ეს ორგანიზაცია რეალურად არ იცავს მასწავლებელთა ინტერესს - ნანა ტოხვაძე „მასწავლებელთა პროფკავშირებზე“

სულ ნახვები : 740
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული მასწავლებლების და განსაკუთრებით კი იმ მასწავლებლების უფლებების დაცვაზე, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრები არიან და მას თავიანთი ხელფასის 2%-ს ურიცხავენ ყოველთვიურად, რეალურად სხვა მიზნებს ემსახურება.

Cnews-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ არის, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია, რომლების პედაგოგებში ნაცვლად მათი ინტერესების ლობირებისა, ხელისუფლების ლობირებას ახდენს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელს, ნანა ტოხვაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ  „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ხელისუფლების გამპრავებლის როლი აქვს მორგებული.

„მასწავლებელთა პროფკავშირზე“ საუბრისას პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს ორგანიზაცია რეალურად არ იცავს მასწავლებელთა ინტერესს. ყველა ევროპულ ქვეყანაში., პროფესიული კავშირები არის პირველ რიგში, იმ პროფესიის ადამიანების ინტერესების ლობისტი. ჩვენს შემთხვევაში მასწავლებელთა პროფკავშირსაც ისევე როგორც ბევრ სხვა ორგანიზაციას, აქვს მახინჯი ფორმა მიღებული და რეალურად სამინისტროს მიღებული გადაწყვეტილებების, აი რეფორმებს რომ არქმევენ, იმგვარი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების გამმართლებლებად და გამპრავებლებად გვევლინებიან ხოლმე. სამწუხაროდ ამ წლების განმავლობაში რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ბევრი დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო მასწავლებლებთან დაკავშირებით, პროფკავშირები არცერთ შემთხვევაში არ იდგნენ მოპროტესტე მასწავლებლების და მოპროტესტე დირექტორობის კანდიდატების გვერდით. მე მახსენდება ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როდესაც უსტატუსო მასწავლებლებს აძევებდნენ სკოლიდან უცერემონიოდ, შუა სემესტრში, მაშინ ჩემი პირადი და სხვა კოლეგა მასწავლებლების ძალისხმევით მოვახერხეთ, რომ ეს ადამიანები სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილიყვნენ თავიანთ სამუშაო ადგილზე და დაახლოებით 700-800 მასწავლებელს მივეცით საშუალება დაესრულებინათ სასწავლო წელი, პროგრამა და ამის შემდეგ თუ კვალიფიკაცია მათი არ იყო შესაბამისი, მხოლოდ ამის შემდგომ მომხდარიყო მათი გადინება სკოლიდან, არც მაშინ ჩანდა პროფკავშირი აქტიურად. ასევე მახსენდება დირექტორთა გამოცდების დანიშვნის და მათი არასამართლიანად შერჩევის პირობებში მოქცევა, კომპეტენტური კანდიდატები, რომლებთანაც არც ერთხელ პროფკავშირის წარმომადგენელი, ან მაია კობახიძე ან მისი მოადგილე არ მობრძანებულა და არ უკითხავთ ამ ადამიანებს რა პრობლემას უქმნიდა სახელმწიფო. ანუ ფუნდამენტი ამ ადამიანების და მთავარი მისია უნდა აიყოს სასკოლო საზოგადოების ინტერესების დაცვა, მასწავლებელთა და დირექტორთა ინტერესების დაცვა, მაშინ როდესაც ვხვდებით საპირისპიროს, მხოლოდ სამინისტროს ინტერესების გატარებას. ძალიან ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით გამოდიან ხოლმე, რომ ისინი უზრუნველყოფენ მასწავლებელთა სახელფასო ფორმულაზე დადებითი როლის თამაშს და უზრუნველყოფდნენ მასწავლებლებთან კომუნიკაციას, ამის ფონზე კი მასწავლებლები უკმაყოფილოები არიან ახალი სახელფასო ფორმულით, პროფკავშირები კი დუმს.

Cnews-ის მიერ დასმულ შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მოხდეს პროფკავშირების გამოყენებით მასწავლებლებზე ზეწოლა წინასაარჩევნოდ, ტოხვაძე გვპასუხობს:

„ცხადია, სამწუხაროდ სამინისტრო იყენებს ყველა ბერკეტს და პრაქტიკულად სკოლაც მათთვის აღქმულია როგორც საარჩევნო რესურსი და მათ შორის მასწავლებლები, როგორც ხმის მომტანი საარჩევნო ყულაბის შემვსები კონტინგენტი. ამ შემთხვევაში ცხადია იმ ურთიერთ შეთანხმებას, რომელიც პროფკავშირებსა და სამინისტროს შორის არსებობს, ამას გამოიყენებენ სახელისუფლებო პარტიის ინტერესების გასატარებლად. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია იგეგმება ალტერნატიული პროფკავშირის შექმნაც, ძალიან დიდი უკმაყოფილება არის პედაგოგებში მისი საქმიანობიდან გამომდინარე, იმ ადამიანებში, რომლებიც საკუთარი ჯიბიდან აფინანსებენ პროფკავშირებს და ცხადია ეს ნებაყოფლობითია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას, პროფკავშირების და სამინისტროს მხრიდან ეძლევა სავალდებულოობის სახე, არ არის პატარა თანხა თუნდაც 2%. თუ ეს ორგანიზაცია მოემსახურებოდა მასწავლებლების ლობირებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე იქნებოდა ორიენტირებული, შეიძლება გვეთქვა, რომ ეს უზარმაზარი თანხები გამართლებული იყო, რომ დახარჯულიყო პროფკავშირის საქმიანობაზე, მაგრამ რეალურად მასწავლებელთა კორპუსში, ძალიან დიდი უკმაყოფილებაა მათი საქმიანობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მან.

გიგა გელხვიიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა