როდის დაიწყება ფოთის პორტის გაფართოება?

სულ ნახვები : 1,146
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეიპიემ ტერმინალს ფოთი (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას ეიპიემ ტერმინალს ფოთთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

ეიპიემ ტერმინალს ფოთმა სურვილი და მზაობა არსებული ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შესახებ რამდენიმე წლის წინ გამოთქვა. ფოთში ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკისა და შუა დერეფნის განვითარებაში. პორტის გაფართოების შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობას. პირველად საქართველოს ნავსადგური აღჭურვილი იქნება ელექტროენერგიაზე მომუშავე Ship- To-Shore საკონტეინერო პროფილის ამწეებით, რომელთა საშუალებითაც ეიპიემ ტერმინალს ფოთი შეძლებს მსოფლიო დონის მომსახურება და პროდუქტიულობა შესთავაზოს ფოთში შემოსულ გემებს. ამავდროულად, პროექტის განხორციელება, ფოთის საზღვაო ნავსადგურის [საკონტეინერო] ტვირთების წლიურ გამტარუნარიანობას მინიმუმ 400 000 TEU-თი გაზრდის, საერთო წლიური გამტარუნარიანობა კი მილიონ TEU-ს გადააჭარბებს.

„ეს ევროპული ინვესტიცია ახალ სიცოცხლეს შესძენს ფოთსა და საქართველოს. ფოთის საზღვაო ნავსადგური წარმოადგენს ევროპასთან დამაკავშირებელ ძირითად კარიბჭეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის და ამიტომაც სრულ ძალისხმევას ვდებთ რათა გავაფართოოთ და განვავითაროთ ჩვენი ნავსადგური, მისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნიკის გამოყენებით და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნით,“ - აცხადებს ეიპიემ ტერმინალს ფოთის მმართველი დირექტორი, ხულიან ფერნანდესი. 

გაფართოების პროექტი ამჟამინდელი პორტის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელდება, ეტაპობრივად, 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით. „ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით საქართველოს მთავრობასთან და დარწმუნებულები ვართ, რომ მთავრობის მხარდაჭერა უმოკლეს ვადაში უკვე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოიხატება. ეს საშუალებას მოგვცემს გადავიდეთ პროექტის განხორციელების ეტაპზე, რადგან ეიპიემ ტერმინალსი სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს გაფართოების პროექტის აღსრულება,” - დასძინა ფერნანდესმა.

გაფართოების პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 6,8 ჰექტარი საკონტეინერო ტერიტორიის განვითარებას, ახალ 330 მეტრიან ნავმისადგომს, 1.5 კილომეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას, შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზისა და ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას და ორი Ship-to-Shore საკონტეინერო პროფილის ამწის დამონტაჟებას.

პროექტის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ნავსადგური შეძლებს მიიღოს და დაამუშაოს 13.5 მეტრამდე წყალშიგის მქონე გემები - ყველაზე დიდი გემები, რომლებსაც შეუძლიათ შავ ზღვაში შესვლა. მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია დაახლოებით 36 თვეში, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ხელშეწყობაზე, რათა დროულად მივიღოთ ყველა აუცილებელი ნებართვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა