ვშიშობ, ეს წაახალისებს „ქართულ ოცნებას“, გააგრძელოს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა - მამუკა ჟღენტი სტატუსზე
...
მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? რა დაბრკოლებები შეიძლება გაჩნდეს ამ მიმართულებით და რას უკავშირდება საქართველოს მიმართ ევროკავშირის გადაწყვეტილება?- ამ საკითხებზე Cnews-ს ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი ესაუბრა.
-დიდი, ალბათობით საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. ალბათობა იმისა, რომ ორბანის შანტაჟის გამო რამე შეფერხდეს, ძალიან დაბალია. თუმცა გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, თუ რომელიმე მათგანთან იქნება პრობლემა, ეს სამივეს შეეხება.
-რამდენად შესაძლებელია უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის ფაქტორის განეიტრალება?
- ორბანს თავისი დღის წესრიგი აქვს, საკუთარი ამოცანების გადასაჭრელად, რაც მას აღელვებს ევროკავშირთან მიმართებაში. ის იყენებს ასეთ შესაძლებლობებს, მაგრამ ამან არ მგონია შეაფერხოს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ. მას აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია იგივე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც ხდებოდა საერთო გადაწყვეწტილების მიღება, რომელიც არ იბლოკებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლება არ იქნება.
-როგორც ვიცით, ერთიანი პაკეტით უნდა გავიდეს ეს საკითხი კენჭისყრაზე, თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა ასევე ბოსნიის საკითხზე, ამაზე რას იტყვით?
- ამ ეტაპზე, რადგანაც ეს საკითხი მივიდა კენჭისყრამდე, არ მგონია, რომ კონსენსუსი ვერ შედგეს. ყველაზე დიდი, შეიძლება გადაიდოს შემდეგი სამიტისთვის. თუ გავითვალისწინებთ, როგორ ფუნქციონირებს ევროპული საბჭო, ევროპული ინსტიტუტები, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ რაღაც გაპრობლემდეს.
-გასული წლისაგან განსხვავებით, რას უკავშირდება საქართველოს მიმართ დადებითი რეკომენდაცია, ეს არის შესრულებული რეკომენდაციების გათვალისწინებით თუ გეოპოლიტიკიდან გამომდინარე?
-ჩვენ შარშანაც არანაირად არ გვეკუთვნოდა სტატუსი და არც წელს გვეკუთვნის, სამწუხაროდ. უბრალოდ, რადგანაც უკრაინა-მოლდოვას მისცეს და დიდი ალბათობით, 99 პროცენტით დარწმუნებული ვარ, გაიხსნება მათთან გაწევრიანების მოლაპარაკებები, საერთოდ, რომ არ მოგვწყვიტონ მათ და ეს ტრიო საერთოდ არ ჩამოშალონ, ამიტომ ამ საჩუქარს გვიკეთებენ, რომელიც რეალურად არ გევკუთვნის. სტატუსის მიღება კარგია საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ყველას გვიხარია, ამისთვის ვიბრძვით უკვე დეკადებია, მაგრამ რამდენად სწორია ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად იმისა, არ გვეკუთვის და ყველაფერს ვაკეთებთ იმის საწინააღმდეგოდ და მაინც იღებენ ამ გადაწყვეტილებას, ამას დრო გვაჩვენებს. მე ცოტა ორჭოფული დამოკიდებულება მაქვს. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, კარგია, იმიტომ რომ ბევრი სიკეთეები შეიძლება ამისგან მივიღოთ, რაც შარშან მიიღო მოლდოვამ და უკრაინამ, მაგრამ მეორე მხრივ, ვშიშობ, ეს წაახალისებს „ქართულ ოცნებას“ გააგრძელოს ეს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და მიიჩნიოს, რომ ნებისმიერ შანტაჟს ევროპული ინსტიტუტები დათმობენ და ყველაფერს გააკეთებენ ჩვენს მაგივრად და ჩვენთვის. ვიმეორებ, ჩვენ არც გვეკუთვნის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ისევ საქართველოს მოქალაქეების მიმართ არსებული დამოკიდებულებით და იმის გათვალისწინებით, რომ არ უნდათ ეს ტრიო საბოლოოდ ჩამოიშალოს. რა თქმა უნდა, უკვე არის განსხვავებები, დიფერენციაცია, წინ მიდის უკრაინა და მოლდოვა, ჩვენ უკან მივჩანჩალებთ, ბოლოში, როცა ადრე პირიქით იყო. თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ამ გადაწყვეტილებით, ტრიო მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება.
ირინა მაკარიძე, Cnews