პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი „ოქროს მოწმე“ - რის საფუძველზე დააპატიმრეს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით

სულ ნახვები : 3,253
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2021 წლის 14 ივლისს, ქალაქ გორში, ქარხნის ქუჩა #17  მცხოვრები, ალბინა გოგიაშვილის ბინიდან დაუდგენელმა პირმა ნაღდი ფული, 150 000 აშშ დოლარი და ოქროს ნივთები გაიტანა, რომლებიც ჯამურად 33 650 ლარის ღირებულების იყო.

გოგიაშვილი, წლების მანძილზე გორის ბაზარში ტანსაცმელებით ვაჭრობდა და ახლაც იმავე საქმეს აკეთებს, აღნიშნულ საქმეზე „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში ის ჰყვება, რომ ქონებას, რომელიც მას მოჰპარეს, წლების მანძილზე აგროვებდა და პიანინოში ინახავდა.

გოგიაშვილი იხსენებს, რომ 2021 წლის 14 ივლისს, ის როგორც ყოველთვის გორის ბაზარში სამუშაოდ წავიდა, ხოლო სახლში დაბრუნებულს ნივთები გადმოყრილი დახვდა, რამაც მიახვედრა, რომ მის არყოფნაში სახლში მძარცველი შევიდა, მისვე მონათხრობით, პირველი რაც გააკეთა, პიანინოსთან მივიდა და როდესაც მისი ქვედა მხარე გამოაღო, აღმოაჩინა, რომ აღარც ფული და აღარც ძვირფასეულობა ადგილზე არ იყო.

პოლიციამ საქმის გამოძიება მაშინვე დაიწყო, თუმცა არანაირი ხელჩასაჭიდი, იმისთვის, რომ მძარცველი ეპოვათ და დანაშაული გახსნილად გამოეცხადებინათ არ იყო, საქმეში ერთადერთი დაზარალებულის ჩვენება და მისი კუთვნილი, კერძო სახლის მოპირდაპირედ არსებული მრავალსართულიან კორპუსში, მე -9 სართულზე მცხოვრები თამარ მაჭარაშვილის ჩვენება იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2021 წლის 14 ივლისს დაინახა, როგორ გოგიაშვილის სახლის უკან განთავსებული ავტოფარეხებიდან გამოვიდა მამაკაცი, რომლის სახეც ვერ დაინახა, თუმცა მკაფიოდ დაამახსოვრდა მისი შიშველი ფეხები.

გარკვეული პერიოდის შემდგომ, სამართალდამცავ უწყებაში კვლავ მივიდა დაზარალებული ალბინა გოგიაშვილი და განაცხადა, რომ მას ეჭვი გორის ბაზრის ერთ-ერთ მოვაჭრეზე, 1984 წლის 9 მარტს დაბადებულრამიზ გულიევზე ჰქონდა. საქმესთან დაკავშირებით გულიევი დაიბარეს განყოფილებაში და დამკითხეს, ასევე აიღეს ანალიზი დნმ-ის დასადგენადაც, თუმცა მისი კვალი საქმეში არ აღმოჩნდა, მიუხედავად ამისა, გოგიაშვილი დაჟინებით მოითხოვდა, რომ გულიევი დაეკავებინათ, რადგანაც ის დარწმუნებული იყო, რომ მისი ფული და ძვირფასეულობა სწორედ მან წაიღო.

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ გულიევის ოჯახის წევრების მონათხრობით, ალბინა გოგიაშვილს მასთან გაპროცენტებულ ფულთან დაკავშირებული გაუგებრობა ჰქონდა და არაერთხელ დამუქრებია რამიზ გულიევს, რომ მის თავს დააჭერინებდა.

ალბინა გოგიაშვილის სახის გაქურდვიდან, თითქმის ცხრა თვის თავზე (2022 წლის 4 აპრილი) საბოლოოდ გულიევი დააკავეს, თუმცა თავდაპირველ ეტაპზე მისი დაკავება, მასა და გოგიაშვილს შორის, ბაზარში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა, რომლის მაპროვოცირებელიც, როგორც თვითმხილველები და გულიევის ახლობლები ჰყვებიან, თავად ალბინა გოგიაშვილი იყო.

გოიაშვილზე ფიზიკური ძალადობის გარდა, გულიევს მალევე წაუყენეს ბრალი, ქურდობის მუხლით, თუმცა ამ შემთხვევაში საქმეში ე.წ. ოქროს მოწმე გამოჩნდა, რომელიც 1986 წელის 15 ივლისს დაბადებული, ზურაბ მოციქულაშვილი აღმოჩნდა.

მოციქულაშვილი საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ 2021 წლის 14 ივლისს, ის მიდიოდა ქარხნის ქუჩაზე, რა დროსაც მან დაინახა ვიღაც პიროვნება, რომელიც გამოვიდა „გარაჟებიდან“, დაამახსოვრდა შიშველი ფეხით და ამ ადამიანს ჰქონდა ტანსაცმელში დამალული რაღაც. მან ასევე განაცხადა, რომ შეეძლო მოწმის ამოცნობა, რის გამოც ის წაიყვანეს ციხეში გულიევის ამოსაცნობად, თუმცა მან არ ისურვა მოციქულაშვილთან შეხვედრა, რის შემდგომაც მოხდა ამოცნობა ფოტოს დახმარებით და მოციქულაშვილმა დაადასტურა, რომ სწორედ ეს ადამიანი დაინახა ე.წ. გარაჟებიდან გამოსული.

ამის შემდგომ შედგა სასამართლო სხდომა სადაც, ზურაბ მოციქულაშვილი დაიკითხა, როგორც საქმეში არსებული ოქროს მოწმე, თუმცა სანამ ამ ნაწილზე გადავალთ, მკითხველს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ უნდა მოვუთხროთ.

„ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტში, საქმეში არსებული ჩვენების ავტორი, თამარ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კამერების ჩანაწერების ნახვის შემდგომ, მოხდა იმ პირის ამოცნობა, ვინც მან დაინახა, თუმცა აღნიშნული არ აღმოჩნდა დამნაშავე. თუმცა, მოციქულაშვილის მიერ დანახული მამაკაცი, რომელიც ასევე შიშველი ფეხებით იყო დამნაშავე აღმოჩნდა. გარდა ამისა, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მოციქულაშვილის აღმოჩენა მოხდა, ალბინა გოგიაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერების მიხედვით, თუმცა აღნიშნულმა კამერებმა ვერ დააფიქსირა ბრალდებული გულიევი, რომელსაც გოგიაშვილი, სწორედ იმ ტერიტორიაზე შეხვდა.

აღნიშნული საქმის ხელახალი გამოძიებით, CNews მას შემდეგ დაინტერესდა რაც, მას წყარომ, ოქროს მოწმე ზურაბ მოციქულაშვილთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოციქულაშვილის მიერ, გულიევის ამოცნობის შემდგომ ის, სასამართლოს წინაშე, ოქროს მოწმის სტატუსით წარსდგა, რა დროსაც მას მოსამართლემ ჰკითხა, იყო თუ არა ის წარსულში ნასამართლევი, რაზეც მოციქულაშვილმა უპასუხა, რომ -არა და არც არასდროს ყოფილა.

CNews-თვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით კი, ზურაბ ანზორის ძე მოციქულაშვილი, 2018 წელს არის ნასამართლევი და მას სასჯელის ზომად განსაზღვრული ჰქონდა 4 წელი პირობითი და 150 საათი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ის სასამართლოს წინაშე წარსდგა, მასზე ჯერ კიდევ მოქმედებდა კანონით განსაზღვრული სასჯელის ვადა, ის იმყოფებოდა პირობითი სასჯელის ქვეშ (სასჯელის ვადა სრულდებოდა იანვრის თვეში).

გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე, ზურაბ ანზორის ძე მოციქულაშვილმა განაცხადა, რომ 2021 წელს მუშაობდა გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში არსებულ ავტოსამრეცხაოში, რომლის სახელიც არის „13“. მაშინდელმა საქმის ადვოკატმა ნინო შავიშვილმა გამოჰკითხა მოწმე მიხეილ ბლუაშვილი, 2023 წლის 11 აპრილს, რომელიც მითითებულ სამრეცხაოში მუშაობს დღემდე და იცნობს ზურაბ მოციქულაშვილს. ბლიაშვილმა შავიშვილს განუცხადა, რომ მოციქულაშვილი იყო ნასამართლევი, იყო პრობაციონერი და ცხადდებოდა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში. ამ საქმეს განიხილავს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძე. სასამართლოზე მოციქულაშვილმა განაცხადა, რომ მისი მისამართია, ქალაქი გორი ქარხნის ქუჩა #2, თუმცა გამოკითხულო მოწმებით გაირკვა, რომ ხსენებულ მისამართზე მოციქულაშვილი ცხოვრობდა 30-35 წლის წინ მდგმურად და აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს კლიმენტი გოგიჩაშვილი. გარდა ამისა ცესკოს მონაცემებით მოციქულაშვილი რეგისტრირებულია მესტიის რაიონ, სოფელ მაზერში.

CNews საქმესთან დაკავშირებით, პირველ რიგში დაუკავშირდა რამიზ გულიევის ადვოკატს (საუბრისას გაირკვა, რომ ის აღარ არის მისი ადვოკატი) ნინო შავიშვილს, რომელსაც ვკითხეთ, იცოდა თუ არა მან ზურაბ მოციქულაშვილის ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, რაზეც განგვიცხადა, რომ ფლობდა აღნიშნულ ინფორმაციას:

მე აღარ ვარ ამ საქმის ადვოკატი. საქმიდან დიდი ხნის წინათ გამოვედი. ნასამართლობასთან დაკავშირებით მე როგორც მაქვს ინფორმაცია, იყო ეს ადამიანი ნასამართლევი კი, თუმცა საქმეში არ დევს რაზე იყო ნასამართლევი.

ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, დაუსვა თუ არა მან მოციქულაშვილს სასამართლოზე შეკითხვა, მის ნასამართლობასთან დაკავშირებით, შავიშვილი გაღიზიანდა და განგვიცხადა, რომ არ ახსოვს დეტალურად რა კითხა, შემდგომში კი გვირჩია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა მოქმედი ადვოკატისთვის, შალვა ხაჭაპურიძისთვის გვეთხოვა.

შავიშვილის გარდა, CNews ზურაბ მოციქულაშვილის ბიძას, კახაბერ მოციქულაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მისი ძმისშვილი ნამდვილად არის ნასამართლევი, თუმცა ზუსტად არ ახსოვს რომელ წლებში, რაც შეეხება მიზეზს, მან ძარცვა დაგვისახელა, ასევე გვითხრა ისიც, რომ არანაირი ურთიერთობა არ აქვს ამჟამად ზურაბ მოციქულაშვილთან და არ იცის სად იმყოფება.

„კი, არის ნასამართლევი, პატარა იყო მაშინ, თუ არ მეშლება ქურდობის ამბავზე, არის ნასამართლევი. მე მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს“, - განუცხადა CNews-ს კახაბერ მოციქულაშვილმა.

საბოლოოდ ირკვევა, რომ რამიზ გულიევის წინააღმდეგ ჩვენება, მოციქულაშვილმა მაშინ მისცა, როდესაც ის ჯერ კიდევ პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მისი ნასამართლობის შესახებ შესაბამის ბაზაში არსებული ინფორმაცია, არც საქმის პროკურორისთვის და არც გამომძიებლისთვის ყურადღების მიმქცევი ფაქტი არ აღმოჩნდა, მით უფრო მაშინ, როდესაც ე.წ. ოქროს მოწმე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ არც იმ მომენტისთვის და არც მანამდე ის არ ყოფილა ნასამართლევი.

გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა