგონა საქართველოს მესამე ნაკრების წევრი იყო, ხოლო იმავე წელს, უკვე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მეორე ნაკრებში ასპარეზობდა.

„12 წელია ჭადრაკს ვთამაშობ და პირველი ლიგის მოგება ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო. ალბათ ყველაზე ღირებულიც, რადგან შანსი მომეცა საქართველოს ყველაზე ძლიერი მოჭადრაკეების გვერდით ვითამაშო და იქ გამოვცადო ჩემი ძალა. საქართველოს კი, ძლიერი მოჭადრაკე ქალები ყოველთვის ჰყავდა და მეც მათ გვერდით მინდა ვიყო.

უმაღლესი ლიგისთვის ბორჯომში მოვემზადები, სადაც ყველა მონაწილე გაივლის შეკრებას. სურვილი მაქვს მაღალი შედეგი ვაჩვენო და როგორც ჩემი, ასევე ჩემი მწვრთნელების შრომა დავაფასო. ცხადია, ოლიმპიურ ნაკრებში მსურს მოხვედრა. შესაძლოა, ეს უცებ არ მოხდეს, მაგრამ საამისოდ ყველაფერს გავიღებ. მერე კი, საქართველოსთვის წარმატების მოტანას შევეცდები“, – განაცხადა დიანა ლომაიამ CNEWS-თან საუბარში.

დიანა მიღწეულით არ კმაყოფილდება და მალე საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში მოხვედრას გეგმავს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა