საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა - კობახიძე

სულ ნახვები : 164
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მუსლიმ თემს რამადანის ერთთვიანი მარხვის დასრულება მიულოცა და ბედნიერება, კეთილდღეობა, წარმატებები უსურვა.

„მუსლიმ თემს, ჩვენს განუყოფელ ნაწილს, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენს ძმობას ძალიან დიდი ისტორია უმაგრებს ზურგს. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრების, ძმობის ეს ტრადიცია და ამას საქმითაც ვამტკიცებთ. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დღემდე გადასცა 237 მეჩეთი, გადასაცემად გამზადებულია კიდევ 20. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დაფინანსება გაუზარდა 4 150 000 ლარამდე და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა. დღესაც, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებისას, საზოგადოების ყველა ჯგუფს, ყველა რელიგიურ თემს, თითოეულ ინდივიდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის სრულფასოვანი მონაწილეა და ამისთვის ჩვენ, სახელმწიფო, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა