„კორუფციამ საქართველოში „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო“ - მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი, მორუგ ანგარიშს აქვყენებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის - თითქმის სრული დაუსჯელობით.

მათივე შეფასებით, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, „მმართველი პარტიის დამფუძნებლის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება“ და ამასთან, მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო „შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე.

მაღალი დონის კორუფციის პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე მიუთითებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები, საერთაშორისო შეფასებები, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, გამომძიებელი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევების სულ უფრო მზარდი რაოდენობა.

საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. მაგალითად, პროკურატურისა და სუს-ის გასული წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს - მერი და ყოფილი გუბერნატორია. რეაგირების გარეშე რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კორუფციულ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლა აუცილებლად გულისხმობს საჯაროდ გავრცელებული მაღალი დონის კორუფციის ყველა სავარაუდო შემთხვევაზე გამოძიების დაწყებას ან გამოძიების არ-დაწყების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების საჯაროდ ხელმისაწვდომობას. ამის საწინააღმდეგოდ, სუს-ი და პროკურატურა ამ ინფორმაციას არც პროაქტიულად აქვეყნებენ და არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში გასცემენ.

მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოსა და პროკურატურის კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება გადაეცეს დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი რესურსებით, უფლებამოსილებითა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რათა მიუკერძოებლად და საგულდაგულოდ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები.

ჯერ კიდევ 2018 წელს ევროპარლამენტის რეზოლუცია აღნიშნავდა, რომ „მაღალი დონის ელიტური კორუფცია საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება“ და მთავრობას ანტიკორუფციული სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოცალკევების და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების მყისიერი გამოძიებისკენ მოუწოდებდა. 2022 წლის ივლისში კი, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ წინაპირობად ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, მისი ყველა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციით აღჭურვა და „მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების საგულდაგულოდ გამოძიება“ დაასახელა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიც (OECD/ACN) 2016 წლიდან მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურისთვის ანტიკორუფციული საგამოძიებო უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ.“ OECD/ACN-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ანტიკორუფციული სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურში არსებობა კითხვებს ბადებს,“ ამასთან, „დამატებით გამოწვევას წარმოადგენს პროკურატურის შიგნით გამოძიებისა და დევნის კომპონენტის თანაარსებობა, რამაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ძალაუფლების დაბალანსებისა და ურთიერთკონტროლის პრინციპს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა