ნიკა კალანდარიშვილი: ძალიან გვინდა ჩვენი ძალა და შესაძლებლობები ევროტურნირებზეც გამოვცადოთ

სულ ნახვები : 543
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს საბურთალო და სამგურალი დაუპირისპირდება. საბურთალოს ეს ტიტული მონაგები აქვს, სამგურალს ორჯერ ჰქონდა მცდელობა, ხოლო თუ მესამე ცდაზე მოიგებს, გახდება მეცამეტე გუნდი, რომელიც თასს შემართავს.

მატჩის წინ სამგურალის 23 წლის მცველს, ნიკა კალანდარიშვილს ვესაუბრეთ, რომელსაც კარიერის ნაწილის გატარება ირლანდიაშიც მოუსწრია.

- სამგურალი ზედიზედ მეორე ფინალს თამაშობს. როგორი განწყობაა გუნდში და როგორ ემზადებოდით სატიტულო მატჩისთვის?

- ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. გუნდი ამ თამაშისთვის ოპტიმალური შემადგენლობით ემზადებოდა. განწყობაც მშვენიერი გვაქვს, ტრავმები არ გვაწუხებს და ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გუნდმა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს.

- მეტოქე ხელწამოსაკრავი არ არის. საბურთალომ ნახევარფინალში საქართველოს ჩემპიონი ბათუმის დინამო დაამარცხა.

- საბურთალო ძალიან კარგი გუნდია და ეს თასის ნახევარფინალის გარდა ჩემპიონატშიც დაამტკიცა, სადაც დაძაბულ კონკურენციაში მეოთხე ადგილზე გავიდა. განსაკუთრებით შეტევაში გადადიან ძალიან სწრაფად და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ცხადია, ბათუმის დინამოს საბურთალო გვერჩივნა. თუმცა, ფავორიტად ახლაც მეტოქეს მოიაზრებენ, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ არ ვართ და ვეცდებით ჩვენი შანსი გამოვიყენოთ.

- სოსო ფრუიძეს სათასო მწვრთნელად მოიხსენიებენ. რამე განსაკუთრებული მიდგომა აქვს თასის თამაშებზე?

- არაფერი განსხვავებული მიდგომა არ აქვს, ყველა თამაშისთვის ერთნაირად ვემზადებით. ტაქტიკა იცვლება მხოლოდ მეტოქე გუნდების სათამაშო სტილიდან გამომდინარე, დანარჩენი ყველაფერი ერთნაირად ხდება. ჩვეულებრივ ვემზადებით: მწვრთნელები გვიტარებენ პრაქტიკულ და თეორიულ ვარჯიშებს, გვიხსნიან მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ჩვენც ვცდილობთ ეს მოედანზე გადავიტანოთ. ცხადია, ყველა თამაშის მოსაგებად გავდივართ და ასე იქნება ფინალშიც. იმედია, მწვრთნელის სათასო გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება, ცოტა იღბალიც საჭიროა და ტიტულიც ახლოს იქნება.

- და მერე უკვე ევროტურნირებია.

- კი. ყველას ძალიან გვინდა ჩვენი ძალა და შესაძლებლობები ევროტურნირებზეც გამოვცადოთ.

- არადა, ჩემპიონატი ისე დაიწყეთ, ევროტურნირებისთვის ბრძოლა იმ „ფრონტზეც“ შეგეძლოთ, მაგრამ სეზონის ბოლოს ფლეი აუტის თავიდან აცილება გახდა საჭირო.

- უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ვატარებდით და რაც მთავარია, ის დავალება შევასრულეთ, რაც დასახული გვქონდა – უმაღლეს ლიგაში დარჩენა. მთლიანობაში მაინც დადებითად შევაფასებდი, იმიტომ რომ ელიტაშიც დავრჩით და თასის ფინალშიც ვართ.

- ერთი სეზონი ირლანდიის პირველ ლიგაშიც თამაშობდი. რა განსხვავებაა საფეხბურთო დონესა და ინფრასტრუქტურას შორის?

- საკლუბო დონეზე სხვაობა თითქმის არ არის. განსხვავება მხოლოდ სათამაშო სტილშია – საქართველოში უფრო ტექნიკურ ფეხბურთს ვთამაშობთ, ირლანდიაში კი ძალისმიერი ფეხბურთია. წარმოიდგინეთ, ინფრასტრუქტურაც კი დიდად არ განსხვავდება. ძირითადად ხელოვნური სტადიონებია, მაგრამ ბევრი. აქვთ კარგი სტადიონებიც, მაგრამ მცირე რაოდენობით. საქართველოშიც გვაქვს ისეთი სტადიონები, რომელიც ირლანდიისას არაფრით ჩამოუვარდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა
სპორტი ► Მეტის ნახვა