„გავიფიქრეთ რომ ეს იყო ჩვენი ცხოვრების ბოლო წამი“ - რას იხსენებს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე

სულ ნახვები : 5,372
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შოვში მომხდარ სტიქიური უბედურებას, გადარჩენილი ადამიანებიც ჰყავს, რომლებსაც დღეს, ყველაზე მეტად რეალისტურად და თანმიმდევრულად შეუძლიათ გაიხსენონ და აღწერონ ის პროცესები, რომლებიც 3 აგვისტოს, კურორტ შოვში განვითარდა.

CNews-ერთ-ერთ მათგანს, მარიამ ბერიანიძეს დაუკავშირდა, რომელიც შოვის ტრაგედიას ოჯახთან ერთად გადაურჩა.

რა მოხდა 3 აგვისტოს და რას განიცდიდნენ სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ მარიამ, ის დღე რომ გაიხსენოთ - როგორ დაიწყო ყველაფერი?

_ სანამ ეს პროცესები დაიწყებოდა მე, ჩემი მეუღლე და ოთხი წლის შვილი ავედით ამ მთის ძირას, გვინდოდა, რომ ოჯახური პიკნიკი მოგვეწყო. ფიჩხს ვაგროვებდით, როდესაც საშინელი ხმაური გავიგეთ, რომელმაც გაგვიჩინა  ეჭვი, რომ ვერტმფრენი ვარდებოდა, შემდეგ უცებ დავინახეთ, რომ მთელი მთის მასა მოწყდა, მოდიოდა მიწა, რომელსაც მოჰქონდა ხეები. ჩემმა მეუღლემ ბავშვი ხელში აიტაცა და გავიქეცით, შევეცადეთ, რომ მეწყერს გავქცეოდით და ქვედა მხარეს დავიძარით.

_ რამდენად მძლავრი იყო მიწის ტალღა, რომელიც მოდიოდა?

_ მეწყერის პირველი ტალღა იყო უზარმაზარი და ამ ტალღამ წალეკა ეს კოტეჯები და ყველაფერი. ძალიან დიდი იყო, დაახლოებით ხუთ მეტრამდე იქნებოდა ალბათ, საშინელი ქაოსი იყო იმ მომენტში, გავრბოდით, შემდგომში კალცის ხიდთან გავიჭედეთ. ხიდმა გადაგვარჩინა იმით, რომ ღვარცოფის პირველ ტალღას გაუძლო და მოვასწარით, რომ ხეებს ავრიდებოდით რაღაცნაირად და მალევე დავინახეთ, რომ არანაკლებ დიდი, მეორე ტალღა მოდიოდა და მივედით, რომ ფიზიკურად ხიდი ამას ვერ გაუძლებდა, ვიყვირეთ, რომ ხიდიდან გადავიდეთ თქო, გადავედით და ხიდიც წაიღო მეწყერმა, ასევე სრულიად გაანადგურა მიმდებარე ტერიტორია.

ამ ტალღამ ჩვენც გადაგვიარა და წარმოდგენა არ მაქვს ცოცხლები როგორ გამოვედით, ამავდროულად კი მესამე ტალღაც წამოვიდა და თვითონ ამ მეწყერისგან გაჩენილ პატარა კუნძულზე ავსულიყავით, რომ თავი გადაგვერჩინა, თორემ კიდევ ერთ დარტყმას ვეღარ გავუძლებდით, იმდენად გვქონდა ფეხები ჩაფლული ტალახში. დაგვისველდა ტანსაცმელი დავმძიმდით ძალიან. ამ ტალღის გადავლის მომენტში, გავიფიქრეთ კიდევაც, რომ ეს იყო ჩვენი ცხოვრების ბოლო წამი, რაღაც საშინელი მომენტი იყო.

_ იყავით თუ არა გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ ეს არ იყოს მდგრადი რეგიონი და შესაძლებელი იყო მსგავსი გართულებები ყოფილიყო?

_ გაფრთხილებულები საერთოდ არ ვიყავით, რომ რაღაც მეწყერსაშიშ ზონაში ვიყავით, ან საშიშროება იყო იმის რომ მთა მოწყვეტილიყო, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა.

_ დღევანდელი გადმოსახედიდან რას ეტყოდით ადამიანებს?

_ დღევანდელი გამოსახედიდან ყველა დაკარგულ ადამიანს ვისაც ეძებენ მათ ოჯახებს მინდა ვუსურვო გამძლეობა და იმედი, რომ ყველა სახლში დაბრუნება ცოცხალი და უვნებელი. ჩემი გული იგლიჯება იმაზე ფიქრით რა დღეში არიან ის ადამიანები, რომლებიც ეძებენ თავიანთ ნათესავებს, ახლობლებს, შვილებს. მინდა ღმერთმა ყველას აპოვნინოს საკუთარი ნათესავი ვისაც ეძებს და ამ სტიქიაშია მოყოლილი.

გიგა გელხვიიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა