რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი ცოდვილ დედამიწაზე ოლიმპოდან? - გია ხუხაშვილი

სულ ნახვები : 1,047
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სიის პირველი ნომრობა, რაზე მეტყველებს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო სიის პირველი ოცეულის შემადგენლობა?

CNews-ს კითხვებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პასუხობს:

_ ის რომ ცოდვილ დედამიწაზე დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი ოლიმპოდან, ეს რა თქმა უნდა,  სევდიანი ისტორიაა, ეს არ არის მისი არჩევანი, ეს არის იძულებითი არჩევანი, ტრაგიზმით არის თავისთავად აღსავსე მისი  ეს გადაწყვეტილება, პიროვნული ტრაგიზმი მაქვს  მხედველობაში. რაც  შეეხება  პოლიტიკურ  განზომილებას, ვფიქრობ, პირველი ნომრობა მას სჭირდება, იმიტომ რომ არ აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“ ერთპიროვნულად მოვა ხელისუფლებაში. თეორიულად, ის განიხილავს, რომ მიუწევს მოლაპარაკებების წარმოება რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფთან კოალიციის შესაკრავად და მას უნდა ჰქონდეს იმის კომფორტი, რომ ირაკლები „ჩარეცხოს“ საჭიროების შემთხვევაში. თუ რომელიმე  მათგანი სიის პირველი ნომერი იქნებოდა, გასაგებია, რომ ეს გართულდებოდა. ამიტომ მან  მთელი პროცესის კონტროლი აიღო ხელში, მათ შორის ფორმალური კონტროლი.

მეორე პოლიტიკური  მოტივაცია არის იმუნიტეტის შეძენა, რაც ძალიან სჭირდება სამომავლოდ, მას აქვს ეს შფოთვები და შიშები, ბუნებრივია. არ მგონია, რომ ის პარლამენტში დარჩეს საბოლოო ჯამში, მისი სამიზნე პრეზიდენტის სავარძელია. პრეზიდენტის სტატუსი მისთვის განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან შეეძლება ფორმალურად ჰქონდეს სახელმწიფო მეთაურის სტატუსი და  მართოს ქვეყანა ისე, რომ 24 საათი კაბინეტში ჯდომა არ მოუწიოს და პოლიტიკური იმუნიტეტი ჰქონდეს.

სიის პირველი ნომერი მას სჭირდება იმისთვის, რომ მანევრი ჰქონდეს, რომ რომელიმე ოპოზიციურ ჯფუფთან გამართოს მოლაპარაკება. გასაგებია, რომ არცერთი ოპოზიციური ჯგუფი კობახიძესა და ღარიბაშვილს მოლაპარაკებებზე არ დაუჯდება.

_ რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში ტიტულოვანი სპორტსმენების გამოჩენას, რას იტყვით ამის შესახებ?

_ ესეც ერთი სევდიანი ისტორიაა. გასაგებია, რომ ბიძინას უნიტარული სისტემაა ისე მომართული, რომ ღილაკზე თითის დამჭერები უნდა ყავდეს მაგრამ ადრე მაინც პოულობდნენ მართლაც ცნობად სახეებს სხვადასხვა  სფეროდან - ეკონომისტი,  იურისტი, კულტურის მოღვაწე, განათლების სფეროს მოღვაწე, ვიღაცებს პოულობდნენ, მაგრამ  ახლა ვეღარავინ ვეღარ იპოვეს, მათთან თანამშრომლობაზე ყველა უარს აცხადებს, იპოვეს ორი კინკილა სპორტსმენი, ისინი ჩაწერეს სიაში, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა ცუდ დღეშია „ქართული ოცნება“.  ერთი კითხვა ის ისმის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე როდესაც გაქვს პრეტენზია, რატომ წარადგენ ოცკაციან სიას და 50-იანს რატომ არ წარადგენ?

_ ხომ არ ემსახურებოდა ეს იმ „გაცვეთილი სახეების“ გადამალვას, რომელთა მიმართ საზოგადოების განწყობა არასახარბიელოა? ასევე ამ ოცკაციან სიაში ვერ მოხვდნენ ვერც ის დელეგატები, რომლებიც უკვე წარადგინეს, ამის შესახებ რას იტყვით?

_ „გაცვეთილი სახეების“ ნაწილი მოხვდა. აბა, 50 კაციანი სია რომ წარედგინათ, უფრო მეტად გამოჩნდებოდა ეს. მოკლე სია წარადგინეს, რომ მთელი ეს მარაზმი არ გამოჩენილიყო.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა