საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 24 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 51 საჯარო მოსამსახურე, რომელიც სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ჩართული იყო - ISFED

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 24 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 51 საჯარო მოსამსახურე, რომელიც სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ჩართული იყო - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტების კოორდინატორმა,  ქრისტინა ფარჯიანმა, განაცხადა.

მისივე თქმით, „ფეისბუქზე“ საანგარიშო პერიოდში არაოფიციალურ კამპანიაში ჩართული 76 გვერდი გამოიკვეთა.

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებისას საჯარო მოსამსახურეებს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. თუმცა, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 24 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 51 საჯარო მოსამსახურე, რომელიც სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ჩართული იყო და „ფეისბუქზე“ ამგვარი ერთი პოსტი მაინც გამოაქვეყნა.

ყველა თვითმმართველ ერთეულში დასაქმებული საჯარო მოსამსახურის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტ(ებ)ი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან/და ოპოზიციური პარტიების საწინააღმდეგო იყო, გარდა ერთი მუნიციპალიტეტისა (წალენჯიხა).

„ფეისბუქზე“ საანგარიშო პერიოდში არაოფიციალურ კამპანიაში ჩართული 76 გვერდი გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“/საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მოქმედმა ანონიმურმა გვერდებმა, ანტიოპოზიციურთან შედარებით, 790-ით მეტი პოსტი გამოაქვეყნეს და 403 870-ით მეტი ინტერაქცია დააგროვეს. მეორე მხრივ, „ფეისბუქზე“ გავრცელებული პოსტების რაოდენობითა და ინტერაქციით მმართველი პარტიის მხარდამჭერი კამპანიის მასშტაბი აღემატებოდა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი კამპანიის მასშტაბს.

ანონიმურ გვერდებთან ერთად, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა ამავე მიზნით შექმნილი „ფეისბუქპროფილები“, რომლებიც გვერდების მსგავს გზავნილებს ავრცელებდნენ.

„ფეისბუქზე“ მოქმედ ანონიმურ კამპანიებში კვლავ გამოწვევად რჩება დარეკლამებული პოსტების გაუმჭვირვალედ დეკლარირება. Meta-ის რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემების მიხედვით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ, ხელისუფლების მხარდამჭერ და ცრუ მედიის გვერდებზე ჯამურად 218 რეკლამა გამოქვეყნდა. მათი დიდი ნაწილი არასაკმარისად, რეალური გადამხდელის მითითების გარეშე იყო დეკლარირებული. ამასთან, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საანგარიშო პერიოდში მოცემულ გვერდებზე დამატებით 13 პოლიტიკური რეკლამა გამოავლინა, რომლებზეც გადამხდელის ვინაობა საერთოდ არ იყო მითითებული“, - განაცხადა ფარჯიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა