გაიცანით ფერადი გოგონა TIK-TOK-დან - „თუ ერთმანეთი გვეყვარება, უფრო კეთილები ვიქნებით!“

სულ ნახვები : 1,237
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,მინდა, მქონდეს ყავის სახლი,  სადაც დადებითი ემოციების მატარებელი ადამიანები ივლიან და მეც ღიმილიანი სახით, სიამოვნებით მოვამზადებ  მათთვის ყავას,“ - ეს 27 წლის მარიამ სადღობელაშვილის სიტყვებია. ფერადი გოგონა, რომლის ვიდეოებიც სოციალურ სივრცეში ძალიან ხშირად შეგხვდებათ, ყოველთვის იღიმის და ცდილობს, გარშემომყოფებს ბედნიერება მიანიჭოს. ღიმილის უკან კი საკმაოდ მძიმე ცხოვრებისეული გზა იმალება, თუმცა როგოც CNews-თან საუბრისას ამბობს, სწორედ ეს იყო მისთვის მთავარი სტიმული, რათა ძლიერ და შემდგარ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. ორი კვირის იყო, როდესაც ექიმებმა სეფსის დიაგნოზი დაუდგინეს, ძალიან ბევრი ოპერაცია გადაიტანა, თუმცა ყველაფერმა ამან უფრო  გააძლიერა და დღეს ერთ-ერთი მათგანია, ვინც შშმ პირებზე სტერეოტიპებს ამსხვრევს.

- მარიამ, ბავშვობიდან დღემდე ძალიან მძიმე გზა გაიარე - რა გავლენა იქონია ყველაფერმა ამან ფერადი გოგონას შექმნაზე?

- არ ვიცი... სულლ ვამბობ, რომ ფსიქოლოგიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ფსიქოლოგიურად სულ მინდოდა, რომ ჩემს გარშემო ყველაფერი ფერადი ყოფილიყო, ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე და მიზნამდეც მივედი. ძალიან დიდ სტუმულს გაძლევს ყველაფერი ეს, იმ თავდაჯერებულობის შეგრძნება, რომ შენ ეს შეძელი და ყველაფერს გმირულად გაუმკლავდი, ძალიან დიდი მოტივატორია ცხოვრების გზაზე. ამის შემდგომ როცა მარტო გადადიხარ საცხოვრებლად და  ყველაფერთან მარტო გიწევს გამკლავება, ეს არის გარანტია, რომ ყოველ მომდევნო დღეს უფრო კარგი იყო. დღეს უკვე მაქვს იმის უნარი და ძალა, რომ დამოუკიდებლად მივიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

- საზოგადოებამ სოციალური ქსელი Tik-Tok-ით გაგიცნო და დღეს წარმატებული ინფლუენსერი ხარ. რა არის საჭირო, რომ ასე შეგიყვარონ ადამიანებმა და რა შეცვალა Tik-Tok-მა შენს ცხოვრებაში?

- უნდა იყო ძალიან ბუნებრივი და ეცადო, რომ ადამიანები არ გააკრიტიკო, ეს არის წარმატების ფორმულა კონკრეტულად Tik-Tok-ში. ამ პლატფორმამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, პირველ რიგში, ის, რომ შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები და ადამიანების სიყვარული, რაც ძალიან მახარებს. როდესაც ადამიანებს ასე უანგაროდ უყვარხარ, ამაზე მაგარი არაფერია. ამას ყველგან გრძნობ, ყველა სიტუაციაში.

- როგორია ფერადი გოგონას თვალით დანახული ბოლო პერიოდის მოვლენები?

- ვეცდები, რომ ამ შემთხვევაში ნეიტრალური ვიყო და მამაოების გაკრიტიკებაც გამიჭირდება, რადგანაც მათ ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, როდესაც უფლის წინაშე წარსდგებიან, მაგრამ სიყვარულის ნიჭი თუ გაქვს ადამიანს და შეგიძლია, ადამიანები გიყვარდეს, როგორებიც არიან, ის, რაც 5 ივლისს გააკეთეს, ასე არ მოიქცეოდნენ. ჩემთვის შეიძლება, სულაც არ იყოს მისაღები რაღცები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ვინმე უნდა დავაბულინგო ან შეურაცხყოფა მივაყენო.  ადამიანი არის თავისუფალი, ის ერთხელ მოვიდა ამ ქვეყანაზე და ისე უნდა იცხოვროს, როგორც უნდა და არა - ისე, როგოც ეს ვიღაც ,,პატრიოტს“ წარმოუდგენია, ადამიანს, რომელსაც ღისება სუფრაზე წარმოთქმული უფლის  სადღეგრძელო ჰგონია და ამ დროს სულ სხვა რაღაცას აკეთებს.

- გიფიქრია საქართველოდან წასვლაზე?

- არა იმიტომ, რომ ჩემიანებს ჩემი თვალები უნდა ხედავდეს სულ, ისე კარგად ვერ ვიქნები.

- სულ იღიმი. რასთან ასოცირდება შენთვის ღიმილი და რა დატვირთვა აქვს?

- ღიმილი არის ძალიან კეთილი ჟესტი და ამავდროულად, გადამდები. ადამიანები რომ იღიმიან, მეც ავტომატურად მეღიმება და ჩემს ცხოვრებაში ღიმილს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, სულ მინდა, რომ ვიღიმოდე და ასევე მინდა იყვნენ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებიც.

- სოციალური ქსელების მომხმარებლები ძალიან ხშირად კითხულობენ შენი თმის ფერზე. როგორ ახერხებ და როგორ უძლებს შენი თმა ამას?

- საბედნიეროდ, ჯერჯერობით უძლებს. არ ვიცი, აი, ხასიათზეა დამოკიდებული, შეიძლება კონკრეტულ მომენტში სულაც არ მინდოდეს ფერის შეცვლა, მაგრამ მეორე დილას მინდოდეს, რომ ვარდისფერი თმა მქონდეს, როდესაც რაღაც ახალი შეგაქვს შენს ცხოვრებაში, შენი თავი უფრო მეტად მოგწონს და ეს ძალიან დადებითად მოქმედებს შენს ხასიათზე.

- განტვირთვისთვის საყვარელი ადგილი, როგორც ვიცი, ზესტაფონია... როგორია შენი ერთი დღე?

- კი, ყოველთვის იქ ჩავდივარ და ვისვენებ. დღე იწყება საოცრად - ჩიტების ჭიკჭიკით, მამლის ყივილით და ეს ძალიან სასიამოვნოა. დილას ვიწყებ ყავით, მერე ვსაქმიანობ და ვემზადები ახალი ვიდეოების ჩასაწერად, რომლითაც სულ ვანებივრებ ჩემს გამომწერებს.

- ბოლოს, რას ეტყვი ადამიანებს?

- ერთმანეთი თუ გვეყვარება და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ, უფრო კეთილები ვიქნებით.

გიგა გელხვიიძე, CNews 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა