„ისანი ქართუს“ მყიდველის ვინაობის დამალვა კითხვებს აჩენს - ირაკლი აბესაძე
...
როგორც „ქართუ ფონდი“ აცხადებს, თუ ნასყიდობაზე მიმდინარე ხელშეკრულება არსებობს, რატომ არ დარეგისტრირდა ეს საჯარო რეესტრში? - ამის შესახებ ქრონიკა+“-ს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსი, ირაკლი აბესაძემ ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე არსებულ დეველოპერულ პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, „ქართუ ფონდის“ 22 იანვრის განცხადების მიუხედავად, რომ ისანში ფეხსაცმელების ყოფილი ქარხნის ტერიტორია, სადაც 30 სართულიანი 16 კორპუსის მშენებლობა იგეგმება, უკვე გაყიდულია, მყიდველის ვინაობა საჯარო რეესტრში ჯერ ეს ასახული და დაფიქსირებული არ არის.
ირაკლი აბესაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ფონდი „ქართუს“ საქმიანობა მეოთხე წელია გასაიდუმლოებულია და კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არ საჯაროვდება მისი ანგარიშები, დეველოპერული პროექტის მყიდველის ვინაობის დამალვაც გარკვეულ ეჭვებს და კითხვებს აჩენს.
„კითხვებს აჩენს ის, თუ რატომ მალავენ და არ ჩქარობენ საჯარო რეესტრში ამ დოკუმენტების ატვირთვას. როგორც ჩანს, შესაძლებელია, რომ გაჩნდეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მყიდველთანაც, ეს იქნება ფიზიკური პირი, თუ უფრო მაღალი ალბათობით, იურიდიული პირი. სხვა შემთხვევაში, ვერ ვხედავ წინაღობას, თავად „ქართუ ფონდი“ როგორც აცხადებს, თუ მიმდინარე ხელშეკრულება ნასყიდობაზე არსებობს, რატომ არ დარეგისტრირდა ეს საჯარო რეესტრში?“, - აცხადებს აბესაძე გამოცემასთან საუბარში.
როგორც ის აღნიშნავს, ივანიშვილი დეველოპერულ ბიზნესით ბოლო პერიოდში დაინტერესდა.
„ბიძინა ივანიშვილი დეველოპერული ბიზნესით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და რუსეთიდან შემომავალი დიდი ნაკადების გამო უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ის გასაყიდად ამზადებს დეველოპერულ ბიზნესებს და შემდეგ ყიდის. ასეთი ბიზნესი იყო „ლაგუნე ვერესა“ და აბრეშუმის ფაბრიკასთან, რომელიც მოამზადა და გაყიდა. ჰქონდა გამზადებული ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი და ისიც ასევე გაყიდა, იგივე დეველოპერული ბიზნესი აქვს ბაკურიანში. იმავეს ვხედავთ ჩვენ ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე“, - განაცხადა აბესაძემ.
ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა გაზეთ ქრონიკა+“-ის 12 თებერვლის ნომერშია შესაძლებელი.
ირინა მაკარიძე Cnews