საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია ვერ განხორციელდება ჩინეთის ჩართულობის გარეშე - გიორგი გობრონიძე

სულ ნახვები : 4,777
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პრობლემებზე Cnews-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ესაუბრება.  

- ქართულ-ჩინური ურთიერთობები გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ბოლო პერიოდში საქართველო საკმაოდ აღრმავებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობებს, მეტიც, საქართველო ადრეული ეტაპიდან გახდა ნაწილი ამ საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების, რაც უკავშირდება  შუა დერეფნის, „სარტყლისა და გზის“  პოლიტიკას, რაც დაანონსა ჩინეთის ხელისუფლებამ, ჩვენი ქვეყანა  არის ასევე დამფუძნებელი წევრიც კი ზოგიერთი ორგანიზაციის, რომელიც შეიქმნა აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

შესაბამისად ის, რომ საქართველო ზრდიდა ჩინეთთან თანამშრომლობის ხარისხს, ეს იყო ბოლო ტენდენცია  ქართული დიპლომატიის, რომელიც მივიდა საბოლოო ჯამში იქამდე, რომ საქართველო  და ჩინეთი თანხმდებიან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ამაში პრობლემური არაფერია, ეს ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის ეკონომიკისთვის და მთლიანად „სარტყელიზაციის პროექტის“ ნაწილია საქართველო, მათ შორის ალტერნატიული მარშრუტების თვალსაზრისით. ის, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის შედეგად რუსეთის მიმართულებით დღეს ვეღარ გადის ტვირთები, ამის შედეგად სავაჭრო ხაზებმა გადმოიწია ჩრდილოეთიდან  სამხრეთის მიმართულებით. ჩვენ იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნით, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა უბრალოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა ტვირთების ასეთი დიდი ნაკადებისთვის.  უკრაინის მაგალითმა აჩვენა ჩინეთს, რომ მას სჭირდება ტრანსპორტირების  დამატებითი შესაძლებლობები.

ჩვენ ვხედავთ, რომ ანაკლიის პორტის მიმართაც იყო ჩინური ინტერესი მაღალი, ასევე სინგაპურის კომპანიებმა გამოთქვეს სურვილი და როგორც ვიცი, საბოლოო ჯამში,  სწორედ სინგაპურიდან იქნება ინვესტორი, რაც ასევე უნდა წარმოვიდგინოთ,  როგორც ჩინური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩინეთი როგორც ერთ-ერთი დინამიურად განვითარებადი გლობალური ეკონომიკური აქტორი, მეტიც,  როგორც მსოფლიო პოლიტიკის ძალის მეორე პოლუსი არის ზოგადად ძალიან საინტერესო პარტნიორი. არაფერი ცუდი იმაში არაა, რომ საქართველოს ჩინეთთან ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, ჰქონდეს ძალიან აქტიური თანამშრომლობა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, ეს ფუნქცია ვერ განხორციელდება ჩინეთის ჩართულობის გარეშე. როგორც ერთხელ იხუმრეს აშშ-ს პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერმა,  -„ღმერთმა შექმნა ადამიანი, სხვა ყველაფერი წარმოებულია ჩინეთში“. 

როდესაც კემერონმა ობამას საჩუქარი აჩუქა,  გადააბრუნეს და ის იყო ჩინეთში წარმოებული. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი, ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი სახელმწიფო, რომელსაც გააქვს ძალიან დიდი რაოდენობით პროდუქცია დასავლეთის ბაზარზე, რა თქმა  უნდა,  იქნება ჩვენთვის საინტერესო პარტნიორი, თუნდაც ტვირთების მოძრაობის თვალსაზრისით. ამდენად,  ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობა არის საქართველოს ინტერესებში.  ეს თანამშრომლობა, რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, არ სცილდება ეკონომიკური თანამშრომლობის საზღვრებს. აქ არ არის საუბარი სამხედრო ან სხვა ტიპის თანამშრომლობაზე

- ოპოზიცია შიშობს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული  თანამშრომლობა იქნება დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით,  რას იტყვით ამაზე?    

- ოპოზიციის ამ მოსაზრებას ვერ ვიზიარებ,  გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთის ქვეყნებს და ევროკავშირს საკმაოდ მჭიდრო  თანამშრომლობა აქვს  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. თუ საქართველო იქნება ტვირთების გამტარი ქვეყანა ჩინეთიდან ევროკავშირში, სად და კონკრეტულად რა ნაწილში ეწინააღმდეგება ეს საქართველოს ევროპულ კურსს? ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ჩინეთთან სამხედრო ალიანსზე, პოლიტიკურ ინტეგრაციაზე? ჩვენ არ ვსაუბრობთ მიუმხრობლობის მოძრაობის,  არ ვსაუბრობთ ბრიქსის [საუბარია რუსეთის - ჩინეთის - ინდოეთის -ბრაზილიიის და სამხრეთ აფრიკის ალიანსზე] წევრობაზე, რომლის ფლაგმანიც არის ჩინეთი, არ ვსაუბრობთ შანხაის თანამშრომლობის წევრობაზე. პრობლემა არის სხვა მხრივ. ქართული დიპლომატიის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვერ ვიღებთ სრულფასოვნად ინფორმაციას იმ საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე, რომელსაც მთავრობა ატარებს. არა მხოლოდ ჩინეთთან  მიმარებაში არის ეს საკითხი პრობლემური, გავიხსენოთ თუნდაც აბაშიძე-კარასინის ფორმატი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ ფორმატით მიმდინარე როცესებთან  დაკავშირებით გავიგეთ კარასინისგან და არა საკუთარი ხელისუფლებისგან. პრობლემა იმაშია, რომ ამაზე არ გვესაუბრებიან, არადა, საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოების პოლიტიკა არის ისეთი საკითხი, რომელზეც უნდა არსებობდეს ფართო სამოქალაქო და პოლიტიკური კონსესუსი. შესაბამისად, ოპოზიციის ეს შიშები და შეშფოთება პირველ რიგში, გამოწვეულია, ალბათ,  ამ  ინფორმაციის ნაკლებობისგან.  ჩვენ თუ ვარ საპარლამენტო რესპუბლიკა, თუნდაც  ნახევრად საპარლამენტო, ეს საკითხები უნდა განიხილებოდეს საქართველოს პარლამენტში. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ვერც ერთ დემოკრატიულ  ქვეყანაში სტრატეგიულ პარტნიორობა ვერ შედგება  ოპოზიციის ფართო ჩართულობის გარეშე.

- რამდენად ნიშანდობლივად მიგაჩნიათ ის, რომ კომუნისტურ ჩინეთში მიემგზავრება პარლამენტის  დელეგაცია, რომლის არც ერთი წევრი ოპოზიციიდან არ არის?

- ზუსტად ამაშია პრობლემა. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვლაპარაკობთ, ეს ნიშნავს, ვსაუბრობთ სტრატეგიულ ინტერესებზე. სტრატეგიული ინტერესები არის ის, რაც ობიექტურად გააჩნია სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალა არის ხელისუფლებაში. მარტივად რომ ავხსნათ, რუსული საფრთხე არსებობს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც, არსებობდა, როცა გვყავდა „ნაციონალური მოძრაობა“ და იარსებებს  იმ პირობებშიც, თუ სხვა ძალა იქნება ხელისუფლებაში.

ამდენად, ჩინეთთან პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი, საინტერესო  და აქვს იმის  პოტენციალი, რომ იყოს სასარგებლო. პრობლემა არის ის რომ, ამ პარტნიორობაზე ინფორმაციას ჩვენ ვიგებთ ნაწყვეტ-ნაწყვეტ და არა სრულფასოვნდად. არავინ აბარებს საზოგადოებას ანგარიშს, არავინ გვეუბნება,  კონკრეტულად რაზე თანხმდებიან   სტრატეგოიულ პარტნიორებთან, რა ტიპის თანამშრომლობაზეა საუბარი და ძირითადად, თუ  რამეს ამბობს ხელისუფგლკევბა, ამბობს, ოპოზიციის არგუმენტების გასაქარწყლებლად, რაც არ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას და დაიყვანება ერთმანეთის კრიტიკაზე.

შეგახსენებთ, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში  პარლამენტის 7-კაციანი დელეგაცია ირაკლი კობახიძის თავმჯდომარობით ჩინეთში 20 იანვრამდე დარჩება. დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიციის წევრები არ  არიან.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ინტერვიუ ► Მეტის ნახვა