სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიორგი შანიძის პატიმრობას პოლიტიკურ უწოდებს

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სოციალური სამართლიანობის ცენტრის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული, სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი შანიძისთვის, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და სამოქალაქო აქტივიზმზე თავდასხმად აფასებს.

ამის შეახებ ორგანიზაცია ვრცელ განცხადებას ქვეყნებს, რომელსაც CNews უცვლელად გთავაზობთ.

„16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სამაგალითო დასჯას პოლიტიკური აქტივიზმისთვის, რა დროსაც სასამართლო და პროკურატურა არსებულ მკაცრ კანონმდებლობას შერჩევითად იყენებს.

შანიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. ესენია: 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა. სასამართლომ განაჩენი ორივე დანაშაულზე ერთდროულად გამოიტანა. უფრო კონკრეტულად, შანიძეს 3 ძირი მცენარე კანაფის მოყვანისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რამაც შთანთქა აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საბოლოოდ, სასამართლომ შანიძის მიმართ 4 წლის ვადით გამოიყენა საპატიმრო სასჯელი.

ნიშანდობლივია, რომ ორივე დანაშაულზე, რომელზეც გიორგი შანიძეს ბრალი აქვს წაყენებული, პროკურატურა და სასამართლო, როგორც წესი, საპროცესო შეთანხმების მექანიზმსა და არასაპატიმრო სასჯელებს იყენებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებაზე. შედარებისთვის, გასულ წელს ამ მუხლით განხილული საქმეების 99%-ზე მეტი (242-დან 240) საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ შანიძესთან სავარაუდოდ იმიტომ არ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომ ის მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ აქციებში. რაც შეეხება სხვისი ნივთის დაზიანებას, ეს მუხლი ბოლო წლებია საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების მიმართ უკიდურესად პრობლემურად გამოიყენება. მინიმალური ქონებრივი ზიანის პირობებში სასამართლო აქციების მონაწილეებს დაუსაბუთებლად უფარდებს ყველაზე მკაცრ - საპატიმრო სასჯელს. რკინის ჯებირის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ამ ტენდენციის გაგრძელებაა გიორგი შანიძის საქმეც.

შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ცალსახად წარმოადგენს მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაგალითს, რა დროსაც, ხელისუფლებისთვის არასასურველი მოქალაქე განსაკუთრებული სიმკაცრით ისჯება. ეს საქმე ამავდროულად არის დასტური, თუ რამდენად ძლიერია პროკურატურის პოლიტიზირება და როგორი შერჩევითი შეიძლება იყოს ამ უწყების საქმიანობა. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლება ამგვარი ანგარიშსწორებისთვის სწორედ ნარკოტიკულ დანაშაულს იყენებს, რომელიც წლებია უსამართლო, არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოა და რომლის რეფორმირებაზე ქართული ოცნება პოლიტიკურ დაპირებებს ხელისუფლებაში მოსვლამდე თავად აკეთებდა.

რუსული კანონის აქციებზე დაკავებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების სრული სიმკაცრით გამოყენება კრიტიკული აზრის ჩახშობის დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა. გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ერთი მხრივ უსამართლო სისხლის სამართლის პოლიტიკასა და არაპროპორციულად მკაცრ სასჯელებს, მეორე მხრივ კი ცხადად მიუთითებს პროკურატურის პოლიტიზირებაზე. მმართველი გუნდმა ამ გამოწვევების საპასუხოდ,  სასჯელის პოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმის  ნაცვლად, სრულად პარტიული ინტერესებისა და გავლენის ქვეშ მოაქცია მართლმსაჯულების სისტემა", - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა