თაღლითობა თუ გაუგებრობა - სად გაქრა მექსიკის ვიზები და დიდი ოდენობის თანხა?

სულ ნახვები : 1,400
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საინფორმაციო სააგენტო CNews - ს მოქალაქე მარიტა გეგუჩაძე დაუკავშირდა, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონკრეტულ პიროვნება მის მეუღლეს მექსიკის ვიზის დამზადებაში უნდა დახმარებოდა, რათა შემდგომში მას ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ ამერიკაში გადასულიყო, თუმცა, პიროვნება, რომელიც მათ უნდა დახმარებოდა გაქრა.

როგორც გეგუჩაძე გვიყვება, კახაბერ თავაძე ვისაც მისი მეუღლისთვის მექსიკის ვიზა უნდა დაემზადებინა დააკავეს, თუმცა საპატიმროდან გამოსვლის შემდგომ თავაძე კუთვნილ თანხას, რომელიც საბუთების დამზადებისთვის ჰქონდათ გადახდილი არ უბრუნებს.

„ჩემს მეუღლეს, (გიორგი სულაქველიძე) სურდა საზღვარგარეთ, კერძოდ კი ამერიკაში წასვლა და კახაბერ თავაძე დაგვპირდა მექსიკის ვიზის გაკეთებას. ამისთვის მან ჩვენგან 6 000 დოლარი აიღო, ეს ხდება დაახლოებით თებერვალ-მარტში, ამის შემდგომ ის დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვქონია. დაახლოებით ივნისის თვიდან მოყოლებული, ეს ადამიანი ჩვენ გვეუბნება, რომ ამ თანხას დაგვიბრუნებს, თუმცა არ გვირიცხავს ანუ ფაქტობრივად გვატყუებს.

სულ 800 დოლარამდე აქვს ამ დროის მანძილზე აქვს ჩარიცხული, რეალურად კი 6 000 დოლარი უნდა მოეცათ.

მინდოდა, რომ გამევრცელებინა ინფორმაცია სხვადასხვა ჯგუფებში, სოციალურ ქსელში თუმცა დამარეპორტა და ვერ მოვახერხე. მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მეუღლეს სურდა, რომ საზღვარგარეთ წასულიყო“, - განუცხადა გეგუჩაძემ CNews-ს.

CNews საკითხის უფრო სიღრმისეულად გასარკვევად, კახაბერ თავაძეს და მის იურისტს, ნიკოლოზ კვანტრიშვილს დაუკავშირდა. ისინი CNews-თან საუბარში არ უარყოფენ, რომ ეს თანხა ნამდვილად აიღო თავაძემ გიორგი სულაქველიძისგან, თუმცა აცხადებენ რომ შეიქმნა გარკვეული სახის პრობლემები, რის გამოც ვერ მოხერხდა სულაქველიძის წაყვანა მექსიკაში და ვერც სრული თანხის დაბრუნება, მაგრამ ისინი ოჯახს გადახდის კონკრეტულ გრაფიკზე შეუთანხმდნენ. ამავე საუბრიდან ირკვევა ისიც, რომ მსგავს სიტუაციაში სალუქვაძის გარდა, კიდევ 15-მდე პირი იმყოფება.

„როდესაც ეს ადამიანები უნდა წამეყვანა იმ პერიოდში დამაკავეს და როდესაც გამოვედი უკვე რთული ფინანსური მდგომარეობა მქონდა. სანამ ეს ყველაფერი მოვაგვარე გავიდა დრო და ეს იყო ხელისშემშლელი ფაქტორი. ისევ დავიწყე ჩემი საქმის კეთება და უკვე იქითა კვირიდან შევუდგები გიორგი სულაქველიძის თანხის გადახდას. მართლა ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა დაკავების გამო“ - განუცხადა CNews-ს თავაძემ.

„მათ ვერ უბრუნდებოდათ ეს თანხა, რადგანაც კახაბერ თავაძეს ჰქონდა პრობლემა, რომელზეც უკვე გესაუბრათ, შემდგომში მივაღწიეთ იმას, რომ მომხდარიყო საპროცესოთი მისი გათავისუფლება, თვენახევრის წინ გამოვიდა ის გარეთ, ყველაფერი ეს იყო ხარჯებთან დაკავშირებული. აქ მხოლოდ გიორგი სულაქველიძეს საკითხი არ იყო, დაახლოებით 16 ადამიანი იყო, რომლებიც უნდა წაეყვანა ბატონ კახაბერს, თუმცა ზემოხსენებული გარემოების გამო ეს ვერ მოხერხდა. ახლა ყველასთან ვალაგებთ სიტუაციას, ვწერთ გრაფიკს, ასევე შევათანხმეთ გიორგისთანაც გრაფიკი, მაგრამ დაერღვა ეს გრაფიკი. მე ვესაუბრე ბატონ გიორგის, რომ ნოემბრის თვეში დაფარული იქნებოდა 2000 დოლარი და მარტამდე დაიფარება ეს თანხა სრულად. შეიძლება დაირღვეს ვადები, მაგრამ გრაფიკი არ დაირღვევა“, - აცხადებს თავაძის უფლებადამცველი, ნიკოლოზ კვანტრიშვილი.

თავაძესთან და კვანტრიშვილთან საუბრის შემდგომ, CNews კვლავ დაუკავშირდა მარიტა გეგუჩაძეს, რათა გადაემოწმებინა ნამდვილად შედგა თუ არა საუბარი მის მეუღლესა და კახაბერ თავაძის ადვოკატ, ნიკოლოზ კვანტრიშვილს შორის და შეეხებოდა თუ არა ეს საუბარი კონკრეტული გადახდის გრაფიკს, რაზეც გეგუჩაძემ გვიპასუხა:

„ეს თანხა უნდა გადმოერიცხათ 10 ოქტომბერს, თუმცა თანხა საერთოდ არ გადმორიცხულა. ჩემს მეუღლესთან შედგა მათი საუბარი, როდესაც უთხრეს, რომ 10 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე გადაევადებინათ თანხის მიცემის დრო, ვინაიდან ბანკში უნდა მოეგვარებინათ გარკვეული საკითხები, ამ ორი დღის შემდეგ დღეს უკვე 17 რიცხვია, ყოველდღიურად ხდება ჩვენი მოტყუება და მეტი არაფერი, ის 800 დოლარი მოგვცეს ივნისის თვეში“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები