1993 წელიდან აქტიურად ხდებოდა ბავშვების გაყიდვა საქართველოს ფარგლებს გარეთ - თამუნა მუსერიძე

სულ ნახვები : 6,717
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში 80-იანი წლებიდან 2000 წლამდე, ჩვილი ბავშვების გაშვილება/გაყიდვა, აქტიურად მიმდინარეობდა, რაც დღესდღეობით უკვე საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს.

აღნიშნული, ხშირ შემთხვევაში შემზარავი ისტორიების ყველაზე დიდი ბაზა, არასამთავრობო ორგანიზაცია ვეძებ“-ის დამფუძნებელ თამუნა მუსერიძეს აქვს, რომელიც უკვე წლებია თავის გუნდთან ერთად ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც ახლობლებს ეძებენ.

ბოლო პერიოდში, რამდენიმე გახმაურებული საქმის სააშკარაოზე გამოტანის შემდგომ, ბავშვების გაშვილება/გაყიდვის საქმით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ.

CNews აღნიშნულთან დაკავშირებით ა/ო „ვეძებ“-ის დამფუძნებელს, თამუნა მუსერიძეს ესაუბრა და შეეცადა უფრო მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა.

თამუნა, რამდენადაც ცნობილია, საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ გაშვილების საქმეებით და რამდენიმე მათგანზე გამოძიებაც კი დაიყო, თუმცა ცნობილი გახდა, რომ საქმეებს აქვთ ხანდაზმულობა და გამოძიება ამის გამო შეჩერდა - რამდენი საქმე აღმოჩნდა ხანდაზმული?

კი, გიდასტურებთ ამ ინფორმაციას, ქეისები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობდა აღმოჩნდა ხანდაზმული თუმცა, იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ეს საქმეები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც აქ მათ ახლობლებზეა საუბარი, მინდა ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ, რადგანაც ჩვენ შევეცდებით, რომ ეს საქმეები გამოიძიონ.

გამოძიება დაწყებული იყო, 2000-იანების საქმეებზეც. ეს საქმეებიც ხანდაზმულია?

სწორედ ამ საქმეებზე, მათ შორის 2004 და 2005 წლის საქმეებზე, გამოძიებამ გვითხრა, რომ არსებობს ხანდაზმულობა. ამბობენ, რომ ტრეფიკინგის მუხლი საქართველოში 2005 წლამდე არ არსებობდა და შესაბამისად ვინაიდან ეს მუხლი არ არსებობდა, ვერ მოხდება რეაგირება მანამდე ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე.

დაახლოებით რამდენმა ადამიანმა შეძლო ერთმანეთის პოვნა - თუ გაქვს მიახლოებითი სტატისტიკა მაინც?

სამი წლის განმავლობაში, ჩვენ 700-ზე მეტი ოჯახი დავაკავშირეთ ერთმანეთს, მაგრამ აქ არ შედიან ის ადამიანები, რომლებიც გენეტიკურ ტესტს დამოუკიდებლად იკეთებს და ჩვენგან დამოუკიდებლად პოულობს თავის ახლობელს და აქ არ შედის ის ხალხი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ჯგუფში ჩაწერს, ვეძებ ამა და ამ ადამიანს და შემდგომ ის პიროვნება თავად უკავშირდება მას. ჯგუფი უკვე იმდენად დიდია, რომ ჩვენი ჩარევის გარეშედაც კი ახერხებენ ხოლმე ერთმანეთის პოვნას, ამიტომაც, ზუსტი მონაცემი არ მაქვს.

დნმ-ის ტესტი ახსენეთ და განვმარტავ მკითხველისთვის, რომ აღნიშნული ტესტის გამოწერა ხდება უცხოეთიდან და კვლევის მასალების გაგზავნა არის საჭირო ამერიკაში, რადგანაც საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია არის პრობლემური და ასევე არ არის დნმ-ის მსგავსი ბაზები, რომლებსაც ვხვდებით აშშ-ში. რამდენად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო მარტივად შეძლონ ადამიანებმა ერთმანეთის პოვნა დნმ-ის საშუალებით, საქართველოში შესაბამისი მონაცემთა ბაზის არსებობა?

საქართველოში უნდა გაკეთდეს გენეტიკური ლაბორატორია სადაც, მოხდება გენეტიკური ანალიზის ჩაბარება, სადაც იქნება ბაზა და რაც მთავარია ეს უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და რას ვგულისხმობ ხელმისაწვდომობაში, გენეტიკური ტესტის შეძენა ჯდება 300 ლარი, რომელიც ერთი შეხედვით თითქოსდა არაფერია, თუმცა უმეტესობისთვის, ეს თანხა არ არის ასე მარტივად ხელმისაწვდომი. ამიტომაც უნდა იყოს დნმ-ის ბაზა აუცილებლად საქართველოში და უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

თუ ხვდებით ამ საკითხებზე ისეთ პიერებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა რაიმე სახის საკანონმდებლო აქტის ინიცირება მოახდინონ მარტივად პარლამენტში, რაც ადამიანებს, ძებნის პროცესს უფრო გაუმარტივებს?

მე მქონდა შეხვედრა სახალხო დამცველთან და ამაზე პირველად ვსაუბრობ თქვენთან. საუბრისას ჩამოვთვალე ის პრობლემები, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღესდღეობით არსებობს საქართველოში. დამეთანხმა, რომ კი ეს პრობლემები ნამდვილად არის და იყო აქამდე თუმცა, ამ პრობლემების მოსაგვარებლად რა კეთდება, ეს არ ვიცით.

საქართველოში ბავშვების გაშვილების საქმე BBC-ის ობიექტივშიც მოხვდა, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა - მაინტერესებს ტყუპი დების ქეისის გარდა, რომელი საქმეა ასევე რეზონანსული?

ჩემი აზრით ამერიკაში, უკანონოდ გაყიდული ბიჭი, რომ ვიპოვეთ ის არის ყველაზე რეზონანსული, როდესაც ბიოლოგიური დედას უთხრეს თბილისის მე-2 სამშობიაროში, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, თუმცა ბავშვი რეალურად გაყიდეს და ეს მეორე ალბათ, პანატიოტისის საქმე, ვგულისხმობ საქართველოდან კვიპროსზე, ასევე არალეგალურად გაყიდულ ბავშვს.

ანუ საქართველოდან გარდა იმისა, რომ უკანონო გაშვილება/გაყიდვა ხდებოდა ქვეყნის შიგნით, ასევე აქტიურად ყიდდნენ ბავშვებს ქვეყნის გარეთაც?

1993 წელიდან აქტიურად ხდებოდა ბავშვების გაყიდვა საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამწუხაროდ.

 გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა