ოფისთან გვიგდებენ პაციენტებს უგონო მდგომარეობაში - როგორ ცხოვრობენ ნარკოდამოკიდებული ქართველები აშშ-ში

სულ ნახვები : 3,929
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მას შედეგ, რაც საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანების და ნარკოტიკების გავრცელების საკითხი, გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გააქტიურა, რედაქციაში არაერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, რომლებმაც გარკვეული სახის ინფორმაციები მოგვაწოდეს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლებს და მათ რეალიზატორებს ე.წ. ბარიგებს ეხებათ.

სწორედ ნარკოდამოკიდებულება აღმოჩნდა პრობლემა, რომელიც ქართველებისთვის აქტუალური არა მხოლოდ აქ, საქართველოში, არამედ აშშ-ც აქტუალურია.

აშშ-ში მოქმედი სათვისტომო ორგანიზაციის წარმომადგენლის ნათია ფურცხვანიძის განცხადებით, დღის მანძილზე დაახლოებით 15-მდე სატელეფონო ზარს იღებენ, სადაც ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ჰყვებიან, უმეტეს შემთხვევაში კი დახმარებას ითხოვენ, რათა სიცოცხლე გადაირჩინონ.

CNews-ს ფურცხვანიძე უყვება, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათი ინფორმაციით  ნარკოდამოკიდებული, დაახლოებით 64 ქართველი გარდაიცვალა.

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

ჩვენ ვართ სათვისტომო ორგანიზაცია „თვისტომი“, ეს ორგანიზაცია 20 წელია ეხმარება ქართველებს, ადრე ის უფრო მეტად იყო სკრინინგ ცენტრი, თუმცა მას შემდგე რაც მოიმატა მექსიკიდან შემოსულმა ადამიანებმა, ეს ხდება ბოლო ორი წლის მანძილზე, ძალიან შესამჩნევი გახდა ეს პრობლემა, რაც ნარკოტიკებს შეეხება.

მე თავად ექიმი ვარ, ტოქსიკოლოგი და გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით ამ ადამიანებს. ორგანიზაციაში პანდემიის დროს შეიქმნა ცხელი ხაზი, რომლის მიზანიც იყო, რომ დავხმარებოდით ადამიანებს და ეს ცხელი ხაზი, პანდემიის დასრულების შემდგომაც დავტოვეთ და მისი მეშვეობით ჩავერთეთ ამ პრობლემების მოგვარებაში.

თავიდან ისე იყო, რომ ვეხმარებოდით ადამიანებს ძირითადად ენის ბარიერის გადალახვაში, აქ, ბრუკლინში რუსული მაინც უნდა იცოდე თუ, ინგლისური არ იცი. აქ შემოსულები არიან ახალი თაობის ადამიანები ძირითადად, რომლებმაც ხშირად არც ერთი ენა იციან და არც მეორე.

ახალი თაობაა უფრო მეტად ნარკოდამოკიდებული?

მე ვერ ვიტყვი, რომ ახალი თაობა უფრო მეტად არის დამოკიდებული ვიდრე სხვები, ჩვენ გვყავს 45, 50, 55 წლის პაციენტებიც დაახლოებით, 60 წლამდე, მაგრამ ყველაზე მეტად გვიჭირს ახალი თაობა 20-დან 35 წლამდე. მასიურად არიან დღეში შემოგვდის 15 ზარი დაახლოებით, ყველა არის ახალი პაციენტი, ახალი ქეისი. ხშირად მათი მეგობრები მოგვმართავენ, რომ დავეხმაროთ ადამიანებს.

თუ ვინმეს მოუწია მექსიკის საზღვარზე დიდი ხნის გატარება ასეთ ადამიანებს უმეტესწილად, გავლილი აქვთ საზღვარზევე მეტადონის პროგრამა და მოხსნილი აქვთ ე.წ. ლომკის პრობლემა, თუმცა ზოგი პირ იქით ხდება დამოკიდებული.

შემოდიან ადამიანები, რომლებსაც 15 წლიდან უკვე დაწყებული აქვთ სააფთიაქო ნარკოტიკის მოხმარება. სააფთიაქო ნარკოტიკში ვგულისხმობ ფსიქოტროპულ საშუალებებს. 80% პაციენტი რომ ავიღო, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იღებენ ყველაფერს: ამფეტამინი, მეტადონი, სუბოტექსი, სუბოქსონი და აქ რასაც ყველაზე მასიურად მიხმარენ ეს არის ჰეროინი და კოკაინი ერთად შერეული. ალბათ მარტო ქართველ პაციენტს თუ ნახავთ, რომელიც ინტრავენურად მოუხმარს ამას.

მოგეხსენებათ, თუ არ მუშაობ გიწევს სხვა გზებით თანხების მოძიება ნარკოტიკული საშუალებებისთვის და 80% ამის გამო კრიმინალი ხდება, შეიძლება მოიპაროს და ა.შ. ძალიან დიდი რაოდენობა ცხოვრობს ქართველების ქუჩაში. კვირაში ალბათ კლინიკაში 3-4 ადამიანს ვაწვენთ, მარტო იმიტომ, რომ დეტოქსიკაცია მოხდეს, ღამის გასათევი ადგილიც კი არ აქვთ.

რა დროს საჭიროებს დეტოქსის პროცედურა?

5-დან 7 დღემდე გადიან დეტოქსს და შემდგომ არის რეაბილიტაციის 21 დღიანი კურსი, თუმცა ამის შემდგომაც უკვე გპატრონობენ, მაგრამ ჩვენები ამას არ აკეთებენ, არ მიმართავენ კლინიკებს. წარმოიდგინეთ რამხელა შრომა გვიწევს იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ დეტოქსზე მაინც ეს პაციენტები, აქ პრობლემას ქმნის ენის ბარიერი, მაგრამ მაინც ვახერხებთ. ამ დროის მანძილზე ხდება ე.წ. ლომკის გადაგდება, ფიზიკური ტკივილების მოხსნა, თუმცა თუ 21 დღე არ გაიარა შემდგომ არაფერს არ ნიშნავს ეს, მაგრამ არ უნდათ ხოლმე გაგრძელება, გამორბიან ამ ცენტრებიდან, თუმცა ჩვენ აქტიური კონტაქტი გვაქვს ცენტრებთან, შემდგომში ისინი გვაძლევენ პაციენტების საკონტაქტოს, ვურეკავთ ამ ადამიანებს, რომ დავარწმუნოთ მკურნალობის კურსის აუცილებლობაში. ყოფილა შემთხვევა, თავადაც კი გაგვიკეთებია მათთვის სხვადასხვა საჭირო მედიკამენტი. ვუმოწმებთ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოდიან ჩვენამდე ისიც კი არ იციან კონკრეტულად რა ნარკოტიკული საშუალება აქვთ მიღებული, რადგანაც იღებენ ყველაფერს აბსოლუტურად. მოდიან, გვეუბნებიან, რომ ამ კონკრეტულ ნარკოტიკს იღებენ, გავაკეთებთ ტესტირებას და სულ სხვა აღმოჩნდება, ეს ხდება იმიტომ, რომ ყიდულობენ სხვა და რეალურად არის სრულიად განსხვავებული ნარკოტიკული საშუალება იმისგან, რაც შეიძინეს. ისეთ რაღაცებს იღებენ ერთად, რომელიც იწვევს შემდგომ ფსიქოზს და ამ ფსიქოზით უკვე ხვდებიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოსი, სადაც ვერც უყვებიან თავიანთ ამბებს, ენობრივი ბარიერის გამო, გარდა ამისა არის ძალიან დიდი ნაკადი ნარკოდამოკიდებული ადამიანების და ფიზიკურად ინდივიდუალური მიდგომებიც ვერ ცდება ფსიქიატრიულში მკურნალობის დროს. მკურნალობენ ისე, რომ მოუხსნან სტრესი და ფსიქიკური პრობლემები, გული მოგიკვდებათ, რომ შეხედოთ ამ ქართველებს. ზოგი შიშველია, ზოგი არაადეკვატური ხდება და არავინ არ ჰყავთ ყურადღების მიმქცევი, კატასტროფული მდგომარეობაა.

რა პერიოდიდან დაიწყო უფრო ინტენსიურად შემოსვლა?

2022 წლიდან. გარდა იმისა, რომ ფენტანილია ნარკოტიკში რაც სიკვდილს იწვევს, არის სხვა ნარკოტიკიც, რომელსაც ვეტერინარები გამოიყენებენ და ნარკანსაც კი არ გამოჰყავს ის ორგანიზმიდან, რის გამოც ხდება ზედოზირებები და არის გარდაცვალების შემთხვევებიც.

თუ არსებობს მიახლოებითი სტატისტიკა მაინც გარდაცვალების?

საქმე იმაშია, რომ არც ერთი საავადმყოფო ჩვენ ვერ გვაძლევს ზუსტ მონაცემებს რადგანაც ბევრი აღუწერელი პაციენტია, მაგრამ ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, რაც ვიცით დადასტურებულად ბოლო 6 თვის განმავლობაში 64 ადამიანია გარდაცვლილი.

არ ხდება ასე ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ აქ გვეხმარება ნიუ-იორკის მერია.

ახსენეთ ინფორმაციის მიწოდების პრობლემა, საუბრობთ ენობრივ ბარიერზე - ეს ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები, რამდენად არის ამაში ჩართული საელჩო, ვგულისხმობ მათი დახმარების ნაწილს.

ოფიციალური მხარე, საელჩოს ნაწილი ინტერესდება ამ საკითხით იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ ვახდენთ მათ დაინტერესებას. ვერც ცუდ ვიტყვი მაგ მხრივ საელჩოზე და ვერც კარგად. მადლობლები არიან რასაც ვაკეთებთ და ამით სრულდება ეს დაინტერესება.

ჩვენ მოგვარებული გვაქვს ბევრი რამ გვეხმარება ნიუ-იორკის მერია, მათ შორის თარჯიმნებითაც.

რაც შეეხება მკურნალობას, ეს არის უფასო თუ ამ სახსრების გაწევაც ორგანიზაციას უხდება?

არა, ეს ყველაფერი არის უფასო: დეტოქსიც უფასოა და რეაბილიტაციაც, თუმცა ვერ ხვდებიან ეს ადამიანები ამ პროგრამებში, რადგანაც აქვთ ენობრივი ბარიერი. არ ვიცი, უნდა მოგვარდეს რაღაცნაირად ეს პრობლემა. ხანდახან მგონია, რომ მათმა ახლობლებმაც კი არ იციან ეს ყველაფერი სრულფასოვნად. ამ ადამიანებს ხომ ჰყავთ ოჯახები მანდ? მე არ მესმის მათი, ხომ იციან რასაც აკეთებენ მათი შვილები აქ, არ ვიცი არ ინტერესდებიან. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს შესახებ მივაწვდინოთ ინფორმაცია.

თქვენ თუ გქონიათ მცდელობა, რომ დაკავშირებოდით ვინმეს საქართველოში? ვგულისხმობ ოჯახებს მანდ მყოფი ადამიანების.

ბევრი შემთხვევა ყოფილა, მათ ჩვენთვის მოუწოდებიათ ინფორმაცია, თუ სად შეიძლება მოგვეძებნა მათივე ოჯახის წევრი ან ახლობელი აქ და გვიძებნია, დამერწმუნეთ არც ისე ადვილია აქ ვინმე მოძებნო, რომელსაც არ იცნობ, თუმცა ყველა გვეხმარებოდა ამაში. ძალიან დიდი პრობლემაა 14-15 წლის ასაკში საქართველოდან წამოყვანილ მოზარდებში, ძალიან დიდი რაოდენობაა ფსიქოზების და გაორებული ცნობიერების.

ძირითადი ნაწილი რა ასაკიდან არიან?

20-დან 40 წლამდე ძირითადად. ვინც შემოვიდნენ მექსიკიდან ამ ასაკობრივ კატეგორიაში, უმეტესობასთან არის ეს პრობლემა და მე არ მაქვს საუბარი მხოლოდ მამაკაცებზე, აქ საუბარია გოგონებზეც, სავსეა სარეაბილიტაციო ცენტრები გოგონებით.

როდესაც ეს ადამიანები იხსენებენ პირველ კონტაქტს ნარკოტიკულ საშუალებასთან, რას ამბობენ, რით დაიწყეს მოხმარება?

კლუბური ტიპის ნარკოტიკით, საქართველოდან შემოსულებს ძირითადად დაწყებული აქვთ კლუბური ან სააფთიაქო ტიპის ნარკოტიკით, უფრო მეტად ემ დე ემ აით და ექსტაზით, მაგრამ ისეთებით გვყავს, რომლებიც აქ შემოვიდნენ და სტრესის გამო დაიწყეს მოხმარება. მოხვდნენ ისეთ სიტუაციაში, სადაც 7-8 ადამიანი ცხოვრობს და იქიდან ნახევარზე მეტი მომხმარებელია და სხვებმაც დაიწყეს. პირი ღია მრჩება ხოლმე, რომ მესაუბრებიან, ყველა ნარკოტიკი იციან უკვე, ხანდახან მგონია, რომ  კოლუმბიიდან ჩამოდიან.

საქართველოში ბოლო პერიოდში, რიგი პოლიტიკური ძალები აქტიურად საუბრობდნენ ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიძლება ჩავთვალოთ, ეს ერთგვარ წახალსიებად ამ მიმართულებით?

მომხრე ვარ ლეგალიზაციის, მაგრამ იმის შემდეგ რაც ინფორმირებული იქნება ადამიანი. აქ სკოლიდან იწყება ინფორმაციის მიწოდება და ყველანაირად არიან ინფორმირებული, როგორ უნდა უშველონ ადამიანს და ასე შემდეგ. ინფორმაციის დეფიციტი და ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის საქართველოში, ეს არის ოჯახების მიუღებლობა და აქედან გამოწვეული არაღიარება.

არ უნდა იყოს ისე, რომ ადამიანი მივიდა, აღიარა თავისი პრობლემა და მისთვის შემდგომ სამუშაოს დაწყებაც კი იყოს მიუღწეველი.

რამდენად მნიშვნელოვანია არსებობა ქვეყანაში სარეაბილიტაციო ცენტრების? როგორც წესი საქართველოში ამ ადამიანებს აკავებენ და უშვებენ ციხეში.

რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც, ეს ადამიანები შემდგომში უკვე კრიმინალები გამოდიან ციხიდან, რეალურად კი სხვა პრობლემით არიან შესულები იქ. აქ ხდება ადამიანების რეაბილიტაცია, მათთვის ფსიქოლოგის დანიშვნა, მედიკამენტების მიწოდება და ა.შ. ეს ხდება არალეგალ ადამიანებზე, რომლებსაც აქ ერთი დღეც კი არ უმუშავიათ. ხდება შემდგომ დახმარება სამსახურის მხრივაც და თვითრეალიზებაში, რაცა არ არის ჩვენთან.

ისეთი ახალგაზრდები არიან, რომ ძალიან მენანება მათი ეს მდგომარეობა. ვხვდები, რომ დაღუპულები არიან, ფსიქიკურად ძალიან უჭირთ.

გქონიათ თუ არა შემთხვევა, რომ უკვე რეაბილიტირებული ადამიანი, ისევ თავიდან გამხდარა ნარკოდამოკიდებული?

კი, გადააგდო მაგალითად, გაიარა დეტოქსი გამოვიდა და რა, ვერც სამსახურს იწყებს, ვერაფერი და ისევ ახლიდან დგება იმ გზაზე. ჩვენ ოფისთან გვიგდებენ პაციენტებს უგონო მდგომარეობაში, სახელი და გვარიც კი არ ვიცით მათი. შემდეგ მიგვყავს სარეაბილიტაციო ცენტრებში, თუმცა ძალიან დიდი რაოდენობაა და ძალიან გვიჭირს. ეს ადამიანები ყველა ჩვენი მოქალაქეები არიან და ვხვდები უკვე რაც ხდება მანდ. ამას სჭირდება ყოველდღიური ლაპარაკი. გაუთვითცნობიერებლები არიან.

გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა