რა ხდება აფხაზეთში თბილისში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე?

სულ ნახვები : 1,396
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე პროცესების პარალელურად აფხაზეთშიც,  ფაქტობრივად ანალოგიური ანტი დასავლური განწყობებია.

ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა აფხაზეთში იმის შიში არსებობს, რომ თუ საქართველო გადაუხვევს დასავლური კურსიდან, აფხაზეთს რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებები გაიყოფენ.

„კამპანია „ქართველები გონს მოეგნენ“  რუსეთის პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ დღის წესრიგში იმის პირდაპირ პროპორციულად იზრდება, რამდენადაც საქართველოს მმართველი ელიტა სულ უფრო უკომპრომისო ხდება პროდასავლური და დემოკრატიული პროტესტის მიმართ. ანალოგიური შინაარსის საინფორმაციო პოლიტიკა ტარდება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მართულ მედიაშიც. თუმცა, აფხაზური საზოგადოება ამ მესიჯებს სრულად არ იზიარებს; უფრო მეტიც, აფხაზები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავისი განვითარების დასავლურ კურსზე იტყვის უარს, აფხაზეთი შესაძლოა საქართველოს და ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლებებმა გაიყონ. 

პარალელურად, გალის რეგიონში რუსული პროპაგანდა აქტიურობს. რუსული რბილი ძალა რუსეთ-საქართველოს ტრადიციულ და ურყევ მეგობრობაზე აგებულ ნარატივს სიმბოლურ, თუმცა საზოგადოებისთვის შესამჩნევ კამპანიურ ნაბიჯებს უთავსებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, გალის რეგიონში მოქმედ ჰუმანიტარულ კოლეჯს, რომელიც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს, კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია და აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრი ინალ გაბლია სტუმრობდნენ. სტუმრებმა ადგილობრივ აუდიტორიას ამცნეს, რომ კოლეჯის წლევანდელ კურსდამთავრებულებს, სურვილის შემთხვევაში, არმავირის უნივერსიტეტში უფასოდ და უკონკურსოდ შეუძლიათ სწავლის გაგრძელება რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის დასაუფლებლად, რისთვისაც უნივერსიტეტი მათ საცხოვრებლით და სტიპენდიით უზრუნველყოფს. რუსული „გულუხვი“ შეთავაზების მიუხედავად, ადგილობრივები ამ წინადადებას ენთუზიაზმით არ შეხვედრიან - შემოთავაზებით შესაძლოა მხოლოდ სამმა ადგილობრივმა ისარგებლოს.

გარდა ამისა, ამა წლის 24 მაისს გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია და დელეგაცია სტუმრობდნენ რუსეთის ფედერაციის ქალაქ იაროსლავლს, სადაც ადგილობრივ მერთან არტიომ მოლჩანოვთან შეხვედრის შემდეგ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტი გალის რეგიონში რუსული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. იაროსლავლშივე, გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ მსგავსი მემორანდუმი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციასთანაც გააფორმა.

მსგავსი ხელშეკრულებები შიშს იწვევენ როგორც აფხაზებს, ისე ქართველებს შორის. ოკუპირებული აფხაზეთის ორივე ეთნიკური ჯგუფი შიშობს, რომ ასეთი შეთანხმებების შედეგად შემოსულ რუსულ ფულს რუსი მოსახლეობაც შემოჰყვება. უკვე არის პრეცედენტები, როდესაც ოჩამჩირესა და ტყვარჩელში რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან ჩამოსული ეთნიკური რუსები სოლიდურ თანხად ყიდულობენ სახლებსა და ციტრუსის მეურნეობებს. ადგილობრივების აზრით, რუსეთი მიზანმიმართულად და მეთოდურად ცდილობს აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის შეცვლას, აძლევს რა დაფინანსებას რუსულ ოჯახებს, რომ თუნდაც არაკეთილგანწყობილ აფხაზურ გარემოში, 1990-იან წლებში ეთნიკური ქართველების გამოდევნის შედეგად დაცლილ აფხაზეთის მიწებზე დასახლდნენ.

ზაფხულის დადგომასთან ერთად, რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცები გალის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და პარკებში ადგილობრივ ქართველებს ნაყინსა და გამაგრილებელ სასმელებს ურიგებენ. ოკუპანტი სახელმწიფოს რბილი ძალის საინფორმაციო კამპანიის ეს პრიმიტიული ფორმა მიმართულია იმაზე, რომ აფხაზების მიმართ უნდობლად განწყობილ ქართველებს თავი მეგობრად და მზრუნველ ძალად დაანახონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
კონფლიქტები ► Მეტის ნახვა