არასრულწლოვნების დევნა და შანტაჟი ბაღდათში რუსული კანონის გამო - რაში ადანაშაულებენ ბაღდათის მერს?
...
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც საუბარი იყო ბაღდათის მერის, კახა ენუქიძის მიერ იმ ახალგაზრდების დაშინებაზე, რომლებიც ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბაღდათის მერი კახა ენუქიძე, არასრულწლოვნებს, რომელთა ახლობლებიც საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულები ენუქიძე მუქარის საფუძველზე აიძულებდა აეღოთ სოციალური ქსელიდან პოსტები, რომლითაც ხდებოდა რუსული კანონის და ხელისუფლების გაკრიტიკება.
CNews დაინტერესდა აღნიშნულით და შეეცადა დაკავშირებოდა იმ პირებს, რომლებმაც ბაღდათის მერის მუქარა საკუთარ თავზე გამოცადეს.
საუბრის დაწყებისას მათ გვთხოვეს, რომ ვინაობა არ გაგვესაჯაროებინა, რადგანაც არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ მხარდაჭერა ექნებათ და ამის გამო, მათ ოჯახში პრობლემები არ შეექმნებათ.
„ჩემი ახლობელი მუშაობს ბაღდათის მერიაში, მე ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვარ ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში და ყველაფერს ვეწინააღმდეგები რასაც კი ხელისუფლება არასწორს გააკეთებს, მოკლედ რომ ვითქვა მათი მოწინააღმდეგე ვარ და ამ რუსულ კანონზეც ძალიან ხშირად ვაქვეყნებდი პოსტებს სოციალურ ქსელში, ასევე ვაკომენტარებდი და ვალაიქებდი, თუ კი რაიმეს ვნახულობდი ამ კანონის საწინააღმდეგოს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ დარჩა შეუმჩნეველი და კახა ენუქიძემ, ჩემი ახლობელი დაიბარა თავისთან კაბინეტში, აჩვენა ჩემი აქტივობა სოციალურ ქსელში და სიტყვა-სიტყვით უთხრა, რომ გონს მოეგოს თორემ, შენც და მისი მშობლებიც დატოვებთ სამსახურს და თუ არ დატოვებთ, იძულებულს გაგხდით, რომ მაინც წახვიდეთ და ჭკუით იყოს და ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად მსგავს თემებზე არაფერი დაწეროსო. მე არც ვაპირებდი და არც ვაპირებ ამ სიტყვების გაზიარებას, უბრალოდ საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ჩემი ოჯახი მხარს არ მიჭერს, არიან მის მხარეს, იმიზეზებენ, რომ სამსახურს დავტოვებთ და შენს უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნებაო. მოუხდათ იმის მტკიცება, რომ ისინი არასოდეს ყოფილან ოპოზიციის წარმომადგენლები და ახლაც არ გააკეთებდნენ რაიმე მსგავს, რომ წასულიყვნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სულ რომ არაკანონიერი გზით გააკეთონ ყველაფერი. ამის შემდგომ მე დავუკავშირდი ნინა ტაბატაძეს და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მივწერე ინფორმაცია“, - განუცხადა მან CNews-ს.
რესპონდენტი ასევე გვიყვება, რომ ახალგაზრდებზე არა მხოლოდ ბაღდათის მერი, კახა ენუქიძე არამედ, ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გურამ კიკნაველიძეც ახდენს ზეწოლას.
„გარდა ამისა, მერიაში არის ერთ-ერთი საჯარო მოხელე, გურიკა კიკნაველიძე, ის ქმნიდა ბავშვებთან ჩატებს ამა თუ იმ თემაზე და ეუბნებოდა, რომ თუ ასე და ასე არ მოიქცევით, თქვენი მშობლები დატოვებენ სამსახურს, შერბილებულად უფრო „მეგობრულად“, მანიპულაციების გზით. ერთადერთი რასაც გთხოვთ ის არის, რომ დარჩეს ჩემი ვინაობა ანონიმურად, ოღონდ არა იმიტომ, რომ მე მეშინია, არა, არ მინდა ჩემმა ოჯახმა გაიგოს, რადგანაც მათგან დამოუკიდებლად ვაკეთებ ამ ყველაფერს.
CNews-ს რესპონდენტი ასევე უყვება იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად, საქმეში ჩართულია პოლიციაც და ისინი ცდილობენ მათ დაშინებას.
_ პოლიცია გვაკვირდებოდა ხშირად, თან საკმაოდ შესამჩნევად. აი მაგალითად ქუჩაში თუ რამდენიმე ბავშვი ვიდექით ერთად, თითქმის სულ ჩვენს ირგვლივ ტრიალებდნენ.
ერთი კახელი ჰყავთ, ის იყო ჩვენთან მოსული. ასე პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ გაფრთხილებასავით მოგვცა.
_ რა გითხრათ?
_ ფრთხილად იყავით და ზედმეტი არაფერი გააკეთოთ თქვენ შეგექმნებათ პრობლემაო. მოკლედ, ბოლომდე გვაკონტროლებენ, ვისაც ვერ აკონტროლებენ კიდე მათ ოჯახზეა ძალიან დიდი ზეწოლა. თან ბაღდათში ისეა რომ ძირითადად მოსახლეობა მერის მხარესაა და მოკლედ ბევრი ბავშვი ვიცი ოჯახისგან საერთოდ რომ ვერ გრძნობენ მხარდაჭერას.
გიგა გელხვიიძე, Cnews