„ევროპის ჩემპიონატზე ნიკა მინიმუმ ერთ გოლს გაიტანს“ - ნიკა კვეკვესკირის პირველი მწვრთნელის მოლოდინები

სულ ნახვები : 2,640
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა. საქართველოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა საქართველო-საბერძნეთის თამაშზე საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა და თავი არ დაზოგა, შედეგმაც არ დააყოვნა და თამაში მოგებით დასრულდა ანგარიშით 4:2.

საბერძნეთთან მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი პენალტი ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა.

ნიკა კვეკვესკირი 1992 წლის 29 მაისს ზუგდიდში დაიბადა.  ქართველი ფეხბურთელი, გორის „დილას“ ნახევარმცველია. გამოდიოდა საქართველოს 17 და 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში, 2010 წლიდან საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი იყო. კვეკვესკირმა პირველად, 8 წლის ასაკში, საფეხბურთო კლუბ „ყოჩებში“ დაიწყო საფეხბურთო კარიერა.

Cnews-ი ესაუბრა ნიკა კვეკვესკირის პირველ მწვრთნელს, ვალერი გულორდავას. საფეხბურთო კლუბ „ყოჩების“ მწვრთნელმა ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა ნიკას ბავშვობასა და მის ემოციებზე, როცა საქართველომ გაიმარჯვა.

_ პირველ რიგში გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები, რომელიც გამარჯვების პირველ წუთებში დაეუფლათ

_ წარმოუდგენელი ემოციები იყო, ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. ასეთი ემოციები ცხოვრებაში არ მქონია, მთელი ღამე ჩემს ოჯახში იყო ენითაუღწერელი სიხარული, ქეიფი. ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ემოციასაც გააჩნია - მსგავსი ცხოვრებაში არ მიგრძვნია. როცა ნიკას გოლი უნდა გაეტანა  რამდენიმე წამი სუნთქვა შემეკრა, სანამ არ გაიტანა ვერ ამოვისუნთქე. ნიკას, როცა ჩემს გუნდში იყო, დავალებული ჰქონდა 11 მეტრიანების დარტყმა, არ მახსოვს როდესმე აეცილებინა და არ გაეტანა გოლი. ასევე, აღსანიშნავია, რომ სულ მარჯვენა მხარეს ურტყამდა. როცა გოლის გასატანად მოემზადა ოჯახის წევრებს ვუთხარი: „აი, ნახავთ ახლა მარჯვნივ დაარტყამს და გაიტანს გოლს“ 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლს გაიტანდა.

_ რამდენი წლის იყო ნიკა, როცა თქვენს გუნდში დაიწყო თამაში და როგორი ბავშვი იყო?

_ ნიკა ჩემს გუნდში 2000 წელს მოვიდა მაშინ 8 წლის იყო, 2000 წლიდან 2009 წლამდე თამაშობდა ჩემთან. ძალიან მაგარი ბავშვი იყო, ყოველმხრივ ნიჭიერი და ზრდილობიანი. ყოველი სემეტრის ბოლოს დავდიოდი ჩემი მოსწავლეების სკოლაში, ვამოწმებდი გაცდენების რაოდენობას, აკადემიურ მოსწრებას და მათ ყოფა-ქცევას ვანიჭებდი ასევე დიდ მნიშვნელობას. ნიკა იყო ხუთოსანი, ინგლისურ ენას ფლობდა იდეალურად. მოკლედ რომ ვთქვა, სკოლაშიც და ფეხბურთშიც წარჩინებული მოსწავლე იყო.

_ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა ერთ-ერთ შეკრებაზე ვერ წავიდა ფინანსების არქონის გამო, ამან მოტივაცია ხომ არ დაუკარგა?

_ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკას ოჯახს ეკონომიკური კრიზისი ჰქონდა და ამის გამო არ გაუშვეს წვრთნებზე არის არასწორი ინფორმაცია და მტკნარი სიცრუე, რომელიც რამდენიმე ტელევიზიამ აიტაცა გადამოწმების გარეშე. არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ოჯახს და მსგავსი არასოდეს არ მომხდარა. მადლობა, რომ გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია, მინდოდა ეს ხმამაღლა მეთქვა.

_ აღნიშნეთ, რომ 2009 წლამდე თამაშობდა ნიკა თქვენს გუნდში, რატომ გაიყო თქვენი გზები?

_ საფეხბურთო კლუბ „ბაიაში“ ჩამოიყვანეს გერმანელი მწვრთნელი, რის შემდეგაც გადავიდნენ დიდ შემადგენდლობაში და მე დავრჩი ზუგშემადნელობაში. ნიკაც გადავიდა მათთან, შესაბამისად ჩემს გუნდში აღარ თამაშობდა, მაგრამ თვალყურს ვადევნებდი სულ

_ რა მოლოდინები გაქვთ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით?

_ ჩვენს ნაკრებში ისეთი ბიჭები არიან მაქსიმუმს გააკეთებენ და მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაახარებენ საქართველოს.  დარწმუნებული ვარ ნიკა ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩენს თავს, მისგან მინიმუმ ერთ გოლს ველოდები.

მარიამ ხარებავა, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა
სპორტი ► Მეტის ნახვა