პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა - დავით კეზერაშვილი

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ორგანოების და ინსტიტუტების გამოყენებით, განაგრძობს  ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას - ასე ეხმაურება დავით კეზერაშვილი პროკურატურის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, უწყებამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, რომელშიც ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელები ფიგურირებს.

კეზერაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მისი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა.

"საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ორგანოების და ინსტიტუტების გამოყენებით, განაგრძობს  ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. 6 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერმინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა, ასევე სამთავრობო მედიების მიერ პროკურატურის ბრალდებების ღიად პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ  მორიგ თავდასხმას წინ უძღოდა აშშ-ის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) განცხადება, რომელიც ნათელს ჰფენს საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ მოქმედებებს და მოტივებს. ჰელსინკის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ქართული ოცნება მსოფლიოს გარშემო ქოლცენტრების ქსელებიდან მიღებულ შავ ფულს იყენებს, რათა დააფინანსოს საკუთარი ოპერაციები და შეავიწროვოს ოპოზიცია. ოლიგარქ ივანიშვილის მხილებული ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს შედეგები, რასაც მას უქადის ამ მძიმე დანაშაულში სახელმწიფოს ზურგით მონაწილეობა, ამიტომ ცდილობს, ისრები პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიმართოს.

აქვე აღვნიშნავ, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ჩემს სახელს მცდარად აკავშირებდა ქოლცენტრების ქსელთან, გასაჩივრებულია ბრიტანულ სასამართლოში და ეს გარემოება, შენიშვნის სახით, ხსენებულ ფილმს თან ერთვის.  ამ მოვლენების მიმდინარეობისას, მისი საკონტროლო პაკეტი, ტელეკომპანიის დასაცავად, თანამშრომლებს გადაეცა. ფილმის შესახებ დავის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი მისი დასრულებისთანავე გახდება" - ნათქვამია კეზერაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს, რომელშიც დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელები ფიგურირებს.

უწყების მტკიცებით, შპს მორგან ლიმიტედის სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. 

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა