„5-6 ივლისის პროცესებში გარეშე ძალები მონაწილეობდნენ“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე

სულ ნახვები : 796
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ავღანეთიდან აშშ-სა და მისი მოკავშირეების ჯარების გასვლის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში და რა კავშირშია ყველაფერი ეს საქართველოსთან? -  CNews-ს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ევროპელი დემოკრატებისპოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე ესაუბრა.

- ავღანეთი ძალიან რთული ქვეყანაა და ძალიან კარგად ვიცით, მთელი ამ ნახევარი საუკუნის განმავლოვბაში და მანამდეც, ანუ როცა საბჭოთა კავშირმა, ამ ქვეყნის აგრესია და ოკუპაცია მოახდინა, გარეშე ძალები, რომლებიც ცდილობდნენ აქ კონტროლის აღებას, იცვლებოდნენ, თუნდაც აშშ-ს და კოალიციის სახით.  ძალიან რთული ქვეყანაა და მასზე კონტროლის აღება ძნელი თუ არა, შეუძლებელია. ამაში თავის დროზე დარწმუნდა საბჭოთა კავშირი და ახლა - აშშ - ბედის ირონიით  მთავარ პრობლემად ექცა სწორედ ის ძალა, რომელიც თვითონ გამოზარდა პაკისტანში თალიბების სახით. როდესაც მიმდინარეობდა ომი, მოჯაჰედების შვილები თავს აფარებდნენ პაკისტანს და იქ ხდებოდა მათი გამოზრდა, როგორც ამ ქვეყნის მომავალი დამცველების და შედეგად, ის საშინელი ძალა მივიღეთ, რომელიც თალიბების სახით არსებობს.

ბუნებრივია, თალიბების გაძლიერება მოხდება მას შემდეგ,  რაც აშშ-ის ჯარმა დატოვა ავღანეთი.  ერთგვარი ესტაფეტა ქვეყანაში, რეგულირების კუთხით, გადაიბარა თურქეთმა, რადგან მას მუსლიმანურ სამყაროში უფრო მეტი კავშირები და სხვანაირი გავლენა აქვს, თუმცა რამდენად გაართმევს ამ ამოცანას თავს,  ეს უკვე სხვა საკითხია, რადგან ავღანეთი, როგორც ვთქვი, რთული ქვეყანაა და უნდა ვივარაუდოთ, რომ სირთულეები ახლაც იქნება.

- რამდენად აისახება ეს რეგიონზე, თუნდაც საქართველოზე?

- ბუნებრივია,  ეს რეგიონი ჩვენთან ახლოსაა, თან იმდენად რთული და ჩახლართული რეგიონია, რომ კონკრეტულად რა ფორმებს მიიღებს ეს განვითარებები, არ არის იოლი სათქმელი. მით უფრო, მისი მეზობელი რეგიონებზე გავლენის თვალსაზრისით. ფაქტი ერთია: რეგიონში  მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები სახიფათო და არასასიამოვნოა, ეს კარნახობს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც,  რომ უფრო მეტად და სერიოზულად იზრუნოს უსაფრთხოებაზე, რაც ნიშნავს სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების განმტკიცებას და უსაფრთოების სისტემის უფრო მყარ და სერიოზულ საფუძველზე აგებას. ეს არის ჩვენთვის მთავარი,  რა დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ. დანარჩენი უკვე სიტუაციის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ.

- ხომ არ შედის ვინმეს სცენარში დაძაბულობის  ახალი კერის შექმნა თუნდაც  კავკასიაში?

-ავღანეთში კონტროლის მორღვევა, პირველ რიგში,  დაემუქრება ცენტრალური აზიის ქვეყნებს, შემდეგ, აქედან გამომდინარე, - რუსეთს. ბუნებრივია,  რუსეთი შეეცდება,  რომ ამ საფრთხის ნეიტრალიზება მოახდინოს. ამ თვალსაზრისით, არ უნდა გამოვრიცხოთ რუსეთის მცდელობა, უკვე თავისი კონტროლის გამყარების კუთხით მეზობელ რეგიონებში, მათ შორის, კავკასიაში. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში, კარგად ვიცით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

-საუბარია,  რომ რუსეთს არ სცალია საქართველოსთვის და ახლა უკრაინითა და სხვა საკითხებითაა დაკავებული, იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- რუსეთს ყოველთვის სცალია საქართველოში არეულობის მოსაწყობად. მისი ამოცანა აქ ქაოსის შექმნა და  სიტუაციის  ასე მართვაა. გულუბრყვილობა იქნება, ვივარაუდოთ, რომ 5-6 ივლისის თბილისში განვითარებული მოვლენებში რუსეთი არაფერ შუაშია. არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ამ პროცესების გულწრფელ მონაწილეებს, ან ერთ, ან მეორე მხარეს, რომ ისინი მტრის დავალებას ასრულებენ,  მაგრამ  ისინი ბრმა იარაღის როლში გამოიყენეს. სინამდვილეში,  ორივე მხარე ხშირად ინსპირირებული და მართულია ერთი ცენტრიდან,  რომელიც რუსეთში მდებარეობს. შესაბამისად,  ამ ქაოსის დანერგვით და შემდეგ, შესაბამისი ქმედებებით ხდება ამ გავლენების რეალიზება.

- როგორ მუშაობს ეს მექანიზმი?

- ქვეყანაში ობიექტურად არსებობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფი, რომელსაც თავისი ხედვა და ინტერესი აქვს და აქედან გამომდინარე, ბუნებრივი პროცესებიც მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესებში ერევა  გარეშე ძალა, ახდენს მათ აფეთქებას, მართვას, ინსპირირებას თავისი მიზნებიდან გამომდინარე. ამიტომ,  როდესაც ამდაგვარი, ფართომასშტაბიანი  მოვლენა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვის უნდა ვიცოდეთ,  რომ მასში გარეშე ძალებიც მონაწილეობენ. ამ პროცესებში, დარწმუნებული ვარ, გარეშე ძალები მონაწილეობდნენ, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მართვის კუთხით.

- ფიქრობთ, რომ ორივე მხარეს მოსკოვთან აქვს ბმა?

- რა თქმა უნდა, მანდ ორი აზრი არ არსებობს. ორი მხარეს მოსკოვთან აქვს ბმა. არ მინდა,  ყველას ბრალი დავდო, გულწრფელად მჯერა, რომ ამ პროცესებში გულწრფელი და პატიოსანი ადამიანები მონაწილეობდნენ, მაგრამ მართვა და მიმართულების მიცემა ამ პროცესების ხდება გარედან. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ჩვენ შედეგებიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ, შედეგი მივიღეთ სრულიად სავალალო - დღეს საქართველო გაცილებით უფრო დაზიანებული და სუსტია, ვიდრე თუნდაც რამდენიმე დღის წინ იყო. საკითხავია, ვის აწყობს ეს შედეგი? - ამაზე პასუხს როცა გავცემთ, მერე დასკვნაც გამოვიტანოთ -ვინ მართავდა ამ პროცესს.

ირინა მაკარიძე, CNews 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა